Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონამდე სრულწლოვანს აზარტული თამაშები აეკრძალება


სლოტ აპარატები იტალიაში
სლოტ აპარატები იტალიაში

აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, სათამაშო ბიზნესისთვის მომზადებული ახალი რეგულაციების წარდგენისას განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, 25 წლამდე მოქალაქეები საერთოდ ვეღარ ითამაშებენ აზარტულ თამაშებს. ვერც ონლაინ და ვერც ე.წ. სახმელეთო ოპერატორებთან.

მათ გარდა ვეღარ ითამაშაბენ „სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხეელები, პირები რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითრეგულირების მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით. და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით”, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მისივე თქმით, ჯამში შეზღუდვა მილიონამდე საქართველოს მოქალაქეზე გავრცელდება.

გადასახადის ზრდა და რეკლამის შეზღუდვა

რეგულაციები მკვეთრად ზრდის გადასახადებს სათამაშო ბიზნესისთვის და უზღუდავს რეკლამის განთავსებას.

„ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული არის სრულიად ახალი საგადასახდო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება. განაწილებული მოგების გადასახადის ნაცვლად, დაიბეგრება ე.წ. GGR, რომელიც არის მიღებული ფსონისა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა, 10%-იანი მოგების გადასახადი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელს მსოფლიოში ამ ბიზნესის დაბეგვრის. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით…“ - განმარტა მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და დაამატა, რომ სათამაშო სექტორისთვის „ჯამურად 65-70%-ით გაიზრდება საგადასახადო დასაბეგრი ბაზა”.

GGR, ანუ Gross Gaming Revenue (მთლიანი სათამაშო შემოსავალი) გამოითვლება ფორმულით: აზარტული თამაშებით მიღებულ მოგებას მინუს გამარჯვებულ მოთამაშეებზე გაცემული თანხა.

მთავრობის გეგმის თანახმად, გადასახადების ზრდამ მოთამაშეების რაოდენობის მკვეთრი შემცირება უნდა დააბალანსოს და, შედეგად, ბიუჯეტში შემოსული თანხა თითქმის უცვლელი დარჩება.

სათამაშო ბიზნესს მთლიანად ეკრძალება რეკლამის განთავსება სატელევიზიო ეთერში, ქართულ ვებგვერდებზე და ქუჩაში. დასაშვები რჩება მხოლოდ სპონსორული ხელშეკრულების გაფორმება.

კონტროლის მექანიზმები

ეკონომიკის მინისტრმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ გააკონტროლებს ხელისუფლება ახალი რეგულაციების დაცვას. ამაზე პასუხისმგებელი შემოსავლების სამსახური იქნება.

გამკაცრდება ონლაინკაზინოებში რეგისტრაციის და მოთამაშის ანგარიშზე თანხის შეტანა-გამოტანის წესები. ამიერიდან ფინანსური ოპერაციები მხოლოდ დარეგისტირებული მომხარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, შეიზღუდება მოთამაშეებს შორის თანხის გადარიცხვაც.

მთავრობა ასევე გეგმავს დაბრკოლებები შეუქმნას საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც აპირებს უცხოურ ონლაინკაზინოებში თამაშს. საგადასახადო პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება, „არ გაატარონ” გადარიცხვები უცხოური სათამაშო ბიზნესის ანგარიშებზე.

ფინანსთა მინისტრის თქმით, კანონპროექტი უკვე მზადაა და პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება.

± 21: აზარტული თამაში
please wait

No media source currently available

0:00 0:33:03 0:00

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG