Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელებს შეღავათები, მოქალაქეებს აკრძალვები - აზარტული თამაშის წესებს მთავრობა ისევ ცვლის


მმართველ პარტიას უნდა, უცხოელებს მათთვის შეღავათების შემოღებით ქართული აზარტული თამაშის ინდუსტრია მოაწონოს - ფოტოილუსტრაცია.
მმართველ პარტიას უნდა, უცხოელებს მათთვის შეღავათების შემოღებით ქართული აზარტული თამაშის ინდუსტრია მოაწონოს - ფოტოილუსტრაცია.

პარლამენტმა დაჩქარებულად მიიღო „ქართული ოცნების“ კანონპროექტი, რომელიც ონლაინკაზინოებისა და ტოტალიზატორების უცხოელ კლიენტებს შეღავათებს უწესებს.

უცხოელები აზარტული თამაშით მოგებული თანხის საშემოსავლო 5%-ს არ გადაიხდიან. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქემ, მაგალითად, 100 000 ლარი რომ მოიგოს ონლაინკაზინოში, 5000 ლარით ნაკლებს გაიტანს, მაშინ როცა უცხოელების მოგებულ თანხას კაპიკი არ დააკლდება.

ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსსა და ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში. საქართველოს მოქალაქეების მიმართ წინა წლებში მიღებული მკაცრი ზომები ნარჩუნდება.

მმართველი პარტია ამბობს, რომ უცხოელებისთვის მომგებიანი პირობების შექმნით გვინდა უფრო მეტმა უცხოელმა ითამაშოს საქართველოში ონლაინკაზინოებსა და ტოტალიზატორებშიო.

„კანონის სულისკვეთებაა, რომ შეიქმნას მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა უცხოელი მოთამაშეების მოსაზიდად“, - თქვა პარლამენტის კომიტეტზე გამოსვლისას კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ირაკლი კირცხალიამ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ონლაინკაზინოებსა და ტოტალიზატორებში უცხოელების წილი ძალიან დაბალია, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მაღალი გადასახადებიაო. ფულის გატანის საკომისიო 2-დან 5%-მდე მთავრობამ იანვრიდან გაზარდა.

ამას გარდა, მთავრობა ფიქრობს, რომ ამ ცვლილებებით აზარტული თამაშების ინდუსტრია მეტ ინვესტიციას მოიზიდავს.

„[პროგნოზით] არის სტატისტიკა, რომ სამი წლის განმავლობაში 10-15 საერთაშორისო კომპანია შემოვიდეს, რომლებიც ახალი ლიცენზიანტები გახდებიან...ამით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ფული დაგენერირდება ბიუჯეტში“, - ამბობს კირცხალია.

2022 წლის მარტიდან მთავრობამ აზარტული თამაშების ინდუსტრიას სატელევიზიო რეკლამა აუკრძალა. თუმცა ამ შეზღუდვით, დიდი ალბათობით, სათამაშოზე მეტად სატელევიზიო ბიზნესი, განსაკუთრებით კი - ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები დაზარალდნენ.

თუკი 2021 წელს აზარტული თამაშების კომპანიებისგან მაუწყებლებმა თითქმის 18 მლნ ლარი მიიღეს, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 70%-ით, 5 მლნ ლარამდე შემცირდა.

კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ შემოსავლების ზრდას რამდენიმე ფაქტორი შეუწყობს ხელს: ერთი მხრივ, საქართველოში აზარტული თამაშების ნებართვის მფლობელებს ეზრდებათ მოტივაცია, მოიზიდონ უცხოელები. მეორე მხრივ კი, საქართველო ხდება საინტერესო ადგილი საერთაშორისო კომპანიებისთვის.

„საუბარია იმაზე, რომ უცხოური კომპანიები აიღებენ ლიცენზიას და საქართველოდან იმუშავებენ, თუმცა ეს ცოტა სათუოა. არ ვიცი, ვისთან აქვთ მოლაპარაკებები...მას შემდეგ, რაც გატანის საკომისიო 2-დან 5%-მდე გაიზარდა, ბევრმა უცხოელმა მომხმარებელმა უარი თქვა აქაური ოპერატორების სერვისზე. ვიძახდით კიდეც, რომ დიდი სისულელე იყო ამის გაკეთება.

ამ ცვლილებებით [მთავრობას] უნდა, კომპანიებმა მეტი უცხოელი მომხმარებლები მოიძიონ. რომ გითხრათ, გადასარევი რიცხვების დადების საშუალება გვაქვს, არა, რა თქმა უნდა, თუმცა დრო გვაჩვენებს როგორ იმუშავებენ ჩვენი კომპანიები“, - ამბობს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი.

საგადასახადო შეღავათის გარდა, სათამაშო ბიზნესისთვის სავალდებული იქნება უცხოელების და საქართველოს მოქალაქეების განცალკევება. მათ სხვადასხვა დომენზე დაარეგისტრირებენ.

ბოლო წლებში მთავრობამ აზარტული თამაშების ინდუსტრიას ბევრი შეზღუდვა დაუწესა. სახელმწიფომ ასწია მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 18-დან 25 წლამდე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აუკრძალა. ჯამში, ბიზნესმა მილიონამდე პოტენციური კლიენტი დაკარგა.

ასევე შეიქმნა თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, სადაც მოხვედრილ პირებს აზარტული თამაშები ეკრძალებათ.

წესი ასეთია - მოქალაქე საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვს მისი მონაცემების დამოკიდებულთა სიაში შეტანას, ასევე ოჯახის წევრებს აქვთ უფლება სასამართლოს წესით მოითხოვონ მისი ამ სიაში შეყვანა.

ამ ეტაპზე ახლა დამოკიდებულთა სიაში 18 ათასამდე ადამიანია შეყვანილი, აქედან 52 - მოსამართლის ბრძანებით, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შემოსავლების სამსახურში.

ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 400 მლნ ლარის გაზრდის მიზნით მთავრობამ სათამაშო ბიზნესის ნაწილს მოგების გადასახადი წელს გაუზარდა. იანვრიდან ონლაინკაზინოები და სლოტ-კლუბები მოგებიდან 10%-ის ნაცვლად 15%-ს იხდიან.

სათამაშო აპარატების სალონები, რომლებიც აქამდე არ იბეგრებოდა, ახლა მოგების 15%-ს დათმობენ ბიუჯეტის სასარგებლოდ. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით ამ ინდუსტრიაში ფაქტობრივად მოგების (განაწილებული მოგება) ნაცვლად შემოსავალი იბეგრება.

ანუ იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა (Gross Gaming Revenue). GGR ნიშნავს აზარტული თამაშებით მიღებულ მოგებას მინუს გამარჯვებულ მოთამაშეებზე გაცემული თანხა. თუ კომპანიამ ფსონის სახით 50 მლნ ლარი მიიღო და მოთამაშეზე 40 მლნ ლარი მოგების სახით გასცა, მაშინ მას ბიუჯეტში 10 მლნ ლარის 15%-ის გადახდა უწევს.

ცვლილებით, უცხოელი მოთამაშეების მიერ განთავსებულ ფსონებსა და მათზე გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (GGR) 15%-ის ნაცვლად 5% დაიბეგრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG