Accessibility links

იური ვაჩნაძე
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ვაჩნაძე

Sorry! No content for 3 ივლისი. See content from before

კვირა, 13 ივნისი 2010

ახალი, 2006 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, 31 დეკემბერს, არგენტინის დედაქალაქის რესპუბლიკის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, ბუენოს-აირესის ფილარმონიული ორკესტრი, დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით, ათი ათასზე მეტი მსმენელისთვის საათნახევრის განმავლობაში უკრავდა ტანგოს. იმ დღეს სრულიად არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა არგენტინელი კომპოზიტორების ასტორ პიაცოლას, კარლოს გარდელის, ხულიო დე კაროს, ალბერტო ჯინასტერასა და ორასიო სალგანის ნაწარმოებთა ახალმა არანჟირებებმა Tango Sinfonicos-ად წოდებულ მუსიკალურ სპექტაკლში, რომელსაც განუმეორებელ ხიბლს სძენდა ტანგოს წამყვანი მოცეკვავეების მორა გოდოისა და ჟუნიორ სერვილიას, ბანდონეონის ვირტუოზ ლეოპოლდ ფედერიკოსა და მისი Orquesta Tipica-ს გამოსვლა. მაყურებლით გაჭედილი უზარმაზარი მოედანი სულგანაბული უგდებდა ყურს გამოჩენილი დირიჟორისა და დიდი სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ტანგოს ჰანგებს. მსმენელთა გაბრწყინებულ სახეებზე კაცი უჩვეულოდ დაძაბულ ყურადღებასაც ამოიკითხავდა. მსგავსი რამ სიმფონიური კონცერტის დროს არც კი მახსენდება. ეს მხოლოდ ეროვნული ჰიმნის შესრულებისას თუ ხდება. არადა, ჰიმნი, ისევე როგორც ეროვნული იდეა, გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს.

თავის დროზე მერაბ მამარდაშვილმა და ალექსანდრე პიატიგორსკიმ აღნიშნეს, რომ სიმბოლო საკუთრივ საგანია, რომელსაც, ამასთანავე, სხვა საგნების ნიშნებიც ახასიათებს. ამ თვალსაზრისით ორივე ფილოსოფოსი ხაზს უსვამდა თავის უთანხმოებას სიმბოლოს სემიოტიკაში მიღებულ განსაზღვრებასთან, რომელშიც საუბარი მხოლოდ მეორად ნიშნებზეა და არა თავად საგანზე. მამარდაშვილი-პიატიგორსკის თვალსაზრისის სამართლიანობის დასადასტურებლად საკმარისია აღინიშნოს, რომ დღემდე არ არსებობს თვით „ეროვნული იდეის“ ცნების მკაფიო განმარტება. ყველა შემოთავაზებული ვარიანტი მხოლოდ კიდევ უფრო აბნევს ადამიანს: ერთმანეთშია არეული მიზნები და საშუალებები, თვით სიტყვა „ეროვნულიც“ სხვადასხვა ინტერპრეტაციას შეიცავს (ეთნოსი - ეროვნება - ერი). არ გამოვრიცხავ, რომ შემოთავაზებულ კონტექსტში უფრო მართებული იქნებოდა საუბარი ეროვნულ თვითშეგნებაზე, თუმცა, ალბათ, არც ეს არის გამოსავალი მდგომარეობიდან.

