სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 21 ნოემბერს მოწმის სახით დაიკითხა. საქმე ეხება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმად, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ვსაუბრობთ იმ ფაქტებზე საჯაროდ, რაც ჩვენთვის ხდება ცნობილი. თვითონ ეს ადამიანი არ ესწრებოდა იმ თათბირს, საიდანაც გავრცელდა ინფორმაცია ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ. მან ეს გაიგო, ეს ინფორმაცია გამოვიდა ამ თათბირიდან...მიხეილ ბენიძე
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა გამოკითხვა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პროკურატურამ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანო აპირებს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, რათა მოწმეები მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხონ.
„გამოძიების ინტერესების საზიანოდ, ეკა გიგაურმა უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს მოწოდებაზე და მიზეზად ამ პირის უსაფრთხოება დაასახელა. ამასთან დაკავშირებით მას განემარტა, რომ საგამოძიებო ორგანო მზადაა ამ პირის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოიყენოს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებები. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ეკა გიგაურმა კვლავ უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. მან ასევე უარი განაცხადა გამოძიებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ ნახსენები თათბირის გამართვის ადგილმდებარეობის და მასში მონაწილე პირების, ასევე ვიდეოკამერების განთავსების ადგილის თაობაზე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
თავად ეკა გიგაური კი ამბობს, რომ მათ კანონი არ ავალდებულებს წყაროს ვინაობის გათქმას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის თქმით, მათი ინფორმაციის გასამყარებლად გამოკითხვაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს ადგილი და სავარაუდო გაყალბებაში ჩართული ადამიანების სახელები და გვარები, რაც გამოძიებას შესაძლოა დაეხმაროს, თუმცა ვინაიდან წყაროს არ სურს თავისი ვინაობის გამხელა, ისინი კონფიდენციალობას იცავენ.
გამოკითხვაზე დაბარებულმა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა განმარტა, რომ მათი წყარო ლაპარაკობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ამ თვის დასაწყისში გამართულ თათბირზე და, შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს შეუძლია გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, ანუ ჩატარდა თუ არა თათბირი.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ კი პროკურატურაში მისვლისას განაცხადა, რომ ის მიაწვდის გამოძიებას იმავე ინფორმაციას, რომელიც განცხადების სახით გავრცელდა:
„ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ვსაუბრობთ იმ ფაქტებზე საჯაროდ, რაც ჩვენთვის ხდება ცნობილი. თვითონ ეს ადამიანი არ ესწრებოდა იმ თათბირს, საიდანაც გავრცელდა ინფორმაცია ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ. მან ეს გაიგო, ეს ინფორმაცია გამოვიდა ამ თათბირიდან. მე რამდენადაც ვხვდები, წყარო არ შესწრებია უშუალოდ დაბეჭდვის ფაქტს, ამიტომ არ აქვს ფოტო ან ვიდეომტკიცებულება“.
არასამთავრობო სექტორის ცნობა უარყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა სოსო გიორგაძემ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.