რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ე.წ. განკაგულებით, 14 მარტის 20 საათიდან დაიკეტება „აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“.
მიზეზად დასახელებულია საქართველოში კორონავირუსით COVID-19 დაავადებულთა რიცხვის გაზრდა. ბგანბას „განკარგულებით“ აფხაზეთიდან გასვლის და აფხაზეთში შესვლის აკრძალვა არ ეხებათ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობისთვის ე.წ. საზღვარი უკვე ორ კვირაზე მეტია დაკეტილია. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ე.წ. განკარგულება გამოსცა 26 თებერვალსაც, როცა საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა ახალი სახეობის კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ბგანბას ამ „განკარგულებაში“ ნათქვამი იყო, რომ „2020 წლის 7 აპრილამდე იზღუდება აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნების და მოქალაქეობის არქმონე პირების შესვლა, გარდა იმ სახელმწიფოების მოქალაქეებისა, რომლებთანაც აფხაზეთის რესპუბლიკას საერთაშორისო შეთანხმებებით აქვს დადგენილი უვიზო რეჟიმი“.
თებერვლის ბოლოდან უჩვეულოდ ცარიელია აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი, რომლის გავლით ყოველდღიურად, ორივე მიმართულებით რამდენიმე ასეული მოქალაქე მგზავრობდა. ბოლო ორი კვირაა ე.წ. საზღვარზე უშვებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და სხვადასხვა დაავადების მქონე პირებს, რომლებსაც შესაბამისი ცნობა უნდა ჰქონდეთ. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში ჩასვლა თითქმის ყოველდღე უწევთ ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისის მისაღებად. მათ შორის არიან დიალიზის, C ჰეპატიტის და მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული მოქალაქეები.
საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები ოკუპირებულ რეგიონში, ძირითადად, გალის რაიონში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის „აფხაზურ სასაზღვრო საგუშაგოზე“ ნაცნობების დახმარებით მედიკამენტების გაგზავნასაც ახერხებდნენ. გალელები შიშობენ, რომ 14 მარტიდან ამასაც ვეღარ შეძლებენ.
ენგურის ხიდთან ხალხის სიმცირე იყო 13 მარტსაც. ზუგდიდში მცხოვრებმა თამარ შურღაიამ სრული აკრძალვის შიშით, მედიკამენტების მარაგი გაუგზავნა ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ბიძას. „ეს არის დიაბეტის წამალი. ხიდთან, იქით ჩვენი ახლობელი ექიმი დგას, იმას მივაწვდი და ვბრუნდები უკან“, - გვითხრა თამარმა.
იმედი კვლავ გაუცრუვდა გალელ ნარგიზა აკობიას, რომელმაც ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდში ჩასვლა რამდენიმე დღის წინ მოახერხა და უკან აღარ უშვებენ: „მე იქაური მცხოვრები ვარ. საკმარისი ტანსაცმელიც კი არ წამომიღია აქეთ. სწარაფად წამოვედი, ბავშვი უნდა დამეწვინა საავადმყოფოში. მესამეჯერ ვარ მოსული და მომაბრუნეს უკან“.
გალის რაიონში დაბრუნება ვერც ნაცნობი ე.წ. მესაზღვრის დახმარებით მოახერხა ზალიკო ნაჭყებიამ: „უარი მითხრა, ვერ შევძლებო“.
გალელები ვარაუდობენ, რომ ე.წ. საზღვრის სრულად ჩაკეტვის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარში პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება. ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებთა ნაწილი, შეზღუდვების მიუხედავად, ნაცნობებისა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მაინც ახერხებდა დანარჩენ საქართველოში შეძენილი პროდუქტების სარეალიზაციოდ შეტანას. აკრძალვის შემდეგ გალის ბაზარში, სავარაუდოდ, მხოლოდ რუსული პროდუქცია გაიყიდება.