ხელისუფლება იზოლაციაშია. რა იქნება ამის შედეგი?

მორალური იზოლაცია

„ქართული ოცნება“ არასოდეს ყოფილა მორალურად ისე იზოლირებული, როგორც აგენტების შესახებ მართლაც რუსული კანონის მიღების (ჯერჯერობით, მიღების მცდელობის) შემდეგ. საერთაშორისო გამოხმაურებებს არ ვგულისხმობ: მის მიმართ ნდობა მანამდეც დაკარგული იყო, თუმცა ახლა ფორმულირებები კიდევ უფრო გამკაცრდა. ვსაუბრობ მთავარზე: ქართული საზოგადოების რეაქციაზე.

ცხადია, იზოლაცია სრული არ არის. მას ნამდვილი მომხრეებიც ჰყავს მათ გარდა, ვისაც ბიძინა ფულს უხდის. როცა ამ ტექსტის დაწერა გადავწყვიტე, ვუსმენდი, გაბრაზებული შუახნის ჯეელი როგორ ჩაჰყვიროდა მობილურს: „ჩახოცონ, მაგათი დედაც...“

ივანიშვილის რეჟიმი პრაქტიკულად ასეთი ხალხის ამარა რჩება: კობახიძე-მდინარაძის მოდელის უპრინციპო ოპორტუნისტები და ხალხი, ვისაც სიძულვილი ახრჩობთ. ვეღარ ვიტყვით, რომ ნაციონალებისა: ფიქცია, რომ ვინც ხელისუფლებას უპირისპირდება, ნაციონალია, დაახლოებით ისევე დამაჯერებელია, როგორც ის, რომ „აგენტების“ კანონი ევროინტეგრაციის პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება. სიძულვილის მიზეზებს რა გამოლევს.

ცხადია, კიდევ არის უზარმაზარი სოციალური ჯგუფი: ისინი, ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია და დიდად არც ჰგონია, რომ უნდა გააჩნდეს. არჩევნების ბედს ეს ჭაობი წყვეტს, მაგრამ იქ ჩამალული ხალხის ხმები მხოლოდ ხახვის და კარტოფილის დარიგებით არ განისაზღვრება: საზოგადოების მორალური ატმოსფერო მათზეც მოქმედებს.

დღეს სულ უფრო ძნელია, ასე თუ ისე წესიერი ადამიანის იმიჯი შეინარჩუნო, თუნდაც „სვეცკი“ საზოგადოებაში თავი მოიწონო და ამ კანონს მიემხრო. ვინც ამას კიდევ ცდილობს, ისეთი ინტელექტუალური ეკვილიბრისტიკა სჭირდება, რომ სასაცილო ხდება.

დიახ, მთავრობა რუსულია

რამ გამოიწვია ეს? ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილში (განსაკუთრებით ყოფილ „შუაშისტებში“) სულ ცოტა ხნის წინ პოპულარული იყო იმის თქმა, რომ „მთავრობა რუსულიას“ ძახილი არ მუშაობს (ალბათ იმიტომ, რომ „ნაციონალებთან“ იყო ასოცირებული), ამიტომ ბიძინას დასამარცხებლად რაღაც სხვა და უკეთესი უნდა მოვიფიქროთ. შესაძლოა, რაღაც მომენტებში ეს არგუმენტი დამაჯერებელი ჩანდა, მაგრამ ამ დღეებმაც აჩვენა, რომ ეს ასე არ ყოფილა.

სამოქალაქო ნაციონალიზმი (ვისაც უნდა, პატრიოტიზმი დაარქვას), რაც ჩვენში რუსეთისგან დამოუკიდებელი ევროპული საქართველოს იდეას გულისხმობს, საზოგადოების ყველაზე მძლავრ გამაერთიანებლად რჩება. ყველაზე სერიოზულ, მასობრივ და ემოციურ პროტესტს სწორედ ამ იდეალის ხელყოფის მცდელობა იწვევს.

თუ „მთავრობა რუსულიას“ ლოზუნგი აქამდე ისე კარგად არ მუშაობდა, ამის მიზეზი ის არ იყო, რომ ხალხი გულგრილია თავისი ხელისუფლების ორიენტაციის მიმართ და, სინამდვილეში, სხვა საკითხებზე - მაგალითად, ეკონომიკურ გაჭირვებასა თუ სოციალურ სამართლიანობაზე - უფრო წუხს. უბრალოდ, დიდი ხნის განმავლობაში, ბევრს სჯეროდა „ოცნების“ განცხადებებისა, რომ ის სტრატეგიულად ევროინტეგრაციის კურსს მიჰყვება. ამის საწინააღმდეგო ანგარიშგასაწევი არგუმენტები მაშინაც არსებობდა; მაგრამ სანამ ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერდა ხელს ან შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმს იღებდა, საზოგადოების დიდი ნაწილი „მთავრობა რუსულიას“ ძახილს „ნაცების“ აკვიატებად აღიქვამდა.

