9 წლის აუტისტი ბიჭი სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო იმის გამო, რომ მას არ შეუძლია მოჰყვეს, თავს რა გადახდა. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროკურატურასა და სასამართლოს ედავება.
2018 წელს პროკურატურას მიმართა ქალმა, რომელიც ყოფილ მეუღლეს მასა და ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს. დაიწყო გამოძიება. დედასა და ორ გოგონას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ მესამეს, ბიჭს, - არა. ბავშვს აუტიზმის სპექტრის სინდრომი აქვს და ვერ ლაპარაკობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს, რომ მოწმეები ჰყვებიან, როგორ ღიზიანდებოდა მამა შვილის დიაგნოზით გამოწვეულ ქცევებზე, სცემდა მას ქამრით და უკრძალავდა თერაპიულ კურსებში ჩართულიყო.
„პროკურატურამ მაინც თქვა, რომ რადგან ბავშვი ვერ მეტყველებს, თვითონ ვერ ადასტურებს, რომ განიცადა ტკივილი, - ის კი არა, მოხდა თუ არა ფაქტი, - რომ სცემეს ქამრით, ეტკინა თუ არა, ის უნდა დაადასტუროს ადამიანმა, რომელსაც მეტყველება არ შეუძლია. რადგანაც ეს ფაქტობრივად არ დასტურდება, პროკურატურამ მიიჩნია, რომ დანაშაული არ არის“, - ამბობს ანა აბაშიძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
საქართველოს პროკურატურამ რადიო თავისუფლებას ამ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადი წარმოუდგინა. პროკურატურის პოზიცია ასეთია:
„დაგეგმილია აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვნის ექიმის და სხვა პირების გამოკითხვა... გასათვალისწინებელია, რომ ხ.მ.-მ [დედამ] 2019 წლის 20 მაისის გამოკითხვამდე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე 7-ჯერ იყო გამოკითხული, არცერთხელ არ დაუფიქსირებია მამის მხრიდან შვილის მიმართ ძალადობის ფაქტი... მართალია, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული რიგი მოწმეები უთითებენ, რომ ი. ა.-ს მიმართ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას (სცემდა ქამრით), თუმცა სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი ინფორმაცია-მტკიცებულება (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ფსიქოლოგიური კვლევა-დასკვნა), რომ აღნიშნულმა ქმედებამ ი. ა.-ს ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, რაც აუცილებელი ელემენტია მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის“.
ეს გადაწყვეტილებაორგანიზაციამ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ამის შემდეგ გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც.
„ბავშვი ქამარს რომ დაინახავს, გარბის. დღემდე შიშები აქვს, მალავს ქამარს... გვქონდა იმედი, რომ სასამართლო მაინც გამოასწორებდა ამ ხარვეზს, მაგრამ არა“, - ამბობს ანა აბაშიძე.
ორგანიზაცია აუტიზმის მქონე ბავშვის დაცვას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით აგრძელებს.