სოფელ ბუკნარში ადგილობრივების შერიგებისა და „მშვიდობიან თანაცხოვრებაზე“ შეთანხმების შემდეგ აუცილებელია, ადგილზე განვითარებული მოვლენები სიღრმისეულად შევაფასოთ და სწორი გაკვეთილები გამოვიტანოთ. პირველადი დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ ბუკნარის შემთხვევა საქართველოში დღემდე მომხდარი რელიგიური დაპირისპირებებისგან არსებითად განსხვავდება. ამ კონფლიქტში საქართველოს მუსლიმი თემი არ გაჩუმებულა, ისინი ცალსახად გამოხატავდნენ საკუთარ გაბრაზებას, ხოლო ადგილობრივი მუსლიმები პასიურად და ეულად არ პოზიციონირებდნენ. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ცვლილების დანახვა და სწორად წაკითხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში მშვიდობიანი, სამართლიანი და სოლიდარული საზოგადოება შეიქმნას.
თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ამ კონფლიქტის ასეთად წაკითხვის მცდელობა არ იკვეთება. პირიქით, რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ბატონი ზაზა ვაშაყმაძის, განცხადება, სადაც იგი ბუკნარის ამბებს უბრალო ინციდენტს უწოდებს და პალიტრა ნიუსის წამყვანსაც მოუწოდებს არ გამოიყენოს სიტყვები, როგორიცაა კონფლიქტი, გამწვავება და ა.შ. მიგვანიშნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს და თანამდებობის პირებს ჯერ კიდევ არ აქვთ გააზრებული ბუკნარის კონფლიქტის განსხვავებული ბუნება და ჯერ კიდევ მიიჩნევა, რომ უბრალო სემანტიკით ან შედარებით ნეიტრალური ენის გამოყენებით შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში არსებული და დაგროვებული პრობლემების „მოგვარება“.
იმედი მაქვს, რომ ეს წერილი ასეთი ზედაპირული შეხედულებების გაქარწყლების პროცესში მცირე როლს მაინც ითამაშებს და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მათ საქმიანობაში ტრანსფორმაციული პოლიტიკის, პრაქტიკის და პერსპექტივის შემოტანაზე დააფიქრებს.
14-15 იანვარს მე ვიმყოფებოდი სოფელ ბუკნარში და ეს წერილიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუსლიმ თემთან გასაუბრებების და მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებების შედეგად დაიწერა.
სანამ ბუკნარის კონფლიქტის განსხვავებულ ნიშნებზე ვისაუბრებთ, უნდა გავიხსენოთ წინა წლებში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი შევიწროების ფაქტები და შევეცადოთ დავინახოთ, თუ რა ფაქტორები აერთიანებდა სოფელ ციხისძირის (2011), სოფელ ნიგვზიანის (2012), სოფელ წინწყაროს (2013), სოფელ სამთაწყაროს (2013), სოფელ ჭელის (2013), ქობულეთის (2014), სოფელ მოხისა (2014) და ადიგენის (2016) კონფლიქტებს. ყველასთვის ცნობილია, რომ არც ერთ ამ შემთხვევაზე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ მომხდარა. თუმცა, ამ წერილის მიზნებიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა რეაქცია ჰქონდათ ამ კონფლიქტებზე როგორც მთლიანად საქართველოს მუსლიმებს, ასევე ადგილობრივ თემს.
თითქმის ყველა ამ შემთხვევაში, გარდა რამდენიმე ადამიანისა, ადგილობრივი მუსლიმი თემი ან არ ჩანდა ან მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ხმას არ იღებდა. ყველა ამ შემთხვევის დროს, მუსლიმი თემი ცალსახა მსხვერპლის როლში გვევლინებოდა. ისინი საკუთარ ჩაგრულ ყოფას არსებითად შეგუებულნი იყვნენ. ადგილობრივი მუსლიმების მდუმარების ფონზე, თითქმის შეუმჩნეველი იყო სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მუსლიმი თემის პოზიციებიც. უფრო მეტიც, დამნაშავეების დასჯას ხშირად მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვდა და იშვიათად ან თითქმის საერთოდ არ ისმოდა თემის წარმომადგენელი აქტივისტების ხმა. არ იკითხებოდა ქართველი მუსლიმების ემოციებიც. მათი უმრავლესობის პოზიცია, ხშირად, საკუთარი მუსლიმობის გამართლებისა და რაციონალიზაციის მცდელობა უფრო იყო, ვიდრე უფლებების დაცვის მოთხოვნა.
თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ბუკნარში როგორც საქართველოს მუსლიმი თემის, ასევე ადგილობრივების ქცევებიც წინა კონფლიქტებისგან განსხვავებული ნიშნები გამოიკვეთა. გთავაზობთ ჩემ მიერ დანახულ ოთხ სავარაუდო განსხვავებას.
ერთიანობა
უპირველეს ყოვლისა, ბუკნარში ადგილობრივი მუსლიმი თემი არ იყო მარტო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მუსლიმი თემი სოლიდარობის ნიშნად მზად იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღევლინა ლოცვა, დაეცვა ბუკნარელების სალოცავი და ლოცვის უფლება. უფრო მეტიც, ბუკნარის პროცესებმა რამდენიმე ლიდერიც კი გამოავლინა, რომლებმაც შეძლეს მოსახლეობის ემოციებისა და განწყობების მართვა და შეეძლოთ ემართათ ერთობლივი მოქმედებებიც. ხაზგასასმელია, რომ ამ ლიდერების პოზიციები და გამონათქვამები არსებითად სწორი და სამართლიანი იყო. მიუხედავად ამისა, იყო მცდელობები ამ ადამიანების მიერ გამოხატულ პოზიციებზე მეტად მათ წარსულზე გაკეთებულიყო აქცენტი. ამასთანავე, შეინიშნებოდა დაინტერესებული პირების მიერ პროცესებში პოლიტიკური განზომილების შემოტანის მცდელობა, რაც ასევე კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზების უგულებელყოფას და გადაფარვას ისახავდა მიზნად.
დუმილის დარღვევა
მეორე, ბუკნარში მუსლიმი თემი არ იყო ჩუმად. 14 იანვარს ჩოხატაურის მერიის შენობის წინ შეკრებილი ბუკნარელები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ არსებულ პრობლემებზე და ითხოვდნენ თანამდებობის პირებთან შეხვედრას. სოფელში მუსლიმი თემის მნიშვნელოვანი ნაწილი მზად იყო ღიად ესაუბრა არსებულ საკითხებზე და გამოეხატა საკუთარი წუხილები და საჭიროებები, მათ შორის ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პოლიციასთან და ა.შ. მაშინ, როცა სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა, პირიქით, თავს არიდებდა ჟურნალისტებთან კონტაქტს. გარდა მცირე განსხვავებებისა, ბუკნარელი მუსლიმების და დანარჩენ საქართველოდან ჩამოსული მუსლიმების ძირითადი ტექსტები ემთხვეოდა ერთმანეთს. თუმცა, მაშინ როცა ქართველი მუსლიმების ერთი ნაწილის გამოხატვის ფორმებში უფრო მეტი ბრაზი იკითხებოდა, ადგილობრივი მუსლიმები ძირითად აქცენტს ლოცვის უფლებაზე, დაცულობის გარანტიაზე და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე აკეთებდნენ.
დაღლა და ბრაზი
მესამე, ბუკნარში საქართველოს მუსლიმი თემი დაღლილი და გაბრაზებული იყო. მოსახლეობასთან საუბარში ჩანდა, რომ ისინი სახელმწიფოზე, დომინანტ ჯგუფზე, თანასოფლელებზე (ბუკნარის მუსლიმების შემთხვევაში) და საკუთარ თავზეც კი გაბრაზებულნი იყვნენ. მათი ბრაზი იკითხებოდა ყველა მათ სიტყვაში და ქმედებაში. ცალსახა იყო, რომ ისინი არ აპირებდნენ დათმობას და უკან დახევას. უფრო მეტიც, ხშირად მოსახლეობა არც კი ერიდებოდა საკუთარი ბრაზის არტიკულირებას. ასევე, აშკარად ჩანდა მათი დაღლა არსებული უსამართლობისგან, უფლებების დარღვევისგან და ჩაგრული ყოფისგან.
ჩვენც ქართველები ვართ!
მეოთხე, ბუკნარში მუსლიმი თემი აცხადებდა, რომ ისინი დაიღალნენ საკუთარი ქართველობის მტკიცებით. 14-15 იანვარს მუსლიმ თემთან საუბრისას ყველაზე ხშირად მოისმენდით: „ჩვენც ქართველები ვართ!“ და „დავიღალეთ ჩვენი ქართველობის მტკიცებით“. მათი წუხილის და უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ, მათი აზრით, დომინანტი ჯგუფი მათ არ აღიქვამდა სრულფასოვან ქართველებად.
მიმაჩნია, რომ ამ განწყობის სწორად დანახვა და შეფასება სახელმწიფოსთვის და დომინანტი ჯგუფისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სწორად შეისწავლოს და შეაფასოს ბუკნარის კონფლიქტი და მისი გავლენები, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე თავად მუსლიმი თემის შიგნით. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ დროა, მოვეშვათ ქართველი ხალხის ისტორიული ტოლერანტობის შესახებ მითების და უშინაარსო ნარატივების კულტივირებას. შევეცადოთ დავინახოთ კონფლიქტის და დაპირისპირებების სიღრმისეული მიზეზები, არსებითად შემოვიტანოთ ტრანსფორმაციული მიდგომები და გულწრფელად დავუგდოთ ყური ქართველი მუსლიმების გაცხადებულ წუხილებს და გამოცდილებებს.
საბოლოო ანალიზი გვიჩვენებს, რომ კონტროლზე, უსაფრთხოებაზე და შიშებზე დაფუძნებული პოლიტიკების უცვლელობა, ცვლის კონკრეტულ განწყობებსა და ემოციებს ჩაგრულ და გარიყულ ჯგუფებში. უცხოდ დანახვის პრაქტიკები აბრაზებს და ღლის ადამიანებს. ზედაპირული ტოლერანტობის საფარქვეშ ხმაწართმეული ხალხის საჭიროებების და განცდების უგულებელყოფა მათ აერთიანებს პრობლემების გარშემო. ხოლო ხმაწართმეული, დაღლილი და გაბრაზებული ხალხი ყოველთვის სიჩუმეს არ ირჩევს.