25 ივლისს, სასამართლო სისტემის ოთხი მთავარი სტრატეგიის შესახებ ანგარიშის წარდგენისას, არასამთავრობო სექტორმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მათი აზრით, 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმაში ყველაზე პრობლემური იყო.
ერთწლიანი პროგრესის ანგარიში სასტუმრო „რედისონში“ წარადგინეს. მისი სტრატეგიული მიმართულება კი ასეთი იყო:
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა
- ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება
- სასამართლო სისტემის ხარისხისა და ეფექტიანობის შექმნა
- მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა აღნიშნა, რომ როცა სტრატეგიის დოკუმენტი იწერებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია იყო და მაღალი იყო სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, თუმცა სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში სამუშაო ჯგუფებში აღარ მოხვდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც დიდი რესურსი დახარჯეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ტექსტის მომზადებაზე. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფები ზოგჯერ არასამთავრობო სექტორის დასწრებაზეც ამბობდნენ უარს.
ღონისძიება უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ გახსნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემას ისევ აქვს გამოწვევები, რომელთა შორისაც მთავარია საქმით დატვირთულობა, თუმცა, მისი თქმით, საქმეების დიდი ნაკადისგან განტვირთვის მიზნით გარკვეული სამუშაოები უკვე წარმატებით შესრულდა.