Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის დაშლისას ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ, ხელს უშლიან მუშაობაში


ჟურნალისტები დაშავდნენ
ჟურნალისტები დაშავდნენ

29 ნოემბერს, ნაშუაღამევს, პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა - სპეცრაზმის წევრმა სახეში დაარტყა ხელი.

პოლიციელთა ნაწილი აგრესიულადაა განწყობილი ჟურნალისტების მიმართ.

რეპორტიორების ნაწილს წიწაკის სპრეი შეასხეს.

რადიო თავისუფლების კიდევ ჟურნალისტს ერთ-ერთმა პოლიციელმა განუცხადა: „თქვენ აფუჭებთ საქმეს“.

მოგვიანებით, 02:50 საათისთვის პოლიციამ ჟურნალისტები გაარიდა მოვლენების ეპიცენტრს.

დაშავებულთა შორის არიან:

  • მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი - მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა.
  • ტვ პირველის ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის ცნობით, მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა.
  • „ფორმულის“ ცნობით, ტვ პირველის ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • კიდევ ერთი ოპერატორი, ტვ პირველის თანამშრომელი გიორგი შეწირული დაშავდა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გაშვებისას.
  • „ნეტგაზეთის“ ცნობით, დაშავდა მათი ჟურნალისტი, გივი ავალიანი - მას წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელებმა.
  • „მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციამ „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა - პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები და მათ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა“, - აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.

იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავებს:

  • „იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონდებლობის შესაბამისად.
  • ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
  • არ შესრულონ უკანონო დავალებები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG