Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2024: ასეთია პარტიების ბოლო კონფიგურაცია


საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

წლევანდელ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი მოქმედებს, ამის გამო, პარტიები ერთმანეთთან ალიანსებს ქმნიან, რათა პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი ჰქონდეთ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება.

სანამ საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად გამოაცხადებს გახსნილად, პოლიტიკურ პარტიებს შორის ბოლო კონფიგურაციები დგება.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რა გაერთიანებები დაგხვდებათ საარჩევნო ბიულეტენზე.

ნომერი 5 – „ერთიანობანაციონალური მოძრაობის გარშემო

საპარლამენტო არჩევნებზე ხუთი ნომრით „ერთიანობა“ გამოვა - ასე ერქმევა ახალ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის სტატუსს არ კარგავს, ჯერ კიდევ შარშან ჩამოაყალიბა საერთო პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული გიორგი ვაშაძის პარტიაა, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 3,15% და ოთხი საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

პლატფორმა "ერთიანობის" პრეზენტაცია
პლატფორმა "ერთიანობის" პრეზენტაცია

ივლისში ამ ორი პარტიის ბაზაზე დაფუძნდა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელსაც რამდენიმე უპარტიო პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე შეუერთდა, მათ შორის:

  • არმაზ ახვლედიანი, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი 2013-2016 წლებში, 2020 წელს პარლამენტის წევრი გახდა „ევროპული საქართველოს“ სიიდან
  • თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი 2013-2016 წლებში; 2020 წელს პარლამენტში მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიით
  • ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და დიპლომატი გია ჯაფარიძე

17 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ „ერთიანობას“ შეუერთდა „ევროპული საქართველო“, რომელიც 2017 წელს სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო.

ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე „ევროპული საქართველო“ დატოვეს ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა და ახალი პარტია, „ფედერალისტები“ დააარსეს.

„ევროპულ საქართველოს“ ახლა გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე ხელმძღვანელობენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკოსები ძველ პარტიას დაუბრუნდნენ - 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთში „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყარა კენჭი თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, ზურაბ ჭიაბერაშვილი კი 2020 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა „ევროპული საქართველო“ და 2023 წელს დაბრუნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო სიის ჩამოყალიბებას ემხრობოდნენ, თუმცა ამ იდეაზე სხვა ოპოზიციონერებმა უარი თქვეს.

ნომერი 4 – „კოალიცია ცვლილებისთვის

ამ ალიანსში თავს იყრიან ტელეკომპანია „მთავარის“ ყოფილი დირექტორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნის, ნიკა გვარამიასა და ამავე პარტიის ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას პარტია „ახალი“, ასევე ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ელენე ხოშტარიას „დროა“ და "რესპუბლიკელები".

"კოალიცია ცვლილებისთვის"
"კოალიცია ცვლილებისთვის"

ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2023 წლის ბოლოს, შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე დატოვა ლიდერის არჩევნების შემდეგ. 2024 წლის მარტში მან ახალი პარტია დააფუძნა ნიკა გვარამიასთან ერთად, რომელიც 2023 წლის ზაფხულში სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ.

საკუთარი პარტია, „გირჩი“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი განხეთქილების შემდეგ დატოვა ზურაბ ჯაფარიძემაც და ახალი პარტია, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააფუძნა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჯაფარიძის ახალმა პარტიამ თბილისში ხმების 3,3% მიიღო, ეროვნული მასშტაბით კი - 1,4% (თბილისის გარდა სულ ექვს მუნიციპალიტეტში იყარეს კენჭი).

„დროა“ 2021 წლის მარტში „ევროპული საქართველოდან“ წამოსულმა ელენე ხოშტარიამ დააფუძნა. თვითმმართველობის არჩევნებზე „დროამ“ მხოლოდ თბილისში, ფოთსა და ბათუმში იყარა კენჭი, სადაც, შესაბამისად, ხმების 2,1%, 0,9% და 0,5% მიიღო.

18 აგვისტოს „ახლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ერთობას შეუერთდა „რესპუბლიკური პარტია“, რომლის თავმჯდომარეც ახლა ხათუნა სამნიძეა.

„ევროპულ საქართველოში“ მომხდარი განხეთქილების შემდეგ ოთხიანის გარშემო შექმნილ ალიანსს შეუერთდა პოლიტიკოსი ბესიკ დონაძეც.

ნომერი 9 – „ძლიერი საქართველო

კიდევ ერთი პოლიტიკური ალიანსი მამუკა ხაზარაძის „ლელოს“ გარშემოა გაერთიანებული.

„ლელოს“, რომელმაც 2020 წლის არჩევნებზე 3,15% და ოთხი მანდატი მიიღო, უერთდება ახლადდაფუძნებული მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“.

„თავისუფლების მოედანი“ პირველ ივლისს დააფუძნა "აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ.

ანა დოლიძემ 2020 წლის არჩევნებზე დიდუბის ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი და 18%-ით მესამე ადგილზე გავიდა. მომდევნო წელს თბილისის მერის არჩევნებში მან ხმების 4,6% მიიღო, მისმა პარტიამ კი დედაქალაქში 2,6% მოიპოვა.

ალეკო ელისაშვილი აქტიურ პოლიტიკაში 2014 წელს წავიდა - მაშინდელ ადგილობრივ არჩევნებზე საბურთალოზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი და საკრებულოში მოხვდა. 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებზე ელისაშვილი ბევრისთვის მოულოდნელად მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა მაშინ კახა კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა.

2020 წელს ელისაშვილმა ახალი პარტიით, „მოქალაქეებით“ იყარა კენჭი საპარლამენტო არჩევნებში. პარტიამ მაშინ ხმების 1,33% მიიღო და ორი მანდატი მოიპოვა - პარლამენტში მოხვდნენ თავად ელისაშვილი და მისი თანაპარტიელი ლევან იოსელიანი, რომელიც მოგვიანებით სახალხო დამცველად აირჩია პარლამენტმა.

2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზისის დროს ბლოკის ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ - ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს საქმე კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა.

"ძლიერი საქართველო"
"ძლიერი საქართველო"

"მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით და ერთობით და მოყვარე გავახარეთ. პატარა ახსნაც უნდა ამ ამბავს: მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი, ვიმსჯელეთ, შევხვდით ცოტა ხნის წინ და ერთმანეთს ვუთხარით, რომ ახლა ბოდიშების დრო არაა, შერიგების დროა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა 12 აგვისტოს, როცა გაერთიანებას შეუერთდა.

15 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს. გამყრელიძემ განმარტა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკაში დარჩენას ან პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ალიანსებს გარეთ

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. იმ ფონზე, რომ პარტიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ხმების 7,8% მიიღო, გახარიას იმედი აქვს, რომ სხვებთან გაერთიანების გარეშეც შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას.

ამჟამინდელი მოცემულობით, დამოუკიდებლად იყრის კენჭს „გირჩიც“. იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის პარტიამ 2021 წელს ხმების 0,95% მიიღო.

მას შემდეგ, რაც აპრილში საჯარო რეესტრმა ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეულ მოძრაობა „ალტ-ინფოს“ პარტიის რეგისტრაცია გაუუქმა, მოძრაობის ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ თქვა, რომ ისინი „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად გამოვლენ საპარლამენტო არჩევნებზე.

ჯერ კიდევ უცნობია, მიიღებენ თუ არა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ახლად დაარსებული პარტია „ფედერალისტები“ . საარჩევნოდ ახალი პარტიის დარეგისტრირება უკვე დაგვიანებულია, ამიტომ, „ფედერალისტები“ ამბობენ, რომ სექტემბრამდე შეატყობინებენ მხარდამჭერებს გეგმების შესახებ. ისინი ან რომელიმე ალიანსს შეუერთდებიან, ან თავად არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და საჯარო მხარდაჭერას გამოუცხადებენ რომელიმე ძალას.

დაბოლოს - მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას, 2024 წლის არჩევნებზე, უდიდესი ალბათობით, ყველაზე მეტ მანდატს „ქართული ოცნება“ მოიპოვებს.

2012 წელს, როცა პირველად მოიგო არჩევნები, „ქართული ოცნება“ თავადაც ექვსი პარტიისგან შემდგარი გაერთიანება იყო, თუმცა დანარჩენი ხუთი დროთა განმავლობაში ჩამოიშორა.

წელს „ოცნებას“ ერთი სიახლე მაინც აქვს - ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ წიაღში ბრუნდება „ხალხის ძალა“ – „ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც 2022 წელს მმართველ პარტიას გამოეყო, აჟღერებდა ანტიდასავლურ პოზიციებს და 2023 წელს „აგენტების კანონის“ ინიციატივით გამოვიდა.

"მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც "ხალხის ძალა" ჰქვია. ჩემგან გაიგებთ დღეს პირველად, გავკადნიერდები, ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას", - თქვა მამუკა მდინარაძემ 16 ივლისს, როცა სულ რაღაც სამი თვე იყო გასული „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობიდან, სადაც პარტიის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ გადალახავდნენ დამოუკიდებლად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG