რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი იცის და რომ: „ასეთ რამეს ყოველთვის ნათესავებთან ერთად წყვეტენ“.
სერგეი კოვალჩენკო, ტელეგრამარხის „სალაღობო კონსპირაციის“ ავტორი, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში ამბობს, რომ კრემლი შეეცდება, პრიგოჟინის დაკრძალვას მხოლოდ ვიწრო წრე დაესწროს.
„მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაკრძალვა მისთვის რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს... რომ ეს დაკრძალვა რამე უფრო დიდში არ გადაიზარდოს. მთავრობა შიშობს, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო პანაშვიდები რომ ჩაატარონ, დიდ საკონცერტო დარბაზში ან სტადიონზე, ეს რაღაც გაუთვალისწინებელში გადაიზრდება, არეულობაში. ასეთ გამოთხოვებაზე ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდოდნენ.
ცხედრები ახლობლებს უკვე გადასცეს, ამოიცნეს, მაგრამ ჯერ არავინ იცის, ეს ყველაფერი როგორ მოხდება. დუმის დეპუტატმა მილონოვმა თქვა, მოდით, ბახმუტში დავასაფლავოთო. დეპუტატ სერგეი მარკოვის შეთავაზება სოლედარია. ბახმუტში დაკრძალვა ნიშნავს, რომ ცხედარს მიიტანენ და უბრალოდ მიწაში ჩაფლავენ. არავითარი გამოთხოვება იქ არ იქნება, ფრონტის ზონაა.
თუმცა, ნათესავების აზრიც გასათვალისწინებელია. ამიტომ ვფიქრობ, პეტერბურგელებს პეტერბურგში დამარხავენ, მაგრამ ჩუმად და მოკრძალებულად. ვეჭვობ, იქ ვინმე დაუშვან. ოჯახი გამოეთხოვება და მორჩა. მაგრამ, დიდი ალბათობით, შემდეგ პრიგოჟინის საფლავი თაყვანისცემის ადგილი გახდება, თუ, რა თქმა უნდა, გააცხადეს სად დაკრძალავენ. ეს წყევლაა მთავრობისთვის. ყვავილებს, რომლებიც ახლა „ვაგნერ ცენტრთან“ მიაქვთ, ამ საფლავთან მიიტანენ, თან ქვეყნის ყველა მხრიდან. უკვე ვხედავთ, როგორ ტრანსფორმირდება ეს ყველაფერი რაღაც ველურ, აღმოსავლურ კულტში. ინტერნეტში ხატები გამოჩნდა პრიგოჟინის გამოსახულებით. მერე მიწას წამოიღებენ მისი საფლავიდან და იმასაც იტყვიან, რომ სასწაულებს ახდენს.
მან საკუთარ თავზე მითი შექმნა. სახალხო აქტივობები გამოსდიოდა, ამიტომ „მომკვდარა მაქსიმი, მაგრამ მე რას ვჩივი“, - ეს ხელისუფლებას უკვე აღარ გამოუვა.
- ჟურნალისტი ანდრეი ზახაროვი წერს, რომ ამბოხების შემდეგ პრიგოჟინი ორჯერ შეხვდა პუტინს. ერთი შეხვედრის შესახებ ვიცით, ამის შესახებ „კომერსანტი“ წერდა და პესკოვმაც ილაპარაკა. რაში სჭირდებოდა პუტინს პრიგოჟინთან შეხვედრები?
- მგონია, რომ პირველი საჯარო შეხვედრა, რომლის შესახებაც ვიცით, „ვაგნერელების“ გადაბირების პოლიტიკა იყო. მეორე შეხვედრაზე კი მთავარი ეს იქნებოდა: „აფრიკაში, სირიაში წადით, უკრაინას კი ნუ გაეკარებით“. ხალხს, რომელმაც რუსეთში შეიარაღებული ამბოხება სცადა, მეორედ იარაღს არავინ მისცემდა. „ბიჭებო, სადაც გინდათ იქ გაერთეთ, ოღონდ არა რუსეთში“.
ამასთან, ამოცანა იყო, კერძო შეიარაღებული დაჯგუფება ნაწილებად დაეშალათ. ეს გააკეთეს კიდეც ორ თვეში. პრიგოჟინს იარაღი მთლიანად წაართვეს. მერე ბელარუსში გაირკვა, რომ მათ ფინანსური პრობლემები აქვთ და ხალხის დიდი ნაწილი შვებულებაში უნდა გაუშვან. შემდეგ გაირკვა, რომ პრიგოჟინის კერძო დაჯგუფება საერთოდ არ არსებობს. ბოლოს ის თავისი მეთაურებისა და ხალხის მცირე ნაწილის ამარა დარჩა, მძიმე შეიარაღების გარეშედა ლოგიკურ დასასრულსაც მიუახლოვდა.
- გამოდის, არც კერძო აქტივები არსებობდა და არც კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“. ის იარაღიც, რასაც „ვაგნერი“ აფრიკაში იყენებდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იყო მიბმული. ასე არ არის?
- და ვისთვის იყო ეს საიდუმლო? „ვაგნერი“ შეიქმნა და ბრძოლებში მონაწილეობდა იმიტომ, რომ კანონის გამო ყველაფერს თავდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებდა. ამიტომ „ვაგნერი“ შექმნეს და იარაღსაც სახელმწიფო აძლევდა. გგონიათ, ის სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც პრიგოჟინი ზამთარში დაფრინავდა, კერძო იყო? ან ტანკები? რუსეთში კერძო იარაღი არ არსებობს. რუსეთში კერძო მხოლოდ სანადირო თოფი თუ იქნება.
- „ვაგნერის“ სტრუქტურები აღარ იქნება? თუ კრემლი მას სხვა მეთაურს უპოვის?
- „ვაგნერიც“ [დმიტრი უტკინი] დაიღუპა. „ვაგნერის“ დაღუპვის შემდეგ რა „ვაგნერი“ უნდა იყოს?!
- რუსული პროპაგანდა პრიგოჟინს დაივიწყებს?
- უკვე დაივიწყა... ვფიქრობ, პროპაგანდას „ეტყვიან“, პროგოჟინი ხალხის მეხსიერებიდან რაც შეიძლება მალე ამოშალონ. კრემლი მიიჩნევს, რომ რასაც ტელევიზიით არ აჩვენებენ, არც არსებობს. მგონია, ამ მიზეზით არ ეხებიან იმ სტიქიურ მემორიალებსაც, რომლებიც რუსეთის ქალაქებში სოკოებივით ამოიზარდნენ.
- საზოგადოება კიდევ უფრო რომ არ გააღიზიანონ?
- დიახ. პიარის თვალსაზრისით ასეც უნდა იყოს. დაე, გადაუაროთ სიშმაგემ, მიიტანონ ყვავილები, მერე კი გავა დღე, კიდევ ერთი დღე, კვირა, თვე, ყვავილები დაჭკნება. და შემდეგ ამ ადგილას რომ გაივლიან, არც ეხსომებათ პრიგოჟინი ვინ იყო. კრემლს პიარი კარგად გამოსდის.