ხორავას ქუჩის საქმე პარლამენტში: შოუ თუ რეალური ბერკეტი?

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მოთხოვნები. თბილისი, 27 მაისი, 2018 წ.

რატომ არ იმოქმედა პროკურატურამ ადეკვატურად და ვინ დააფარა ხელი დამნაშავეებს - ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს 7 ივნისიდან საპარლამენტო კომისია გამოიძიებს. კომისიას უხელმძღვანელებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, რომელიც იმედოვნებს, რომ მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვისა და მასალების შესწავლის პროცესი ბევრ დეტალს გამოააშკარავებს. ამისი არ სჯერა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას სახელისუფლებო თამაშის ნაწილად განიხილავს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განკუთვნილი კვოტა კომისიის სხვა წევრებზე გადანაწილდება. კომისიის შემადგენლობას პარლამენტი 6 ივნისს რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.

17-კაციან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველო“ 9 წევრით იქნება წარმოდგენილი და თავმჯდომარეც ამ ჯგუფიდან იქნება - ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის სახით. მართალია, კომისიის პრეროგატივა მკვლელების დასახელება არ იქნება, მაგრამ, როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, შესაძლებელი იქნება პასუხი გაეცეს შეკითხვებს - რატომ ვერ მოხერხდა დამნაშავეების გამოვლენა და ვინ აფარებდა მათ ხელს. ამისათვის შესწავლილი იქნება საგამოძიებო მასალები და დაიკითხება არაერთი პირი, მათ შორის, მაგალითად: იუსტიციის მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომელსაც დაზარალებული მხარე დამნაშავეთა მფარველობაში ღიად ადანაშაულებს.

Your browser doesn’t support HTML5

სერგი კაპანაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ.

სერგი კაპანაძის თქმით, „კომისია არის საზოგადოებრივი აზრის ბერკეტი, საზოგადოებრივი წნეხის ბერკეტი და „ქართული ოცნებაც“ კვოტირების ასეთ სისტემას სწორედ ძლიერი საზოგადოებრივი წნეხის გამო დაეთანხმა“. თავად „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა კომისიაში უმცირესობით (6 წევრი) იქნება წარმოდგენილი და ეს რომ ასე იქნებოდა, ამის პირობა ჯერ კიდევ 1 ივნისს დადო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის მიერ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე.

საზოგადოების ძლიერი პროტესტისა და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ხალხმრავალი აქციების ფონზე, საგამოძიებო კომისიის შექმნა იმთავითვე უტოპიურ იდეად მიიჩნია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. გადაწყვეტილება ამ პოლიტიკურ ძალას არც 5 ივნისს, 16:00 საათამდე, შეუცვლია. ეს იყო ბოლო ვადა, როდესაც საპარლამენტო ფრაქციებს კომისიის მომავალ წევრთა გვარები უნდა წარედგინათ.

„კომისიის მუშაობაში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას. არ გავახარებთ უმრავლესობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ. ის და მისი თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს პროცესი დროის მოსაგებად წამოიწყო.

„სახეზეა სახელისუფლებო კრიზისი და კომისია იქმნება ამ ვითარების განმუხტვის მექანიზმად. ეს არის მეხამრიდი ხელისუფლებისთვის, რომ გადააგორონ ეს კრიზისი. არ უარვყოფთ, რომ კომისია არის ძალიან დიდი ბერკეტი, მით უმეტეს - ოპოზიციის ხელში, როცა მას შეუძლია დაიბაროს ნებისმიერი თანამდებობის პირი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ კომისია გადაიქცეს 3-თვიან შოუდ, ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფოდ გამოვლინდეს ყველა დამნაშავე, მათ შორის - ძალოვან სტრუქტურებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რომან გოცირიძემ.

უარის გამო, კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის განსაზღვრული ადგილები სხვებზე გადანაწილდა. იმის გამო, რომ შესაძლებელი ორი ადგილიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებმა“ და კომისიის წევრად მხოლოდ ადა მარშანია დაასახელა, დარჩენილი ერთი ადგილი „ქართული ოცნების“ უმრავლესობას დაემატა. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში დამოუკიდებელი დეპუტატის ადგილს სალომე ზურაბიშვილი დაიკავებს.