"არა რუსულ კანონს!", "არა რუსულ მთავრობას!"
ისეთი მძლავრი, არაცენტრალიზებული პროტესტი საქართველოში, რაც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ 2024 წლის აპრილში დაიწყო, უჩვეულოა - ამ პროტესტს ხელისუფლებაც უჩვეულო სიხისტით პასუხობს.
15 აპრილიდან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - 193 ადმინისტრაციული წესით, 9-ს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. დაკავებულებიდან 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.
დაკავებისას ნაცემებს შორის არიან პოლიტიკოსები, აქტივისტები, ცნობილი თუ უცნობი ადამიანები.
იმის მიუხედავად, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიება დაიწყო, ჯერაც არ არის გამოკვეთილი არც ერთი დამნაშავე.
"აგენტების კანონი" საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო - 18 მაისს სადავო კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.