„ჯადოსნური მთა“ ანუ როგორ გაქრა აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 26 ნოემბერს იხსნება, სხვა ფილმებთან ერთად, ნაჩვენები იქნება რეჟისორების, მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი, „ჯადოსნური მთა“, რომელიც აბასთუმნის ცნობილი ტუბსაავადმყოფოსა და მისი ბინადრების თავგადასავალს და ამ ისტორიული შენობის ნგრევის ამბავს გვიყვება.

„გაიყიდე, რადგან ერთმა ქართველმა ოლიგარქმა გადაწყვიტა მის მდიდრულ ვილად გადაექციე“ - ასე მიმართავს მთხრობელი შენობას, რომელიც ჩვენ თვალწინ ინგრევა.

ფილმი, რომლის მიზანიც თავიდან იყო ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებზე, ამ დიაგნოზით გამოწვეულ სტიგმასა და თავად შენობის მრავალწლოვანი ისტორიის მოყოლა, ამ შენობის ნგრევის კადრებით სრულდება.

დოკუმენტალისტ მარიამ ჭაჭიას, რომელსაც წლების წინ თავად დაუდგინდა ტუბერკულოზი, თითქმის დასრულებული ფილმის თავიდან მონტაჟი მოუწია - უცებ ხმა გავარდა, რომ ამ ადგილს ბიძინა ივანიშვილი ყიდულობდა, რომ დაგეგმილი იყო შენობის დანგრევა და სამაგიეროდ, აბასთუმანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება... გადაღება გააგრძელეს და ფინალიც სულ სხვანაირი გამოვიდა.

ამ ინტერვიუში მარიამი თავის ამბავსაც გვიზიარებს და იმაზეც ლაპარაკობს, როგორც შეიძლება ერთი გავლენიანი კაცის სურვილებს შეეწიროს არა მხოლოდ ერთი შენობა, არამედ გაქრეს მთელი ისტორიაც.

„ჯადოსნური მთა“ უკვე არაერთ კინოფესტივალზე აჩვენეს და ფილმმა კინოკრიტიკოსთა ყურადღებაც დაიმსახურა. მისი მსოფლიო პრემიერა მიუნხენის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალზე შედგა.

ფესტივალების სია ასე გამოიყურება:
• ბარსელონის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი - Docs Barcelona.
• შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი - Shanghai IFF.
• საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ - Golden Apricot.
• სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი.
• ამანის საერთაშორისო კინოფესტივალი - Amman International Film Festival.
• მაკედონიის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი - MakeDox.
• თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი - CineDOC-Tbilisi.
• უკრაინის კინოფესტივალი ბერლინში - Ukrainian FF Berlin.
• ბაქოს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი - DokuBaku.
• ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი -

IDFA. ფილმს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, ბარსელონის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ვერცხლის გარგარი საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს გარგარი“, მაკედონიის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ჯილდო.

ფილმის ჩვენება 2024 წელსაც არაერთი კინოფესტივალზეა დაგეგმილი.