ე.წ. „ეროვნული იდეა“, ზოგადად, ვერბალური ფორმითაა გამოხატული: ვთქვათ, საქართველოში ასეთია ილია ჭავჭავაძის მიერ წინა საუკუნის დასაწყისში შემოთავაზებული ფორმულა „ენა, მამული, სარწმუნოება“, ხოლო რუსეთში, მე-18 საუკუნიდან დაწყებული - „თვითმპყრობელობა, მართლმადიდებლობა, ეროვნულობა“. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფორმულა შეიცავს სტრუქტურირებული რელიგიურობის მოქმედების სფეროს, რაიმე იდენტურობაზე საუბარი ზედმეტია. ასეა თუ ისე, გამოდის, რომ მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესისა (მოგვწონს ეს თუ არა), ვერც საქართველოსა და ვერც რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ შეძლო ამ სფეროში რაიმე ახლის შემოთავაზება. იბადება ბუნებრივი კითხვა: უმჯობესი ხომ არ იქნება, ეროვნული იდეა ჩამოყალიბდეს არა ვერბალური, არამედ რაიმე სხვა სახით – დავუშვათ, აუდიო ან ვიზუალური, ან სულაც აუდიო-ვიზუალური ფორმით? ამ მეამბოხური აზრის გასაგრძელებლად დავუბრუნდეთ ჩვენი თხრობის დასაწყისს – ბუენოს-აირესის მოედანზე გამართულ კონცერტს.

ტანგოს ფენომენის ასახსნელად საჭიროა, მივმართოთ მის სათავეებს. უკლებლივ ყველა ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ პოპულარულმა არგენტინულმა ცეკვამ 1880 წლის შემდეგ დაიწყო განვითარება ბუენოს-აირესის გარეუბნებში მცხოვრები მუშათა კლასისა და იტალიელი და ესპანელი იმიგრანტების ღარიბ ფენებში. ერთი შეხედვით, ტანგო შეიძლება ორი სიტყვით დავახასიათოთ: ვნება და თავისუფლება. სინამდვილეში საქმე არც მთლად ასე მარტივად არის. თუ არგენტინელ მუშებსა და იტალიელსა თუ ესპანელ იმიგრანტებს გერმანელებსაც დავუმატებთ (ტანგოს მთავარი ინსტრუმენტი - ბანდონეონი - ხომ სწორედ გერმანიიდან იყო ჩამოტანილი), გამოდის, რომ თავისუფლების გარდა, ტანგო სხვადასხვა ერებისა და ხალხების მუშათა ერთობასაც განასახიერებს. ვინმეს შეიძლება ღიმილით გაახსენდეს ბოლშევიკების ცნობილი ლოზუნგი: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ ნუ ავჩქარდებით – ისტორიამ დამაჯერებლად დაგვიმტკიცა, რომ დღეს უკვე გახუნებულ ამ ლოზუნგში ჭეშმარიტი თავისუფლების ნატამალიც კი არ იმალებოდა, ტანგოში კი თავისუფლება და, კერძოდ, მისი გამოხატვა მთავარი ელემენტია.

პარტნიორის მოქმედების წყალობით (მის სქესს მნიშვნელობა არა აქვს), თავისუფლების ჩარჩოები მკაფიოდ არის განსაზღვრული, ის არ გადადის ანარქიაში და, იმავდროულად, სულაც არ კარგავს ვნების ელემენტს. ამ თვალსაზრისით ტანგოს გენდერულობაზეც შეიძლება ვისაუბროთ. ფრიად სიმპტომატურია, რომ რუსეთში ტანგოს უპირატესად ქალები ავითარებენ. ამავე დროს, ეს გახლავთ სოციალური ცეკვა, რომელიც დატვირთულია კულტურული შინაარსითა და სოციალური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობით. რაც შეეხება ცეკვის მუსიკალურ მხარეს, მასში აშკარად ჟღერს არგენტინული ეროვნული მოტივები; ანუ, ერთი მხრივ, თავისუფლება, სიყვარული (ვნება) და ადამიანთა ერთობა, ხოლო მეორე მხრივ - თვითმყოფადობისა და ეროვნული მენტალიტეტის შენარჩუნება. საქმე გვაქვს ეროვნულთან გლობალურის უაღრესად საინტერესო შეხამებასთან! სურვილის შემთხვევაში აქ პარიზის კომუნისეული „თანასწორობისა და ძმობის“ მოძებნაც შეიძლება: ვერბალური წარმოდგენა აუდიო-ვიზუალურზე გაცილებით ღარიბულად გამოიყურება, მუსიკა და ცეკვა ლოგოსის არეალზე უფრო დიდ არეალს მოიცავს!

საქართველოში ბოლო დროს ფართოდ განიხილება ეროვნული, ქართული იდეის არსის საკითხი. გვთავაზობენ სხვადასხვა ვარიანტს: თვითმყოფადობასა და მრავალვექტორულ უსაფრთხოებას, თავისუფალ ქართულ მრეწველობასა და „ქართულ კოლაიდერს“... არავის, სრულიად არავის ახსენდება ქართული ფოლკლორული მრავალხმიანი, პოლიფონიური სიმღერა, სადაც ერთდროულად და დამოუკიდებლად განვითარებული თითოეული მელოდია-ხმა ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონის თავისებურებას ახასიათებს. უერთდებიან და ერწყმიან რა ერთმანეთს, ისინი განასახიერებენ ჩვენი ერის ერთობას: მიუხედავად გარეგნული განსხვავებისა, კახელი თუ იმერელი, ქართლელი თუ გურული, მეგრელი თუ სვანი არსებითად ხომ ერთსა და იმავე სიმღერას მღერიან. თავის დროზე ამას ხაზგასმით აღნიშნავდა უდროოდ დაღუპული ქართული ფოლკლორის უნიჭიერისი მკვლევარი, პროფესორი ედიშერ გარაყანიძე.

ჩემ მიერ მოყვანილ მოსაზრებებს, ცხადია, ჭეშმარიტების არანაირი პრეტენზია არა აქვს, მაგრამ იქნებ ღირდეს ეროვნული იდეისა და ეროვნული თვითშეგნების გამოხატვის ალტერნატიული ფორმების ძიება? ან თუნდაც ამაზე ფიქრი?
მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის განკარგულებით, 9 მაისს რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში, სპეციალურ სტენდებზე, გამოიფინება სტალინის ათი პორტრეტი. რუსეთი ფართოდ ემზადება დღესასწაულის აღსანიშნავად: „9 მაისს სრულდება 65 წელი ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა ხალხის დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ.“ ერთი შეხედვით, მარტივი ფრაზა უამრავ კითხვას აღძრავს: არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს არა სამამულო, არამედ მეორე მსოფლიო ომთან და ის დამთავრდა არა 1945 წლის 9 მაისს, არამედ მოგვიანებით - იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ. თავის მხრივ, ამ ომის ზოგიერთი კომუნისტი-ვეტერანი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ერებისთვის, მათ შორის ქართველებისთვის, ეს სწორედ „სამამულო ომი“ იყო. ამბობენ იმასაც, რომ მტერზე იერიშის დროს ჩვენი მებრძოლების ლოზუნგი იყო „За Родину! За Сталина!“; სწამთ, რომ მოპოვებულ გამარჯვებაში მთავარი წვლილი ეკუთვნის მთავარსარდალსა და დიდ ბელადს - იოსებ სტალინს.

პირველი, რაც ამასთან დაკავშირებით მახსენდება, არის მერაბ მამარდაშვილის სიტყვები: „ჩვენ ვიკვებებით ფანტომებით და კერპებით. ეს იდოლოკრატიაა! თუ ახალ აზროვნებას ძველი წარმოდგენების გამოყენებით ავაწყობთ, მაშინ ასლის სიზუსტით განმეორდება ტოტალიტარული სისტემის ყველა სტრუქტურა და ბრმები ისევ გაუძღვებიან თვალხილულებს, რომლებიც, საყოველთაო მორჩილების ნიშნად, თავს დახრიან. აუცილებელია, ვინმე ყოვედღიურად აფრთხილებდეს ხალხს: „მოგინდა ბელადი? გაფრთხილდი! იცოდე, რომ ეს მონობაა.“

მგონი, ნაწილობრივ მართლდება სტალინის ცნობილი წინასწარმეტყველება: მისი გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე ოდნავ მეტი გავიდა, მაგრამ ხალხი უკვე იქექება ნაგავში, რომელიც მის საფლავზე დაგროვდა. სწორედ რომ იქექება, და არა ასუფთავებს, როგორც ბელადი ვარაუდობდა.

