ხარკოვის შემდეგ რუსეთი ქალაქ სუმისაც შეუტევს?

ხარკოვი. 2024 წლის 14 მაისი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, გენერალმა კირილო ბუდანოვმა, 14 მაისს განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონის შემდეგ, რუსეთმა შეიძლება შეტევა წამოიწყოს სუმის რეგიონზე.

ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვისა და მისი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვოლჩანსკის მიმართულებით, ქალაქ სუმიზე რუსეთის არმიის შესაძლო იერიშის შესახებ გავრცელებული ცნობა უკრაინაში არავის გაჰკვირვებია.

"ორივე ეს ქალაქი, ხარკოვი და სუმი, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. და რუსეთს სურს ბუფერული ზონის შექმნა ამ ტერიტორიაზე, საიდანაც გამოდევნიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა მათ ვერ შეძლონ დივერსიული და პარტიზანული რეიდების განხორციელება მოსაზღვრე ბელგოროდის და სხვა რაიონებში. არა მგონია, რომ რუსეთს ამ მიმართულებაზე ჰყავდეს იმხელა ძალა, რომ ხარკოვს შეუტიონ, მაგრამ გაამწარებენ მის მოსახლეობას და შეეცდებიან ამ მიმართულებაზე ე.წ. რუხი ზონის შექმნას", - უთხრა რადიო თავისუფლებას თადარიგის პოლკოვნიკმა არჩილ ცინცაძემ, 2014-2019 წლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სამხედრო მრჩეველმა.

ანუ რუსეთი უკვე შეუდგა და გარკვეულ მიმართულებაზე წარმატებითაც ახერხებს იმ სანიტარული ზონის შექმნას, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტმა 2024 წლის მარტში, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ასევე ნახეთ

უკრაინაში პუტინის "სანიტარულ ზონას" საფრთხედ არ აღიქვამენ

საკითხავი ისაა, თუ სადამდე აპირებს ამ ზონის გაფართოებას რუსეთი და რა შეუძლია მას დაუპირისპიროს უკრაინამ, რომელიც კვლავ განიცდის არა მხოლოდ იარაღის, არამედ ცოცხალი ძალის ნაკლებობას.

"საფორტიფიკაციო ზოლის არარსებობის გამო უკრაინის არმია უკან იხევს"

რუსეთის ძალებმა ბელგოროდთან მოსაზღვრე ქალაქ ვოლჩანსკზე ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიის სარდლობამ ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთის დასაცავად სარეზერვო ძალები გაგზავნა, უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგემ ხუთამდე ბატალიონის ძალებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

ასევე ნახეთ

უკრაინის გენშტაბის თანახმად, ვოლჩანსკთან „მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხელში ჩაიგდო რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
რუსეთის ამ წინსვლას, უკრაინელი სამხედრო ექსპერტების თქმით, თავისი მიზეზები აქვს. ერთ-ერთია რუსეთის მოსაზღვრე უკრაინის ქალაქებში შესაბამისი საფორტიფიკაციო ნაგებობების არარსებობა, რის გამოც რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები იოლად ახერხებენ შეტევის განვითარებას.


„სუმი, ხარკოვი, ვოლჩანსკი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ვოლჩანსკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია. გაირკვა, რომ იქ უკრაინის არმიას საერთოდ არ ჰქონია მოწყობილი გამაგრებული რაიონები. უკრაინის ხელმძღვანელობამ არ ააშენა ამ მიმართულებით საფორტიფიკაციო ნაგებობები, რაზეც, როგორც უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, ბიუჯეტიდან მილიარდობით ჰრივნა გამოყო. საფორტიფიკაციო ზოლის არარსებობის გამო უკრაინის არმიამ უკან დაიხია და რუსებმა შეძლეს რამდენიმე სოფლის აღება“, - ამბობს პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე 1998-2008 წლებში აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშე იყო. 2014-2019 წლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სამხედრო მრჩეველი

უკრაინული პროექტი Deep State-ი ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედროებმა მოახერხეს ფეხის მოკიდება ოთხ სოფელში ხარკოვის მიმართულებით და ორ სოფელში ვოლჩანსკის მიმართულებით და ასევე მიუახლოვდნენ ქალაქ ვოლჩანსკის გარეუბნებს.

ასევე ნახეთ

გენერალ სირსკის თქმით, ფრონტზე რთული ვითარებაა

ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკზე რუსეთის ინტენსიური შეტევის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, კვირას, 12 მაისს, ქალაქიდან გაიყვანეს 1600-მდე ადამიანი, ბოლო რამდენიმე დღეში კი - თითქმის 6000.

ომის დაწყებამდე ვოლჩანსკში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. ნახევარზე მეტმა ქალაქი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა. ჰუმანიტარული ვითარება საკმაოდ რთულია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში, რომელზეც რუსეთის არმია მრავალი თვის განმავლობაში ახორციელებს საავიაციო შეტევებს.

ქალაქი ხარკოვი. საავიაციო იერიშის შედეგი

ხარკოვის რეგიონის შემდეგ, რუსეთმა შეიძლება შეტევა წამოიწყოს სუმის რეგიონზე, - განაცხადა 14 მაისს კირილო ბუდანოვმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა.