მერე ეს შეიცვალა. ხელისუფლების რუსულობა პირველად „აგენტების კანონით“ არ გამხდარა ცხადი; ის აქეთკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. განსაკუთრებით თვალსაჩინო სიგნალი იყო ე.წ. გავრილოვის ღამე, უფრო სწორად, დილა, როდესაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ვიხილეთ. ამან ხელისუფლების აქამდე ყველაზე ღრმა კრიზისი გამოიწვია. მერე ვნახეთ მისი სამარცხვინო პოზიცია უკრაინის ომის მიმართ.

რაც არ უნდა იმეოროს ირაკლი კობახიძემ, რომ მთავრობა ევროინტეგრაციის გზას არ უხვევს, „ოცნებამ“ კარგად მოამზადა საზოგადოებრივი აზრი და ხალხი დაარწმუნა: „დიახ, მე რუსული ვარ“. „აგენტების“ კანონი ამ მიმართულებით განსაკუთრებით აშკარა ნაბიჯი იყო. ამით ხელისუფლებამ „შუაც გამოხშირა“, ოღონდ არა თავის სასარგებლოდ: ის, რაც ოდესღაც „ნაცების ნარატივი“ იყო, დომინანტი გახდა.

ბელადომანიასა და ლიდეროფობიას შორის

ამ ნიშნით - მორალური ლეგიტიმურობის ფუნდამენტური შერყევით - დღევანდელი მთავრობა მსგავს მდგომარეობაშია, რაშიც კომუნისტები იყვნენ 1990 წელს, შევარდნაძის გუნდი 2003 წელს, ან „ნაციონალური მოძრაობა“ 2012-ში. მაგრამ აქედან ავტომატურად არ უნდა ველოდოთ, რომ ახლაც მთავრობა საცაა შეიცვლება.

პრობლემა მეორე მხარეშიცაა. ბოლო წლები შემთხვევით არ გაგვიტარებია ოპოზიციის სისუსტეზე ლაპარაკში: ამ მხრივ ჯერ არაფერი შეცვლილა. იმასაც გავიმეორებ, რომ პრობლემის ძირი არა საკუთრივ ოპოზიციურ პარტიებში, არამედ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაშია: პარტიები თავისი პრობლემებით აქედან ამოიზრდება, მათი ნაკლი საზოგადოების ნაკლია.

ქართული ოპოზიციური საზოგადოება გაჭედილია ორ პოლიტიკურ პათოლოგიას შორის: ერთია ბელადომანია („ივანიშვილის რეჟიმს შავლეგ შავლეგაშვილის გარდა ვერავინ დაამარცხებს“), მეორე - ლიდეროფობია („არავითარი პოლიტიკოსები, მხოლოდ ხალხის სპონტანური პროტესტი“). ის, რაც ოპოზიციის (სინამდვილეში, ოპოზიციური საზოგადოების) სისუსტეს ყველაზე მეტად განაპირობებს, ამ ორი ავადმყოფობის შეხამებაა, რომელთაგან თითოეული მეორეს აძლიერებს.

იმისათვის, რომ სახალხო პროტესტმა ხელშესახებ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს და გულისმომფხანი „პრესტიჟის გოლებით“ არ დაკმაყოფილდეს, საჭიროა ორგანიზაცია. ამას ახლა ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანი იმეორებს, მაგრამ ამ ზოგადი სენტენციის აღიარება თავისთავად პრობლემას არ წყვეტს. „ბელადომანიის“ საფრთხე ამ ეტაპზე პრაქტიკულად არ არსებობს: თეორიულადაც კი ძნელია წარმოვიდგინოთ რომელიმე ერთი ფიგურა, რომელიც პროტესტს სათავეში ჩაუდგება; ეს არცაა საჭირო. მოგვწონს თუ არა, ასეთი არც პარტია (ან პარტიათა გაერთიანება) არსებობს. მაგრამ მოქმედებათა კოორდინაციის რაღაც ფორმა საჭიროა. ყველაზე ბუნებრივი მეჩვენება, ვიფიქროთ რაღაც ჯგუფზე (არა აქვს მნიშვნელობა, რა დაერქმევა), რომელიც ერთდროულად ინკლუზიურიც იქნება, მოქნილიც და ქმედუნარიანიც, პოლიტიკოსებსაც მოიცავს და საზოგადოებრივ აქტივისტებსაც, და რომლის „პოლიტიკურ პრივატიზაციას“ ვერავინ მოახდენს.

მაგრამ იმისათვის, რომ ასეთმა რამემ იმუშაოს, ქუჩაში გამოსულმა ხალხმაც უნდა აღიაროს, რომ ლიდეროფობია კოლექტიური მენტალური აშლილობაა და სწრაფად უნდა დაიძლიოს. სპონტანური სახალხო აღშფოთება აუცილებელი პირველი ნაბიჯია, მაგრამ ამ ეტაპზე დარჩენა მარცხს ნიშნავს. არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ ქვეყნის ბედი საფრთხეშია და მისი ხსნა ქუჩაში გამოსული ხალხის ხელშია. ამასთან, სწრაფი შედეგების მოლოდინი დამღუპველია, რადგან გაწბილებულ მოლოდინებს ისევ იმედგაცრუება და დაქსაქსვა მოჰყვება.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.