უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ხარკოვის მიმართულებით რთული ოპერატიული ვითარებაა.
გენშტაბის მიერ გასულ ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრძოლებია რუსეთთან მოსაზღვრე ქალაქ ვოლჩანსკისთვის, სადაც მოწინააღმდეგეს მობილიზებული ჰყავს ხუთამდე ბატალიონი. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს“.
რუსეთის ძალებმა ბელგოროდთან მოსაზღვრე ქალაქ ვოლჩანსკზე ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს. უკრაინის არმიის სარდლობამ ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთის დასაცავად სარეზერვო ძალები გაგზავნა.
ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკზე რუსეთის ინტენსიური შეტევის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, კვირას, 12 მაისს, ქალაქიდან გაიყვანეს 1600-მდე ადამიანი, ბოლო რამდენიმე დღეში კი - თითქმის 6000.
ომის დაწყებამდე ვოლჩანსკში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. ნახევარზე მეტმა ქალაქი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.
ფორუმი