სტალინის პიროვნებისა და ისტორიაში მისი როლის შეფასება ამჟამად ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მიმდინარეობს: რუსეთში სრულიად დაივიწყეს სოსო ჯუღაშვილი და ადიდებენ იოსებ სტალინს, საქართველოში კი ჯერ ახსოვთ ნიჭიერი პოეტი სოსელო და ამავდროულად ცდილობენ, პირდაპირი გაგებით მიწასთან გაასწორონ ყველაფერი, რაც იოსებ სტალინის სახელს უკავშირდება. ეს შემთხვევითი როდია. ჩემს ბლოგებში მითქვამს, რომ პროცენტული მაჩვენებლით სწორედ საქართველოზე მოდიოდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა: სტალინმა კარგად იცოდა, „ვინ ვინ იყო“ მის ისტორიულ სამშობლოში და 1937 წელს თითქმის მთლიანად გაანადგურა ქართული საზოგადოების მოაზროვნე ელიტა.

რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სტალინი დიდი იმპერიის სიმბოლოა, ხოლო ქართველების უმრავლესობისთვის სტალინი, ბერიასა და ორჯონიკიძესთან ერთად, ქართული ეროვნული ინტერესების ღალატის სინონიმია. თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, ინახება დოკუმენტები იმ ბოროტმოქმედებებზე, რომლებიც ჩაიდინა ლენინისა და სტალინის მიერ საქართველოში გამოგზავნილმა მე-11 არმიამ სერგო ორჯონიკიძის წინამძღოლობით.

მთელი დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი - მმართველი ნაციონალებიდან რადიკალურ ოპოზიციამდე - სტალინს მიიჩნევს წმინდა რუს პოლიტიკოსად, რომელმაც რუსეთის მეფის იმპერიის ნანგრევებზე ახალი, საბჭოთა, იმპერია ააშენა, სადაც „უფროსი ძმის“ საკრალურ როლს, მისი დოქტრინის თანახმად, რუსი ხალხი ასრულებდა. საბჭოთა კავშირის ისტორიის ცნობილი მკვლევრის, აბდურახმან ავტორხანოვის მტკიცებით, მოსკოვში, სტალინის მმართველობის პერიოდში ჩატარებული ქართული ხელოვნების დეკადის დღეებში, ბელადმა ცივად მოუჭრა „აღტაცებულ“ მლიქვნელებს: „მე რუსული კულტურის ადამიანი ვარ - ჩემთვის ეს უცხოა.“ ეს თქვა სოსო ჯუღაშვილმა, რომელიც ჭაბუკობაში მშვენიერ პატრიოტულ ლექსებს წერდა მშობლიურ ქართულ ენაზე! გასაკვირი არაა, რომ 9 მაისს სწორედ მოსკოვის, და არა თბილისის, ქუჩებში გამოიფინება სისხლიანი დიქტატორის პორტრეტები. გასაკვირი არც ის უნდა იყოს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსმა გენერლებმა უარი თქვეს გორში სტალინის ძეგლის დაბომბვაზე - საბჭოეთის ქვის კერპი მათთვის ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი გამოდგა. გენერლებს სულ არ აწუხებთ, რომ „სამამულო ომის“ დროს სტალინისა და ჟუკოვის უნიჭო სარდლობის გამო ტყუილუბრალოდ დაიღუპა რამდენიმე მილიონი ადამიანი!

კერპისა და ადამიანის თემა უსასრულოა, ჩემი ბლოგის მოკრძალებული ამოცანა კი მხოლოდ ის არის, მისდამი ინტერესი გავუღვიძო გარკვეულწილად ინდიფერენტულ ქართველ ახალგაზრდობას. სწორედ ამიტომ ბოლოთქმის ნაცვლად მოვიყვან ძველი აღთქმის მეორე მცნებას: „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.“

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG