Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამდენი ხანია, გიტარებთ“ - ვინ აკრიტიკებს სპორტსმენებს „აგენტების კანონის“ დაგმობის გამო


„ქართული ოცნების“ დეპუტატები და ოფიციალური პირები სპორტსმენებს „აგენტების კანონის“ კრიტიკის გამო საყვედურობენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები და ოფიციალური პირები სპორტსმენებს „აგენტების კანონის“ კრიტიკის გამო საყვედურობენ.

მას შემდეგ, რაც მორაგბეებმა, ფეხბურთელებმა და სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა კვლავ გააკრიტიკეს „აგენტების კანონი“ და ასევე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და ოფიციალურმა პირებმა სპორტსმენების მწვავე კრიტიკა დაიწყეს.

საფეხბურთო ნაკრების წევრები, მათ შორის ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, მორაგბეები, - კონსტანტინე მიქაუტაძე, ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრი ანა ჩემინავა მხოლოდ ნაწილია იმ სპორტსმენებისა, ვინც ბოლო დღეებში თბილისში დემონსტრაციების დაშლა/დარბევა და „აგენტების კანონი“ გააკრიტიკეს.

ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, კანონი გაიწვიოს.

თუმცა მათ ამ კრიტიკის გამო წინააღმდეგობა შეხვდათ.

დიტო სამხარაძე

„ბიჭო, მართლა რა გაახურეთ საქმე! არ ვიცოდეთ მაინც, სად, ვინ და როგორ გაბულინგებთ! ზოგს ცოლის დაქალები და ზოგსაც ნაშები გაწერინებენ რაღაც სისულელეებს“, - დაწერა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ ფეისბუკზე.

„ამდენი ხანია თვალებს ვხუჭავთ და გიტარებთ! მხატვარმა ხატოს, სპორტსმენმა სპორტი აკეთოს და პოლიტიკოსმა პოლიტიკა!“, - დაწერა მან.

სკანდალური განცხადებებით ცნობილი დიმიტრი სამხარაძე პარლამენტარია 2016 წლიდან. ამავდროულად, იგი მმართველი პარტიის რეგიონული ოფისების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი.

მართალია, პარლამენტში აქტიურობით არ გამოირჩევა, - 2023 წელს ის ერთ-ერთი იყო იმ 18 დეპუტატს შორის, რომლებსაც, ფაქტობრივად, ხმა არ ამოუღიათ, - მაგრამ ფეისბუკში ძალიან აქტიურია.

სამხარაძე სიძულვილის ენის გამოყენებითა და ოპონენტების შეურაცხყოფით გამოირჩევა.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას გასულ კვირას მას ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი პოსტები ჰქონდა.

დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე (მარცხნივ) უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან ერთად
დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე (მარცხნივ) უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან ერთად

დემონსტრანტებს მან „ბოლო დონის ფარჩაკები“ უწოდა და თქვა, რომ როცა იქ გაიარა, „უმრავლესობის სქესს ვერ არჩევდა“.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ჰიპერმარკეტმა „გორგიამ“ დემონსტრაციების დარბევის შემდეგ რესპირატორების მარაგების შევსება დააანონსა, სამხარაძემ იგი „შუღლის გაღვივებაში“ დაადანაშაულა და დაემუქრა:

„ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო!“

სამხარაძე არც შეთქმულების თეორიებისგან არის შორს - იზიარებს კონსპირაციას „გლობალური ომის პარტიაზე“. იგი უფრო შორსაც მიდის და მიაჩნია:

„დავრწმუნდი, რომ ენჯეოების მიერ შექმნილი, დაზომბებული უტვინოები არიან, რომელთა აბსოლუტურ ნაწილს საკუთარი აზრი არ გააჩნია! ამათ მეპატრონეებს სტილი ყველგან ერთნაირი აქვთ, საქართველოში ექსპერიმენტი, რომელიც დაგეგმეს, შესრულებული აქვთ ანუ 5000 გეი, ლესბოსელი, სატანისტი, უტვინო ზომბი შექმნეს. ადრე მაიმუნებზე ატარებდნენ ცდებს, გუშინ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ენჯეო ლაბორატორიებში ცოცხალ ახალგაზრდებზე ატარებენ“.

სოსო ტყემალაძე

2 მაისს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა, რომ „მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა“.

„მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება აკეთონ თავიანთი საქმე. იგივეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე“, - განაცხადა მან.

„ნუ დავივიწყებთ იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ეროვნული ნაკრების კვართის ტარებაა“, - განაცხადა ტყემალაძემ.

„მოვუწოდე, რომ ყველამ თავი შეიკავოს“, - ესეც ტყემალაძემ თქვა და ამავე კონტექსტში ისაუბრა ივანიშვილის „ქართუ ფონდზე“.

სოსო ტყემალაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი
სოსო ტყემალაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი

კერძოდ, თქვა, რომ „თუ ერმა დაივიწყა მადლიერება და სიკეთე, რაც „ქართუ ფონდის“ ქველმოქმედება იყო, არის და რაც მთავრობის მხარდაჭერაა, ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ“.

სოსო ტყემალაძე, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი, რომელიც ჩართული იყო აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებში, რომლებსაც ივანიშვილი ახორციელებდა.

ტყემალაძის არჩევის პროცესი საპროტესტო დემონსტრაციებისა და პოლიტიკური ნიშნით ჩარევის პარალელურად წარიმართა.

მისი ოპონენტი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე იყო.

აბუსერიძე ერთ-ერთ ყრილობაზე პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრმა ლეგიტიმაცია არ მისცა და არჩევნები ხელახლა ჩატარდა.

აბუსერიძის მხარდამჭერები მიუთითებდნენ არჩევნებში ჩარევასა და ზეწოლაზე - და ივანიშვილის ინტერესზე, გაეკონტროლებინა რაგბის კავშირი.

ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და სოსო ტყემალაძე (მარჯვნივ)
ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და სოსო ტყემალაძე (მარჯვნივ)

რაგბით ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე იყო დაინტერესებული.

მას მსხვილი ინვესტიციები აქვს საქართველოში ამ სპორტის განვითარებაში ჩადებული. რაგბის კავშირიც წლებია, მადლიერებას გამოხატავს „გამორჩეული მეცენატისადმი“ „რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

შოთა ხაბარელი

დეპუტატმა შოთა ხაბარელმა, რომელიც ყოფილი ძიუდოისტია, ბუდუ ზივზივაძეს საჯაროდ მიმართა:

„პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ“.

დეპუტატი შოთა ხაბარელი
დეპუტატი შოთა ხაბარელი

„სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა“, - დაწერა მან.

ყველა ეს განცხადება გააშუქეს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა.

„სპორტსვოშინგი“

იმის პარალელურად, რომ სპორტსმენებს ხელისუფლების ინიციირებული საკითხების კრიტიკის გამო კიცხავენ, „ქართული ოცნების“ ლიდერები თავად არიან დაკავებული „სპორტსვოშინგით“ - პროპაგანდის ფორმით, რომელიც სპორტსა და სპორტსმენებს რეპუტაციის ასამაღლებლად იყენებს.

ეს ინგლისური ტერმინი ქართულად სპორტის საშუალებით პოლიტიკური ჭუჭყის ჩამორეცხვას ნიშნავს. ეს პრაქტიკა გვხვდება მთელ მსოფლიოში - მათ შორის, რუსეთში, სადაც რამზან კადიროვი UFC-ის მებრძოლებით აკეთებს ამას, - და საქართველოშიც.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ, ექსკლუზიური ადგილები დაიკავონ წარმატებული ქართველი სპორტსმენების გვერდით.

მაგალითად, ირაკლი კობახიძე ნაკრების გამარჯვების შემდეგ - ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ - გასახდელშიც შევიდა და ფეხბურთელებთან ერთად სცენაზეც გამოვიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG