1988 წელს პარიზში, პომპიდუს ცენტრში, ქართული ფილმების რეტროსპექტივა სერგო ფარაჯანოვის “აშიქ-ქერიბით” გაიხსნა. “პერესტროიკის” ეპოქა იყო და ფარაჯანოვს ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცეს. სერგოს ქართველ კოლეგებს მაინცდამაინც არ ესიამოვნათ, რომ ფრანგებმა სამთვიანი რეტროსპექტივა, რომელშიც თითქმის მთელი ქართული კინო იყო წარმოდგენილი, ფარაჯანოვის ფილმით გახსნეს, მაგრამ იცოდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. პარიზი დიდი მაესტროს ახალ ფილმს ელოდებოდა. პომპიდუს ცენტრის მოედანი “აშიქ-ქერიბის” პრემიერის წინ ზედმეტი ბილეთის მთხოვნელი ხალხით გაივსო. სეანსი რომ დასრულდა, მკითხა, აბა, რას იტყვიო (მანამდე თვითმფრინავში, სადაც ერთმანეთი გავიცანით, ვუთხარი, რომ “სურამის ციხე” დიდად არ მომეწონა და შევატყე, რომ ეწყინა)... “ბოლოს და ბოლოს, სერგო ფარაჯანოვმა თავის თავზე ფილმი გადაიღო” - ასე ვუთხარი. ეგრევე დამცინა: “ნეტავი ეს ახალგაზრდა კრიტიკოსები არ ატრაკებდეთ ხოლმე. ყველა ჩემი ფილმი ფარაჯანოვზეა, детка!”... - ზუსტად ასე მითხრა.
კინოკრიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმს, “ტკივილი და დიდება”, მოიხსენიებს როგორც “ავტობიოგრაფიულს”. “ყველაზე პირადი”, “ალმოდოვარის ანდერძი”, “ალმოდოვარის რვანახევარი”. მართლაც, ამბავი სამოც წელს გადაცილებულ ცნობილ კინორეჟისორზე, რომელიც შემოქმედებითი და “სულიერი” კრიზისის ეტაპზე თავის ბავშვობას იხსენებს, თითქმის ზუსტად იმეორებს პედრო ალმოდოვარის ბიოგრაფიას. კრიზისის მდგომარეობაც დროულია. მგონი, თავად რეჟისორი აღიარებს უკვე, რომ ფილმები, რომლებიც დედის გარდაცვალების შემდეგ გადაიღო, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მის შედევრებს. აქაც უკვდება დედა, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარდა ცხოვრებაში; აქაც სტკივა ზურგი; აქაც ამბობს, რომ მუზები გაექცნენ, იუმორი დაკარგა... საერთოდ ყველაფერი დაკარგა, ფეშენებელური ბინისა და ძვირად შეფასებული ნახატების გარდა. ჰო, კიდევ მექსიკელი მოსამსახურე დარჩა და მეგობარი ქალი, რომელსაც ექიმებთან დაჰყავს. სიცარიელეს სალვადორი (ასე ქვია ალმოდოვარის გმირს) ნარკოტიკებით ავსებს. ოპიუმი, ჰაშიში, კანაფი, ჰეროინი ალმოდოვარის ძველ ფილმებშიც გვინახავს, მაგრამ ნარკოტიკი პირველად გახდა მისი სურათის ერთ-ერთი მთავარი სახე, დრამატურგიული კონსტრუქცია, რომელმაც მთელი ფილმი გააერთიანა... ანუ, ალმოდოვარის ბოლო ფილმში გადაწყდა მასალის გამთლიანების პრობლემა, რომელსაც ვერაფერს უხერხებდა რეჟისორი ბოლო 15 წლის მანძილზე; ვნებების ლაბირინთში პედრო ალმოდოვარი თითქმის მუდმივად იკარგებოდა, რაც ნაწილებად, ხანდახან, უბრალოდ, ნაკუწებად შლიდა ფილმს. შედეგიც შესაბამისი იყო: პედრო ალმოდოვარის ფილმების მსოფლიო პრემიერა იმართებოდა კანის ფესტივალზე, საიდანაც რეჟისორი, როგორც წესი, პრიზის გარეშე მიემგზავრებოდა.
ჰეროინმა ფილმში “ტკივილი და დიდება” როგორღაც ბუნებრივი გახადა ფლეშ-ბექები. წარსულის სურათების “ნაკუწებად” ჩართვას ფილმის მთლიანობაზე აღარ უმოქმედია. უფრო მეტიც, ნარკოტიკის თემამ მეტი თავისუფლება მიანიჭა ალმოდოვარს, როგორც კინემატოგრაფისტს - ახლა მას, სხვა ცნობილი “ოპიომანების” მსგავსად, უფრო თავისუფლად შეეძლო შეეცვალა მასშტაბები და ეთამაშა არა მარტო დროსთან, არამედ სივრცესთანაც. პედრო ალმოდოვარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას ზომიერებამ არ უღალატა და უარი თქვა ეფექტებით თამაშზე, რასაც ძალიან ხშირად ელის ხოლმე მისგან მაყურებელი. საუნდტრეკიც კი “ძუნწი” და ლაკონიური აირჩია. დეკორატიულობის პრინციპულმა უარყოფამ კი გაზარდა დატვირთვა მთავარი როლის შემსრულებელზე - ანტონიო ბანდერასზე. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ “ტკივილი და დიდება” არის მსახიობის ბენეფისი, ბანდერასის საუკეთესო როლი, რომელიც, წესით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს კანის ფესტივალის “პალმით” მამაკაცის როლის შესრულებისთვის.
