საქართველოს გენერალური პროკურატურა ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. უწყება აქვეყნებს საქმის ბრალდებულების, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სატელეფონო მიმოწერას.
გამოძიების მტკიცებით, ეს მიმოწერა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თეოდორე გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ.
გენერალური პროკურატურის მიერ, 4 დეკემბერს გამოქვეყნებული სატელეფონი გზავნილების შესახებ, რადიო თავისუფლებას ბრალდებულ აკაკი კობალაძის ადვოკატი, ბექა ბასილაია, ჯერ კიდევ 11 ნოემბერს ელაპარაკა. როგორც მან მაშინ გვითხრა, გარდა ირიბი ჩვენებებისა, საქმეში იდო მეგობრებს შორის მიმოწერაც - „სახუმარო სატელეფონო მესიჯები“:
„ამ ხალხს ეს მესიჯები არც კი წაუშლია, რადგან არაფერი დასამალი ამ მესიჯებში არ ყოფილა. მეგობრები ერთმანეთში ხუმრობენ, სმაილებით. ერთმანეთს სწერენ, გობეჯიშვილი დასაჭერების სიაში მოხვდაო, რასაც ბევრი სმაილი მოსდევს“.
რას სწერენ მეგობრები ერთმანეთს?
საქმის მასალების თანახმად, 6 ნოემბერს, დაკავებულებმა, აკაკი ხუსკივაძემ, ცესკო-ს სწავლების ყოფილმა სპეციალისტმა და აკაკი კობალაძემ, 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთმა დამკვირვებელმა და პოლიტოლოგმა, მეგობარს, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, თედორე გობეჯიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
მომდევნო დღეს, 7 ნოემბერს, დილის საათებში, თედორე გობეჯიშვილი ოჯახის წევრებმა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
ასევე ნახეთ საოლქო კომისიის თავმჯდომარის სიკვდილი - მეგობრების მუქარა თუ შეკერილი საქმე?გამოძიება საქმის მასალებში არსებულ ე.წ. სატელეფონო "სქრინებს" აქვეყნებს და ასკვნის, რომ აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, ამ სატელეფონო მიმოწერით, თედორე გობეჯიშვილს დაჭერით ემუქრებოდნენ:
„ბრალდებული აკაკი კობალაძე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძეს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე“. აკაკი კობალაძე გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა“, ასევე - „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება“, რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხატია დეკანოიძის დასაჭერთა სია - „სასაცილოც კი აღარ არის“
მიმოწერაში ნახსენები „ხატია“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეა. მის შესახებ, საქმის მთავარი მოწმე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი და გარდაცვლილ თედორე გობეჯიშვილის თანაშემწე, თავის ჩვენებაშიც საუბრობს, რომელიც მან გამოძიებას 7 ნოემბერს მისცა:
„თედორემ მითხრა, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, ძირითად აქცენტს აკეთებდნენ ხატია დეკანოიძეზე, ეუბნებოდნენ, ხომ იცი, ხატია რა აქტიური პოლიტიკური ფიგურაა, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაგიფასდება ნაციონალების გვერდში დგომაო“, - ვკითხულობთ ზაალიშვილის გამოკითხვის ოქმში.
ხატია დეკანოიძის სახელი კობალაძე-ხუსკივაძის საქმის კიდევ ერთ მონაკვეთში ჩნდება - როდესაც აკაკი კობალაძე, ნოემბრის მიწურულს, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს აგზავნის. ამონარიდები წერილიდან ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 28 ნოემბერს გაავრცელა.
როგორც აკაკი კობალაძის მეუღლე, სოფიო სოსელია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, მისი ინფორმაციით, წერილს კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კი უთხრა, რომ წერილი მან პირადად მოიპოვა.
ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტის თანახმად, აკაკი კობალაძესა და ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების უფროსს შორის, 7 ნოემბერს, ამ შინაარსის დიალოგი შედგა:
-ხატია დეკანოიძემ დაგავალა?
-ხატიას არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრილვარ, მით უმეტეს, პირისპირ, ვერაფერს დამავალებდა.
-კარგი, არაფერი შეგეშალოს.
ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ აკაკი კობალაძე წერილში დეტალურად აღწერს, როგორ აიძულებდნენ მას ეღიარებინა, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის სახელით ემუქრებოდნენ: „კობალაძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ პოლიციელი ფერხული ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდით ცდილობდა მოწმის სტატუსით იქ მყოფს ეთქვა ის, რაც ბრალდებულის მტკიცების სრული აბსურდია. აკაკი კობალაძე ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების უფროსს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს“.
პოლიციის განყოფილებაში, აკაკი კობალაძის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. როგორც უწყებაში განუმარტავენ რადიო თავისუფლებას, გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" პუნქტით მიმდინარეობს. გამოკითხულია აკაკი კობალაძე: "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას".
მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ზაალ ზაალიშვილი საკუთარ ჩვენებაში ხატია დეკანოიძის შესახებ მიუთითებს და ამასთანავე, კობალაძე-ხუსკივაძის მიმოწერაში, ხატია დეკანოიძე, „დასაჭერთა სიის“ მფლობელად არის მოხსენიებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გამოძიებას არ გამოუკითხავს.
როგორც ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, ის არც იმას გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს გამოძიებამ:
„როცა ასეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ და ასეთი ხელისუფლება გვყავს, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. არ ვიცი, რისთვის სჭირდებათ ჩემი სახელის ხსენება. ვინ უნდა დაიჯეროს, რომ დეკანოიძე რაღაც სიებს ადგენს. მაგრამ ახლა მთავარი მიზანია, რომ ეს ორი უდანაშაულო ადამიანი დროულად გავათავისუფლოთ. ვერ ვხვდები, ლაშა ნაცვლიშვილის [„ქართული ოცნების“ პიარკონსულტანტი] დაწერილ პროპაგანდაზე, რომელიც პროკურატურის მიერ ვრცელდება, რა განცხადება შეიძლება გავაკეთო. სასაცილოც კი აღარ არის, რომ თითქოს მე „დასაჭერთა სია“ მაქვს შედგენილი“.
ხატია დეკანოიძის თქმით, ის იცნობს საქმის მხოლოდ ერთ ბრალდებულს, აკაკი ხუსკივაძეს. მისი თქმით, ისინი ერთმანეთს წინასაარჩევნო პერიოდში, ტრენინგებზე შეხვდნენ. გარდა ამისა, ხატია დეკანოიძე და აკაკი ხუსკივაძე არჩევნების დღეს 78-ე და 81-ე უბანთანაც იმყოფებოდნენ:
„გარეთ ვიდექით, რადგან იქ ავიწროებდნენ ჩვენს დამკვირვებლებს და წარმომადგებლებს. რაც შეეხება აკაკი კობალაძეს, მას არ ვიცნობ. თუმცა, მას შემდეგ, რაც დააკავეს, გავიცანი მისი მეუღლე. გავიცანი ასევე აკაკი ხუსკივაძის მეუღლეც. არ ვიცნობდი არც გარდაცვლილ თედორე გობეჯიშვილს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ“.
მესიჯები, როგორც ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების გარანტი?
ბექა ბასილაია, დაკავებულების ადვოკატი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ამჯერადაც იმეორებს, რომ საქმის მასალებში არსებული სატელეფონო მიმოწერა, სხვა არაფერია, თუ არა მეგობრების „შაყირი“ და მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებას, გარდა ირიბი ჩვენებებისა და ამ სატელეფონო გზავნილებისა, სხვა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, იძულებულია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, წინასასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს გზავნილები გამოაქვეყნოს:
„პროკურატურას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვოს ამ სრულიად არა მტკიცებულებითი შინაარსის შემცველი მესიჯებით, რადგან გამოძიებას არანაირი სამართლებრივი არგუმენტი მათი პატიმრობაში დატოვებისა, არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის, ე.წ. „სიცილაკებით“ დაწერილი მესიჯები, ერთმანეთს რომ ეხუმრებიან. ეს მესიჯები იმას ადასტურებს, რომ არანაირ იძულებას, შანტაჟს თუ ქრთამის შეთავაზებას, ადგილი არ ჰქონია. მეგობრები ერთმანეთში ხუმრობენ. როგორ შეიძლება, ხატიას „დასაჭერთა სია“ ადამიანმა სერიოზულად მიიღოს“.
ასევე ნახეთ კობალაძე-ხუსკივაძის საქმის ადვოკატები: პროპაგანდისტულ მანქანაში სასამართლოც ჩაერთოაკაკი კობალაძის ახლო მეგობარი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, გამორიცხავს რაიმე სახის, თუნდაც მცირე პრობლემას, თედორე გობეჯიშვილისა და აკაკი კობალაძის ურთიერთობაში. პროკურატურის მიერ გავრცელებული სატელეფონო გზავნილები კი მისი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა მეგობრებს შორის „სახუმარო მიმოწერა“ და არცერთი წინადადება არ მიანიშნებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე. ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ამ მესიჯების გამოქვეყნებით, საგამოძიებო უწყება ცდილობს საფუძველი მოუძებნოს აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძეს დაკავებას:
„ამ მესიჯებში არაფერია ისეთი, რასაც დანაშაულამდე მივყავართ. ეს არის მეგობართა წრეში, პრობლემატურ საკითხზე მიმდინარე დიალოგი. მეც რომ მყოლოდა მეგობარი საარჩევნო კომისიაში, მეც ალბათ ასევე გულდათუთქული ვიქნებოდი და შეიძლებოდა მეთქვა, რა გინდა მანდო. პროკურატურის მიზანია, საზოგადოებაში შექმნას განწყობა, რომ თითქოს და მართლაც რაღაც ხდებოდა“.
რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის შექმნას კობალაძე-ხუსკივაძის საქმის გარშემო, საპირისპიროს აცხადებს გენერალური პროკურატურა. უწყება პირიქით, 4 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, წერს, რომ ბრალდებულთა ინტერესთა დამცველების მხრიდან სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა:
„აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულების ა.ხ.-ს და ა.კ.-ს მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. აღნიშნულიდან და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის სატელეფონო მიმოწერის ფოტოები.
აკაკი კობალაძის ცოლი, სოფია სოსელია გვეუბნება: „სატელეფონო მიმოწერაში „სმაილებიც“ კი ამოჭრეს, რომ გზავნილების ხასიათი დაემძიმებინათ. სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ ე.წ. მტკიცებულებების გამოქვეყნებით, ცხადი ხდება, რომ სასამართლოს მათი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს“.
როგორც ბრალდებულები, ისე ადვოკატები და მათი ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე იმ მამხილებელი ინფორმაციის გავრცელების გამო დააკავა, რომლის შესახებაც მათ 6 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრეს. აკაკი ხუსკივაძემ, ცესკო-ს სწავლების ყოფილმა სპეციალისტმა და აკაკი კობალაძემ, პოლიტოლოგმა და 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, სატელევიზიო ეთერში იმ ხარვეზებსა და დარღვევებზე ილაპარაკეს, რომლებიც მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირდა.
აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდა. 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე.