საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას აზარტული თამაშების ჯერ შევიწროებას, შემდეგ კი საერთოდ აკრძალვას ჰპირდება. ეს განცხადება საფრთხედ აღიქვა არა მხოლოდ თავად სათამაშო ბიზნესმა, არამედ მედიამაც. ტელევიზიების მენეჯერები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესი მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკლამო დამკვეთია.
„გადაცემები, რომელსაც სპონსორად მსგავსი კომპანიები ჰყავს, ვერ იარსებებს, მათი თანხებით ვინახავთ. ნებისმიერი ტელევიზიისთვის, მათ შორის სამთავრობო არხებისთვისაც, ეს იქნება დარტყმა“, - ამბობს თეა გვარამია, „მთავარი არხის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი.
„ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აზარტული ბიზნესი რეკლამისა თუ სასპონსორო პაკეტების შესყიდვით ტელევიზიების კომერციული შემოსავლის 20-25%-ს ფარავს, 2020 წელს ეს „მთავარი არხისთვის“ 2 მილიონ ლარზე მეტია, „ფორმულასთვის“ კი ნახევარ მილიონს აღემატება.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ონლაინკაზინოებსა და სათამაშო ბიზნესს ჯერ რეკლამა აეკრძალებათ, შემდეგ კი გაჩერება მოუწევთ. მთავრობის ეს გადაწყვეტილება პრემიერმა რამდენიმე მიზეზით ახსნა.
„მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით... ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ და აგებენ ფულს... ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში“, - თქვა მან, როდესაც განმარტავდა, თუ რატომ უნდა მთავრობას კანონმდებლობის გამკაცრება სათამაშო ბიზნესის მიმართ.
„საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან საქართველოს მთავრობას [აქამდე] აზარტული თამაშების ბიზნესის მიმართ რეალური მიდგომა ჰქონდა ხოლმე - დიდ კონტრიბუციას აკეთებენ ქვეყნის ბიუჯეტში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მამულაიშვილი, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.
გემბლინგკომპანიები საქართველოს ბიუჯეტში ერთდროულად ხუთი სახის გადასახადს იხდიან. მოგების, საშემოსავლო გადასახადებს, დღგ-ს, როგორც სხვა კომპანიები, დამატებით კი მათ სანებართვო და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც ემატებათ.
ასოციაციის გამოთვლით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ ბიზნესით ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტი შედიოდა, მათ შორის 2020 წელს - 349 მილიონი ლარი. ეს თანხა ქვეყნის საერთო ბიუჯეტის 4%-ზე მეტი იყო.
ბიუჯეტში გადახდილი თანხები წლების მიხედვით მზარდია - გამონაკლისია 2020 წელი, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო და შეზღუდვების გამო თამაში მხოლოდ ონლაინ შეიძლებოდა.
აზარტული თამაშების ბიზნესი უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო სფეროა, რასაც 2019 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის „აჭარაბეთის“ წილების გაყიდვაც ადასტურებს. სამი წლის წინ ირლანდელმა ინვესტორმა კომპანიის 51-პროცენტიანი წილი 115 მილიონ ევროდ შეიძინა.
„ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე, რომელსაც რეკლამების გაყიდვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ პრემიერის პოპულისტურმა ინიციატივამ ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც შეუქმნა საფრთხე.
„მანდ ყველაზე საშიში იყო პრემიერისგან, რომელსაც არც ფინანსები ესმის და არც იურიდიული საკითხები, ინვესტორებისთვის გზავნილი. ამ კანონის მიღებას ალბათ იმიტომ აპირებენ, რომ კრიტიკულ მედიებში ნაკლები ფული შევიდეს - თორემ სამთავრობო მედიებისთვის დაკომპენსირებისთვის იპოვიან საშუალებას“, - ამბობს იგი.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს კანონპროექტის ნახვამდე უჭირს, თქვას, ზუსტად რა ზიანს მიიღებს ეს სფერო, მაგრამ რასაც გადაჭრით აცხადებს, არის ის, რომ დღეს, როდესაც ინტერნეტტექნოლოგიები ასეა განვითარებული, ფაქტობრივად არარეალურია, აზარტული თამაშების მოყვარულებმა ვერ გამონახონ სხვა გზა ამ სერვისის მისაღებად, მაგალითად, საზღვარგარეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერვისს ქვეყნის გარეთ თანხაც გაჰყვება.
„ამით არა მარტო სახელმწიფო დაზარალდება, არამედ ის ხალხი, ვინც ითამაშებს - არავინ იცის, იქ [სხვა ქვეყანაში] რა რეგულაციებია“, - ამბობს გიორგი მამულაიშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში აღდგეს 90-იანი წლების თამაშის წესები - „ხელზე მაზები“, როცა ეს მიწისქვეშა ბიზნესი, თავისი შემოსავლებით, სახელმწიფოს გვერდის ავლით ყვაოდა.
2006-დან 2020 წლამდე ამ ბიზნესში თანხის ბრუნვა 1000-ჯერ, 30 მილიონიდან 32 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 2020 წლისთვის 10 ათასს მიუახლოვდა. საქსტატის მონაცემებით, მზარდი იყო ამ სფეროში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება და საშუალო ხელფასი, რაც იმავე პერიოდში 180-დან 1600 ლარამდეა გაიზარდა.
იმის მიუხედავად, რომ ამ ბიზნესზე ბევრი ადამიანისა თუ კომპანიის ბედია დამოკიდებული, პრემიერი მას მოსახლეობის ძარცვას უწოდებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა 23 ნოემბერს თქვა, უკვე მომავალ ორშაბათს, ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის დეტალებზე ისაუბრებს, შემდეგ კი მთავრობა პარლამენტს სთხოვს მის ინიცირებას.