Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეწერებიან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები რეგიონებიდან თბილისში?


ნანა ღურწკაია და მისი შვილი, ანდრია
ნანა ღურწკაია და მისი შვილი, ანდრია

ანდრია მალე ექვსი წლის ხდება. ორწლინახევრის იყო, აუტისტური სპექტრის დიაგნოზი რომ დაუსვეს. ის თეთრიწყაროს რაიონიდანაა. თბილისში, ავლაბარში, მშობლებთან და უფროს დასთან ერთად, ქირით ცხოვრობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

ანდრიას განვითარებისთვის, ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი თერაპიის გავლა, რომელიც მასთან ოკუპაციური თერაპევტის, ლოგოპედის, ფსიქოლოგის ინტენსიურ მუშაობას გულისხმობს. თუმცა, რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, რომლებსაც აუტისტური სპექტრის დიაგნოზი აქვთ, თერაპიის გავლა ერთგვარ გამოწვევას ჰგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს „ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში“ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები გადიან თერაპიულ კურსს სპეციალურ ცენტრებში, ასეთი ცენტრები საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქშია და, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, რეგიონებში, სოფლად მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ეს მწირი მომსახურებაც არ არის ხელმისაწვდომი.

თბილისში ჩაწერა, როგორც გამოსავალი?

სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ანდრიას მშობლებმა, რომ ოჯახი თბილისში ჩაწერილიყო და შვილის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი მომსახურება თბილისის მერიის პროგრამის, „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ფარგლებშიც მიეღოთ, თუმცა, ეს ცდა ამ ეტაპზე, უშედეგო აღმოჩნდა.

ნანა ღურწკაია შვილთან, ანდრიასთან ერთად
ნანა ღურწკაია შვილთან, ანდრიასთან ერთად

ანდრია და მისი დედა ერთი თვის წინ, ახლობელმა ჩაწერა საკუთარ ბინაში. ბავშვის დედას, ნანა ღურწკაიას, მერიაში უთხრეს, რომ პროგრამით სარგებლობას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც დედაქალაქში ჩაწერიდან ორ წელზე მეტი გავა:

„თუნდაც ორი წლის მერეც რომ ჩაგვსვან პროგრამაში, უკვე ამაზეც თანახმა ვარ, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ, იქნებ ან გამონაკლისი დაუშვან, ან შეიცვალოს ეს მიდგომა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი მშობელია რეგიონიდან, რომლებიც ტოვებენ სახლ-კარს და შვილთან ერთად მიდიან ქალაქში საცხოვრებლად, რომ ბავშვმა თერაპია გაიაროს. ამ უფლების მიღებას ორი წელი არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან თერაპიის გარეშე დარჩენილი ყოველი დღე ამ ბავშვებზე უკიდურესად მძიმედ აისახება და მათთვის მართლა დამღუპველია“.

ანდრია, 5 წლის
ანდრია, 5 წლის

ანდრია დღეს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს „ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში“ მიღებული მომსახურებით სარგებლობს, რომელიც ნანა ღურწკაიას თქმით, ყოველ წელიწადს ხელახლა მოსაპოვებელი და უკიდურესად მწირია. მშობლებს უწევთ, რომ შვილი დამატებით სეანსებზე საკუთარი ფინანსებით ატარონ, რაც მათ ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დიდ ტვირთად აწვება:

ნანა ღურწკაია
ნანა ღურწკაია

„დეკემბერში უნდა მივიდე ჯანდაცვის სამინისტროში, კვლავ მივიტანო ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, რომ განგვიახლონ სერვისი. ყოველ წელიწადს ხელახლა ვავსებთ ამ განაცხადს. პროგრამის ფარგლებში, თვეში 16 საათის მომსახურება უნდა მივიღოთ. თითო მისვლაზე მხოლოდ 30-წუთიანი სეანსები უტარდებათ, რაც ფაქტობრივად, ზღვაში წვეთია. 2 წელია, რაც ამ პროგრამით ვსარგებლობთ, მაგრამ ჩემმა შვილმა მომავალში მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად რომ შეძლოს ცხოვრება, მას გაცილებით მეტი სჭირდება და ამიტომ ახლა, იძულებულები ვართ, რომ თერაპიის კერძო სეანსებზე მივიყვანოთ, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირია და არ ვიცით, ამ ყველაფერს როგორ გავწვდებით. მე ბავშვის გამო ვერ ვმუშაობ. მხოლოდ მეუღლე მუშაობს და რაღაცნაირად ვცდილობთ თანხის გადანაწილებას, რომ თან ქალაქში ცხოვრებაც შევძლოთ, ბინის ქირის გადახდაც და ბავშვის მკურნალობაც“.

„არათუ რეგიონებში, თბილისშიც ვერ იღებენ ბავშვები სრულფასოვან სერვისს“

აქტივისტი მარი კორკოტაძე, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს, წლებია, საკუთარი შვილისა და აუტისტური სპექტრის მქონე სხვა ბავშვების უფლებებისთვის იბრძვის. მისთვის კარგად არის ნაცნობი როგორც დედაქალაქში მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების, ისე სოფლად და რეგიონებში მცხოვრები ბავშვების პრობლემები.

„არათუ რეგიონებში, დედაქალაქშიც ვერ იღებენ ეს ბავშვები სრულფასოვან სერვისს“, - მეუბნება მარი, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ ანდრია თუნდაც ორი-სამი წლის შემდეგ მაინც ჩაერთვება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ თბილისის მერიის პროგრამაში:

„ამ ორი-სამი წლის შემდეგ მერია კი დააფინანსებს ბავშვს, მაგრამ, დიდი ალბათობით, აუტიზმის ცენტრები ეტყვიან ასეთ რამეს, იცით, ჩვენ არ გვაქვს ადგილი“.

მარი ამბობს, რომ ცენტრები, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები გადიან თერაპიას, უპირატესობას ანიჭებენ ბავშვებს, რომლებსაც არა მერია, არამედ მშობელი აფინანსებს, რადგან მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, თითო სეანსის ტარიფი გაცილებით მაღალი და ცენტრებისთვის უფრო ხელსაყრელია:

მარი კორკოტაძე
მარი კორკოტაძე

„იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი თავად იხდის ბავშვის თერაპიის ღირებულებას, ფასები იწყება 40 ლარიდან. ხოლო მერიის პროგრამით ერთი სეანსი ფინანსდება მხოლოდ 20 ლარით. შესაბამისად, სერვის-პროვაიდერს ურჩევნია, რომ ბავშვი მიიღოს მშობლის სახსრებით და არა მერიის პროგრამით. მერიის პროგრამით გათვალისწინებულია გარკვეული კვოტები, თუმცა, დანარჩენ ბავშვებზე სერვის-პროვაიდერს შეუძლია თქვას, რომ ადგილები არ აქვს. ანუ, რა გამოდის, რომ ეს ბავშვები ირიბად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. გეუბნებიან, რომ გვაქვს სერვისი, გვაქვს თანხა, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვების დიდი ნაწილი ამ სერვისს ვერ იღებს“.

მარი კორკოტაძის თქმით, იმ ინფლაციის ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია, თბილისის მერიის მიერ თითო თერაპიის 20 ლარით დაფინანსება აღარ შეესაბამება რეალობას: „ეს მომსახურების ხარისხზეც აისახება“, - ამბობს ის და ამატებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც მომსახურების ხარისხის მონიტორინგი:

„მონიტორინგი უნდა ამოწმებდეს ჩატარებული თერაპიების ხარისხს. მიშვებულია ყველაფერი. მერია თავს იწონებს, რომ აი, რამდენ ბავშვს ვაფინანსებთ, მაგრამ 450 ლარად დაფინანსებული 20 თერაპია, როდესაც ქვეყანაში ასეთი ინფლაცია გაქვს, ყოვლად დაუშვებელია. ვაუჩერის ღირებულება აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ერთი სეანსი 30 ლარით მაინც უნდა ფინანსდებოდეს, რომ ხარისხზე დავიწყოთ ლაპარაკი. ტარიფის გაზრდას მოჰყვება ისიც, რომ სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებშიც გაიზრდება პროგრამით მოსარგებლე ბავშვების რაოდენობა“.

