რადიო თავისუფლების სტუმარია ჩართულობისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარჯანიშვილი. იგი საუბრობს ამ ცენტრის ყოფილი თანამშრომლის, ადამიანის უფლებების დამცველის ვიტალი საფაროვის მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე, რომელიც 16 აპრილს გაიმართა საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის ფონზე.
გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიორგი მარჯანიშვილი საუბრობს ბრალდებულებზე, რომლებიც, მისი თქმით, ერთ-ერთი ქართული ნეონაცისტური ჯგუფის წევრები არიან. რაც, გიორგი მარჯანიშვილის თქმით, მოწმეების ჩვენებებთან ერთად, ადასტურებს, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობა სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულია - რასობრივი, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
გიორგი მარჯანიშვილი აღნიშნავს, რომ 16 აპრილს სასამართლოს წინაშე წარდგა ის ორი დაკავებული პირი, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი საფაროვის მკვლელობის საქმეზე.