ნარკოტიკის თემამ ტკივილის ახლოდან ჩვენების და, რაც მთავარია, ფიზიკური ტკივილის მაყურებლამდე მიტანის საშუალება მისცა რეჟისორს. მოხდა ისე, რომ ფილმში “ტკივილი და დიდება” ბალანსი დაირღვა ტკივილის “სასარგებლოდ”. პედრო ალმოდოვარს თითქმის არ აინტერესებს სალვადორის წარსული დიდების ჩვენება და იმის მტკიცება, რომ სალვადორი ოდესღაც მართლაც შედევრებს იღებდა. ეს განასხვავებს ალმოდოვარის ბოლო ფილმს ფელინის “რვანახევრისგან”, რომელსაც ხშირად ადარებენ “ტკივილსა და დიდებას”. თუკი “რვანახევარში” ფელინის გმირი, გვიდო ანსელმი, იტანჯება იმისგან, რომ ვერ ამთლიანებს “ცნობიერების ნაკადს”, ასე ძალიან რომ შლის, დიახაც, ნაკუწებად რომ შლის მის იდენტობას, სალვადორს ყველაზე ნაკლებად აწუხებს შემოქმედებითი კრიზისი და წარსული სახეების ქაოსი თავში. სალვადორს აწუხებს ერთი რამ - სიბერე. პედრო ალმოდოვარი არ ფარისევლობს. ის აღიარებს, რომ მისი ახალი ფილმი მხოლოდ სიბერესა და ტკივილზეა.
ხანდახან სიცოცხლე სიკვდილზე უფრო საშიშია, ამიტომ მარტოობასთან, თუ გნებავთ, სიცოცხლესთან საბრძოლველად ნარკოტიკი ყველაზე გამოცდილი იარაღი ხდება. ამას სალვადორი გვიან, მაგრამ მაინც ხვდება.
“მთრთოლვარე სხეული” ხომ არა მარტო ალმოდოვარის ერთი კარგი ფილმის სათაურია, ეს პედრო ალმოდოვარის ენაა - სხეულის ენა, მთრთოლვარე სხეულის ენა. მაგრამ პედროს არც ერთ ფილმში არ იგრძნობა ასეთი გამომწვევი ფიზიოლოგიურობა - იარები, ჭაღარა წვერი და თმა, ნაოჭები! დაბერებული სხეული ჭრელ-ჭრელი, ალმოდოვარისეული დიზაინის ფონზე (“კიკას” მერე ასეთი ფერადოვნება პედროს არც ერთ სხვა ფილმში არ გვინახავს) ისეა გადაღებული, რომ გმირის მიმართ თანაგრძნობა არანაირად არ გადაიზარდოს სიბრალულში. ეს დაბერებული სხეულიც საერთო დიზაინის ნაწილია, სიჭრელის ნაწილი, სიცოცხლის ნაწილი! სიბერე ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიკვდილს!
ხო. ალმოდოვარი რისი ალმოდოვარია, ანგელოზი რომ არ მოევლინოს მისი ფილმის ფინალს. ნარკოტიკმა გააცოცხლა წარსულის აჩრდილები, მაგრამ ცოცხალი ადამიანის მოთხოვნილება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე თუნდაც სახე გარდაცვლილი დედისა, რომელსაც პედრო, აი, უკვე მერამდენე ფილმში სთხოვს პატიებას. ექიმები ამბობენ, რომ სალვადორი ჯანმრთელია, მას არაფერი სერიოზული არ სჭირს. დეპრესიის მთავარი წამალი კი სიცოცხლე და შემოქმედებაა.
კანის ფესტივალზე ჩამოსულ პედრო ალმოდოვარს ყურადღებით ვაკვირდებოდი. ვხედავდი, როგორი ბედნიერი იყო თავის მსახიობებთან ერთად. ისინი მას აღმერთებენ. პედროს თაყვანისმცემლები მას ვაღმერთებთ. იმათ გასაგონად კი, ვინც ფილმში “ტკივილი და დიდება” პედრო ალმოდოვარის „რეკვიემი” დაინახა და მორიდებით, მაგრამ მაინც ამტკიცებს, ეს ნაღდად მაესტროს ბოლო ფილმიაო, ვამბობთ: “ნეტავი, არ ატრაკებდეთ. ცოტა ადრე ხომ არ მოგივიდათ პედრო ალმოდოვარის დასაფლავება?”