ხმაურიანი ბრალდებები სინოდის წევრების წინააღმდეგ

მეუფე პეტრეს ბრალდებების კვალდაკვალ საზოგადოებამ - ერმა თუ ბერმა - ძველი ამბებიც გაიხსენა. სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაციის (მათ შორის - წერილების) თანახმად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ფაქტები საზოგადოებამ საყურადღებოდ იმის გამო მიიჩნია, რომ ბრალდებების ადრესატთა შორის წმინდა სინოდის ამჟამინდელი წევრებიც არიან.

ხმაური # 1

წმინდა სინოდის წევრის, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის, მეუფე ზოსიმეს (შიოშვილი) წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ბრალდება სასულიერო სემინარია-აკადემიის ყოფილ სტუდენტს, ამჟამად ემიგრაციაში მყოფ საერო პირს (კ.კ.-ს) უკავშირდება.

მეუფე ზოსიმესკენ ამჟამად თითს იშვერს კ.კ.-ს მეგობარი -„ემიგრაციული ეკლესიის“ მოძღვარი, საფრანგეთში მოღვაწე გიორგი სხილაძე. ის ამბობს, რომ:

  • 1988 წელს, იმ ხანად სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი მეუფე ზოსიმე სექსუალურად ავიწროებდა მის სულიერ ძმას (კ.კ.-ს);
  • ფაქტის შესახებ მეგობრებისთვის ცნობილი გახდა თავად კ.კ.-სგან;
  • 17-18 წლის კ.კ.-ს მეგობარი სტუდენტების ჯგუფმა რექტორს პოსტიდან გადადგომის განცხადების დაწერა აიძულა;
  • ამ ფაქტის გამო კ.კ.-მ სწავლას თავი დაანება, ხოლო მისი მეგობარი სტუდენტები სასწავლებლიდან გარიცხეს.

„ეს ბიჭი ჯარში უნდა გაეწვიათ და რექტორი დახმარებას დაპირდა, მისი მოთაფვლა გადაწყვიტა. დაუახლოვდა, სტიქაროსნად დანიშნა და მის მიმართ გარყვნილი ქმედების განხორციელება სცადა, თან არაერთხელ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი სხილაძემ.

31 წლის წინ მომხდარს მედიასთან დღეს კვიპროსში მოღვაწე დეკანოზი ზაქარია ფერაძეც ადასტურებს. ძველ წერილში, რომელიც მისი სახელით „ტაბულამ“ გაავრცელა, მოთხრობილია ამბები მინიშნებით, რომ სასულიერო სასწავლებლის იმჟამინდელ რექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

თავად მეუფე ზოსიმე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, დაგეგმილ პროვოკაციაზე აკეთებს აქცენტს და სასულიერო სემინარია-აკადემიიდან წასვლის სულ სხვა მიზეზებს ასახელებს.

საკუთარ თავზე არაფერს ადასტურებს, თუმცა 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა თქვა, რომ სმენია სხვა ფაქტების არსებობისა და მათზე რეაგირების შესახებაც.

ხმაური # 2

მეორე ამბავი წმინდა სინოდის წევრს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, მეუფე ანანია (ჯაფარიძეს) უკავშირდება. მისი სახელი ნახსენებია სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სკანდალური წერილების ციკლში, რომელთა ადრესატი ძირითადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეა. 1983-84 წლებით დათარიღებულ წერილებს ხელს აწერს ან მხოლოდ ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) ანდა მასთან ერთად - ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე .

ამ წერილებში ლაპარაკია:

  • კონკრეტული სასულიერო პირების (მათ შორის - ანანია ჯაფარიძის) ჰომოსექსუალურ კავშირებზე, რაც კანონიკური სამართლით დასჯადია;
  • მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) არაერთგზის სდებს ბრალს კათალიკოს-პატრიარქს ჰომოსექსუალური კავშირების მქონე პირებზე ხელის დაფარებაში და მათი სწრაფი დაწინაურების ხელშეწყობაში;

„...ანანია ჯაფარიძე თქვენ გასაოცარი აჩქარებით აღამაღლეთ ეპისკოპოსის ხარისხში მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიაში იყვნენ ხირატონიით, ცოდნითა და ყველა სხვა მონაცემებით უპირატესი და მაღლა მდგომი ადამიანები. რატომ გააკეთეთ ეს?“ - მიმართავს პატრიარქსა და სინოდს მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი).

წერილებში ძალიან ბევრი სახელი და გვარია დასახელებული, რომელთა ჰომოსექსუალურ ცხოვრებასაც (ტექსტების შინაარსის თანახმად) ამხელს არაერთი იმჟამინდელი სასულიერო პირი. მათი დიდი ნაწილი უკვე გარდაცვლილია.

მამხილებელთა ჩამონათვალშია მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი ქრისტეფორე წამალაიძეც. ეს სწორედ ის ყოფილი მღდელმთავარია, რომელსაც მეუფე ზოსიმე მის წინააღმდეგ პროვოკაციული სცენარით ამხედრებული სტუდენტების უკან ხედავდა.

  • გამოქვეყნებულ წერილებში არ არის ლაპარაკი სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ფაქტებზე;
  • თუმცა ტექსტებში ნახსენები ერთ-ერთი სასულიერო პირი, ეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი ასევე ფიგურირებს კიდევ ერთი დაზარალებულის (თ.ა.) მონათხრობში (ინტერვიუებს „ქრონიკა“ აქვეყნებდა).

ხმაური # 3

მესამე სკანდალური ამბავი შედარებით ახალია და მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) უკავშირდება. ის დღემდე ირიცხება წმინდა სინოდის წევრთა რიგებში. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არასრულწლოვანი გოგონას სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე.

  • ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან მიტროპოლიტ სერაფიმეს წასვლას ბევრი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებდა;
  • საპატრიარქომ ეპარქიიდან მისი წასვლის მიზეზად პირადი თხოვნას დაასახელა;
  • მრევლის ნაწილმა ეს ფაქტი არ დაიჯერა და დღემდე თვლის, რომ მიტროპოლიტს ცილი დასწამა კონკრეტულმა დაინტერესებულმა ჯგუფმა;
  • გამოძიება არ ჩატარებულა;
  • 2017 წლის 11 ოქტომბერს წმინდა სინოდმა მიტროპოლიტ სერაფიმეს მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა და მამათა მონასტერში გაამწესა;
  • მოგვიანებით გავრცელდა ფოტო- და ვიდეომასალა, სადაც რუსეთში მყოფი მიტროპოლიტი სერაფიმე, ქადაგებისას, ტაძარში რუსეთის პატრიარქის გვერდით დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქო აპირებდა, მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად გაეგზავნა, თუმცა ამ განზრახვას დასახელებულ ეპარქიაში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. 2017 წლის იანვარში მიტროპოლიტმა სერაფიმემ გაავრცელა წერილი, სადაც მან უარი თქვა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე.

სხვა ბრალდებები და გაგებული ამბები

მეუფე პეტრეს მიერ გახმოვანებული ბრალდებების კვალდაკვალ, ახალ-ახალი და ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციაც ვრცელდება და სასულიერო პირებიც აცხადებენ, რომ მათ სმენიათ ეკლესიაში როგორც ჰომოსექსუალური კავშირების, ასევე სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებაც.

პატრიარქის მიმართ ბრალდების საერთოდ არ სჯერა, მაგრამ ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, წმინდა სინოდის წევრი მეუფე ანტონი არ გამორიცხავს ჰომოსექსუალობისა და ასევე - სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობას ეკლესიის წიაღში. 5 ნოემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას მეუფემ თქვა:

  • „ეს ჩემთვის არახალია, მე ვიცოდი და ვიცი, რაც ხდება - ჩვენ ამას დრო და დრო ვისმენთ ადამიანებისგან, გვეუბნებიან ადამიანები“;
  • „ზოგადად ეს არსებობს... იყო სულ ლაპარაკი... ჩემთვის უცხო არ იყო ეს - მე გაგონილი მქონდა“;
  • „ჩვენ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა - პირად საუბრებში იქნება ეს... სუფრაზე იქნება... ზოგი წუხილით მოდის“;
  • „რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ... მარსზე კი არ ვცხოვრობ, დედამიწაზე ვცხოვრობ“;
  • „მე ვიცი, რომ რამდენიმე მოძღვარი განაყენეს (ამის გამო), გაფრთხილება მისცეს, კვლევებიც მიდის და ზნეობრივი კომიტეტიც იყო ჩამოყალიბებული... მუშაობენ... ჩვენ რომ ამას ერთ ყურში ვუშვებდეთ და მეორედან ვატარებდეთ, მთლად ასე არ არის“;
  • „(პეტრე ცაავა) ნორმალური ადამიანია და რომ არ ჰქონოდა რაიმე საფუძველი... მგონია, რომ... თეთრი ბილეთი არა აქვს და გიჟის ცნობა არა აქვს“.

როგორც საფრანგეთში მოღვაწე „ემიგრაციული ეკლესიის“ მოძღვარმა, გიორგი სხილაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებული ამბის გარდა, ის ფლობს არაერთ ინფორმაციას სხვა მოქმედი, მათ შორის - მაღალი იერარქიის სასულიერო პირების შესახებაც.

გიორგი სხილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასახელებს კონკრეტული სასულიერო პირების სახელებსა და გვარებსაც.

ასევე ნახეთ მიტროპოლიტი ზოსიმე სექსუალური შევიწროების ბრალდებაზე: მაშინ ეკლესიამ განსაჯა ეს საკითხი

ვითარება სულ უფრო რთულდება და ბრძოლამ მწვავე ფორმები მიიღო.

6 ნოემბერს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 1980-იანი წლების პროქტოლოგიური შემოწმების ცნობათა ასლებიც (სავარაუდოდ - ეროვნული არქივიდან). გავრცელებული მასალის თანახმად, ერთ-ერთი შემოწმება სავარაუდოდ ჩაიტარა (აწ გარდაცვლილმა) მიტროპოლიტმა - წმინდა სინოდის ორი ეპისკოპოსის ბრალდებების გამო.

ეს კონკრეტული მიტროპოლიტი ნახსენებია შიო (ავალიშვილის) წერილებშიც. გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოოდ, მაინც მოხდა მისი განკვეთა. დაუზუსტებელი ცნობით, წერილების ტექსტში ნახსენები სასულიერო პირთა ჯგუფის ზეწოლის შედეგად, ეკლესიიდან განკვეთილ იქნა იოანე ანანიაშვილიც.