სოფელ ატოცის მკვიდრი, იოსებ ზარნაძე ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ აშენებული ღობისგამო, იძულებული გახდა 35 მეტრით უკან დაეწია, რადგანაც მისი 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უშუალოდ საოკუპაციო ზოლს ებჯინება.
„ძველ ტრაქტორს ვახნევინებ სასიმინდედ, გაზაფხულისთვის მინდა. ბოძებთან ძალიან ახლოს გადის ჩემი ნაკვეთის ბოლო. ღობის აშენების შემდეგ, უკან დავწიე 35 მეტრით.აქამდე 1 ჰექტარზე ცოტა მეტი გამოდიოდა, ახლა ავზომე და 80 მეასედიღა დარჩა“, - უთხრა სოფელ ატოცის მკვიდრმა იოსებ ზარნაძემ გოგა აფციაურს, რადიო თავისუფლების კორესპონდენტს გორში.
ოსებ ზარნაძის ნაკვეთის დამუშავებას ღობის მეორე მხრიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადევნებენ თვალს, ზურგს უკან კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დგანან.
„2008 წლის მერე ასეთ დღეში ვართ... მაგრამ მაინც ვამუშავებთ შეძლებისდაგვარად, ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია! რომ დავტოვოთ და ნელა-ნელა რომ ვიაროთ, სოფლამდე რომ მოვიდნენ, მერე რა ვქნათ? იძულებული ვართ, დავამუშაოთ. შარშან და შარშანწინ ვერ დავამუშავე. საქონელი გადმოდიოდა და აფუჭებდა“. - ამბობს იოსებ ზარნაძე, რომლის თქმითაც, მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი 2014 წელს საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.
სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალებმა 19 ოქტომბერს განაახლეს ე.წ. საზღვრის მონტაჟის სამუშაოები, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, 2018 წლის 7 ნოემბრიდან იყო შეჩერებული.
სულ საოკუპაციო ძალებმა 140-ზე მეტ ძელზე 400 მეტრი სიგრძის ღობე დაამონტაჟეს.