უფრო ადრე უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრ პავლიუკმა გამოცემა The Times-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ რუსეთი ხარკოვისა და სუმის ხელში ჩაგდებას გეგმავს. თუმცა უკრაინელმა სარდალმა არ იცის, თუ რამდენად სერიოზულია ეს გეგმები.
მაგრამ პავლიუკიც და ბუდანოვიც აცხადებენ, რომ უკრაინა შეეცდება ჩაშალოს რუსეთის გეგმები.

"ყოველ საათში სიტუაცია კრიტიკულს უახლოვდება"

New York Times-თან ინტერვიუში, გენერალმა ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ხარკოვის რეგიონში სიტუაცია "ზღვარზეა" და "ყოველ საათში სიტუაცია კრიტიკულს უახლოვდება". რუსეთის მიზანია ასევე უკრაინის არმიის ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებიდან, რასაც, ბუდანოვის თქმით, მოწინააღმდეგე ჯერჯერობით წარმატებით აკეთებს.

"ახლა ჩვენი ამოცანაა ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და შემდეგ მათი (მოწინააღმდეგის) საზღვრის იქით გადარეკვა", - აღნიშნა ბუდანოვმა და დასძინა, რომ უკრაინული რეზერვების მოსვლამ "ნაწილობრივ შეაფერხა რუსეთის გეგმის განხორციელება".

ბუდანოვის შეფასებით, რამდენიმე დღეში უკრაინული ძალები შეძლებენ პოზიციების გაძლიერებას და ფრონტის სტაბილიზაციას.

ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია საკმაოდ რთულად ეჩვენებათ სამხედრო ექსპერტებს. გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ძალთა სერიოზული კონცენტრაცია დასჭირდება რუსეთის მიერ შექმნილი ე.წ. რუხი ზონების უკან დასაბრუნებლად.


„არის კიდევ ერთი პრობლემა, დასავლელი მოკავშირეები არ აძლევენ უკრაინელებს უფლებას, რომ გამოიყენოს მათ მიერ მიცემული შორი მოქმედების საარტილერიო იარაღი უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიებზე არსებული რუსეთის სამხედრო ძალის წინააღმდეგ. შესაბამისად, შეიქმნა ე.წ. რუხი ზონა", - ამბობს არჩილ ცინცაძე, რომელიც 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის მონაწილეა, ხოლო 1998-2008 წლებში აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშედ მსახურობდა.

თადარიგის პოლკოვნიკი განმარტავს, რომ "რუხი ზონა" ეს არის ტერიტორია, რომელიც რუსეთის მხრიდან იბომბება, მაგრამ უკრაინის არმია საპასუხო ცეცხლს ვერ ხსნის. შესაბამისად, უკრაინის არმიას უჭირს "რუხ ზონაში" თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება. ხოლო რუსეთის არმიას დიდი წინააღმდეგობის გარეშე შეუძლია "რუხ ზონაში" შესვლა და იქ პოზიციების დაკავება.

"ანალოგიური ვითარების, ანუ "რუხი ზონების" შექმნა სურს რუსეთს არა მხოლოდ ხარკოვისა და სუმის, არამედ მთელი საზღვრის გასწვრივ, საიდანაც გამოდევნიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა მათ ვერ შეძლონ დივერსიული და პარტიზანული რეიდების განხორციელება მოსაზღვრე ბელგოროდის და სხვა რაიონებში. არა მგონია, რომ რუსეთს ამ მიმართულებაზე ჰყავდეს იმხელა ძალა, რომ ხარკოვს შეუტიონ, მაგრამ გაამწარებენ მის მოსახლეობას. შემდეგ კი შეეცდებიან მთელი ძალების ერთ რომელიმე წერტილში კონცენტრაციას, რათა იქიდან რეალურად შეძლონ შეტევის განხორციელება", - აღნიშნავს ცინცაძე.

გასული კვირის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხელში ჩაიგდო რამდენიმე დასახლებული პუნქტი. უკრაინის ქვედანაყოფი „ჰოსტრი კარტუზი“ ადასტურებს, რომ ზოგიერთ რაიონში ისინი იძულებული გახდნენ საზღვრიდან უკან დაეხიათ. ინტერნეტში გამოქვეყნებული გეოლოკაციური ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის სამხედროებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება შეძლეს და ახლა ბრძოლები მიმდინარეობს ამ დასახლებების სამხრეთით.

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე, კერძოდ კი, ხარკოვის ოლქში არსებული რთული მდგომარეობის შესახებ გასული კვირის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ თავის ტელეგრამის არხზე ისაუბრა.

ასევე ნახეთ

გენერალ სირსკის თქმით, ფრონტზე რთული ვითარებაა

„მიმდინარე კვირაში ხარკოვშჩინაში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ამჟამად იქ გრძელდება ბრძოლები საზღვრისპირა რაიონებში რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის გასწვრივ. ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეინარჩუნონ თავდაცვითი ხაზები და პოზიციები, მტერს დარტყმებს აყენებენ“, - დაწერა სირსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა შექმნილი, მიმდინარეობს ქვედანაყოფების როტაცია, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა დაისვენონ და აღიდგინონ ბრძოლისუნარიანობა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ომში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო. მან „განსაკუთრებით დაძაბული“ უწოდა მდგომარეობას ხარკოვის ოლქში, სადაც ასობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლები მიეტოვებინა რუსეთის ჯარების იერიშების გამო.

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო