ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი ალექსანდრე ქეშელაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს - იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
„პუბლიკის“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქეშელაშვილი ამჟამად კლინიკაში გადაჰყავთ.
„როგორც ჟურნალისტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში“, - წერს გამოცემა.
"პუბლიკის" ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტს კამერები წაართვა.
მათივე თანახმად, იგი უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე.
29 ნოემბერს, ნაშუაღამევს, - როდესაც ჰაერის ტემპერატურა 5°C იყო, - პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა.
დაშავდა არაერთი ჟურნალისტი.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტები და მათ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება ჭიჭინაძის ქუჩაზე.
სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
არიან დაშავებულები.
აქციის მონაწილეებმა ააგეს ბარიკადები, რომლებიც პოლიციამ დაშალა.
პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე.
ასევე არიან დაკავებულებიც - ჯერჯერობით დაკავებულ მოქალაქეთა რაოდენობა უცნობია.
ფორუმი