„გვიჭირს კადრების შენარჩუნება, ამიტომ გვირჩევნია, უფრო მეტი ბავშვი გვყავდეს კერძო დაფინანსებით“

თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს, 2023 წლის მარტის მონაცემებით, 1850-მდე ბავშვი იყო ჩართული. გაზაფხულზე ამ რიცხვს კიდევ 300 ბავშვი დაემატა. მერიის განმარტებით, ბენეფიციარებს 9 ცენტრი ემსახურება და თითო ბენეფიციარი ყოველთვიურად 450 ლარით ფინანსდება. დაფინანსება 50 ლარით გაიზარდა მიმდინარე წლის მარტში.

რაც შეეხება ჯანდაცვის ადრეული განვითარების პროგრამას, მისი სამიზნე ჯგუფია 0-7 წლამდე სხვადასხვა განვითარების დარღვევების ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვები, რომლებსაც ესაჭიროებათ ადრეული ინტერვენცია და რეაბილიტაცია.

ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც თბილისის მერიის პროგრამაში ჩართულ ბავშვებს ემსახურება, ეს არის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „გამმა“. თუკი წინა წლებში ცენტრი პროგრამაში ჩართულ 100 ბავშვს ემსახურებოდა, ახლა ეს რაოდენობა უკვე 60-მდე დავიდა.

ცენტრის დირექტორი მაია გაბუნია რადიო თავისუფლებას უხსნის იმ მიზეზებს, რის გამოც ცენტრის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეზღუდა მერიის პროგრამაში ჩართული ბავშვების მომსახურება:

მაია გაბუნია
მაია გაბუნია

„რეალურად, მშობლის მიერ, ნაღდი ფულით დაფინანსებული ერთი სეანსი ორჯერ მეტია მერიის მიერ დაფინანსებულ ერთ სეანსზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცენტრის ინტერესია, რომ თანამშრომელს მისცეს მეტი ხელფასი, შეინარჩუნოს თანამშრომელი და აქედან გამომდინარე, ურჩევნია, ჩაატაროს მშობლის მიერ დაფინანსებული თერაპია, რომლის ღირებულებაც 40 ლარია. ურთულესი სამუშაო პირობების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის ფონზე, დიდია კადრების გადინება. ამიტომ გვჭირდება, რომ თანამშრომელს გადავუხადოთ ადეკვატური ხელფასი. სხვანაირად ძალიან გამიჭირდება ხარისხის შენარჩუნება“.

მაია გაბუნიას თქმით, ცოტა ხნის წინ, მერიამ შეიმუშავა ცენტრებთან თანამშრომლობისა და თანადაფინანსების ახალი სისტემაც:

„გააკეთა დაშვება, რომ თუკი მშობელი თანახმაა, მას შეუძლია მერიისგან მიღებული 450 ლარი, ნაცვლად 20 სეანსისა, გადაანაწილოს 11 საათზე, ანუ, ბავშვს ჩაუტარდეს 40-ლარიანი 11 თერაპია და დანარჩენი 9 თერაპია მშობელმა თავისი სახსრებით დააფინანსოს. შესაბამისად, ჩვენთვისაც უფრო მისაღებია მსგავსი სისტემა“.

აუტიზმი მსოფლიოს მასშტაბით, ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება. სტატისტიკის თანახმად, აუტიზმი მსოფლიოში 100-დან 1 ადამიანს აქვს და ყოველ 20 წუთში ის ერთ ადამიანს უდგინდება.

საქართველოში, 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის ადრეული, ადეკვატური და ინტენსიური ინტერვენცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების გამოჯანმრთელებაზე. ბავშვების 48%, რომლებმაც 18-დან 30 თვემდე ასაკში დაიწყეს ქცევის გამოყენებით ანალიზზე (ABA) დაფუძნებული ქცევითი თერაპია, პრაქტიკულად დაივიწყეს დიაგნოზი, ხოლო დანარჩენი 52%-ის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება დაავადების დროული აღმოჩენისა და ადრეული ჩარევის შემთხვევაში.

სპეციალისტების მტკიცებით, იმისათვის, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებმა მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენონ, აუცილებელია მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ ქცევითი თერაპიის კურსში, რომელიც კვირაში 40-საათიან მუშაობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG