„გაუზიარე სინათლე“ - კამპანია ამ გზავნილით, რომელიც უკრაინელებისთვის გენერატორების შესაძენად საჭირო თანხის შეგროვებას გულისხმობს, სოციალურ ქსელში 27 ნოემბრიდან დაიწყო.
როგორც კამპანიის ორგანიზატორები ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, თავდაპირველად დაგეგმილი იყო 100 გენერატორის შეძენა, თუმცა მათი თქმით, ბოლო დღეებია ისე იმატა კამპანიაში ჩართვის მსურველთა რაოდენობამ, რომ არ არის გამორიცხული, გენერატორების რაოდენობა 300-მდეც ავიდეს.
„ვყიდულობთ მინიმუმ 3-კილოვატიანი სიმძლავრის გენერატორებს. გეგმა ასეთია, გენერატორებმა უკრაინელებთან 24 დეკემბრისთვის, საშობაოდ უნდა ჩააღწიოს“, - გვეუბნება ლევან ბუთხუზი, კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი თქმით, უკვე შეძენილია გენერატორების გარკვეული ნაწილი, რომელიც ბათუმშია დასაწყობებული. ნაწილი გენერატორებისა კი დაჯავშნილია:
„ჩვენდა გასახარად, ინიციატივა მალევე გახდა ძალიან ვირუსული. ხალხი თანხას რიცხავს დაწყებული ერთი ლარიდან და ზევით. არიან ისეთებიც, რომლებმაც 2000, 5000 ლარი გადმორიცხეს. მოგვიტანეს გენერატორებიც. გარდა რიგითი მოქალაქეებისა, პროცესში ჩაერთნენ კომპანიები. თანხა ერთ კვირაზე მეტია გროვდება და უკვე 100 000 ლარზე მეტია შეგროვილი. კომპანიები, ვისგანაც გენერატორებს ვყიდულობთ, ისინიც შემოდიან საკუთარი წვლილით და თუკი, მაგალითად, 3-კილოვატიანი გენერატორი ბაზარზე 1200 ლარი ღირს, ჩვენ თვითღირებულებით, 870, 900 ლარად ვყიდულობთ“.
კამპანიის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ თანხა 12 დეკებრის ჩათვლით შეგროვდეს, ამის შემდეგ კი უკვე გენერატორების ტრანსპორტირების პროცესი დაიწყება:
„არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუმცა, ყველაზე რეალისტურად განიხილება ტვირთის ბათუმიდან წაღება. გენერატორები დაიტვირთება სახმელეთო ტრანსპორტზე. საიდანაც გადაინაცვლებს სტამბოლში და იქიდან ბულგარეთისა და პოლონეთის გავლით ჩავა უკრაინაში”, - გვეუბნება ლევან ბუთხუზი.
გენერატორების გადანაწილებასა და დარიგებაში კამპანიის ინიციატორებს უკრაინაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარებიან. ლანა ღვინჯილია, რომელიც კამპანია „გაუზიარე სინათლე“ - ს ერთ-ერთი ორგანიზატორია, გვეუბნება, რომ ზუსტი გეგმა, კონკრეტულად რომელ ობიექტებს გადაეცემა გენერატორები, 13 დეკემბრისთვის იქნება ცნობილი. მანამდე კი იციან ის, რომ რამდენიმე ათეული გენერატორი კიევში მდებარე ე.წ. საკომუნიკაციო ცენტრებს დაურიგდებათ:
„ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მეშვეობით შედგება კონკრეტული გეგმა. რაც უკვე ვიცით, არის ის, რომ კიევის ოლქში არსებობს პატარ-პატარა ცენტრები, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარეობს და ამ ცენტრებს გადაეცემა 160 გენერატორი. როგორც ჩვენმა პარტნიორებმა აგვიხსნეს, ესენია მომსახურების ცენტრები, სადაც მოქალაქეები მიდიან, ტენიან ტელეფონებს, იქვე არიან ექიმებიც, როდესაც შუქი ითიშება, მოქალაქეებს შეუძლიათ ამ ცენტრებში გაჩერება, გათბობა. გარდა ამისა, რამდენიმე გენერატორის გადაცემა იგეგმება პატარ-პატარა სამედიცინო პუნქტებისთვის, საბავშვო ბაღისთვის. თუკი მოგვეცემა შესაძლებლობა და შედარებით მაღალ კილოვატიან, მძლავრ გენერატორებს ვიყიდით, მაშინ გვინდა, რომ ისინი გადავცეთ მაღალსართულიან კორპუსებს, რადგან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, როდესაც ელექტროენერგია ითიშება, რჩებიან ცაში გამოკიდებულები. ამიტომ იქნებ ამ გენერატორებით მათ ლიფტების ამუშავება მოახერხონ“.
უკრაინისთვის გენერატორების გადაცემის პროცესში ჩართულია საქართველოში უკრაინის საელჩოც. როგორც ლანა ღვინჯილია გვიხსნის, საელჩო უზრუნველყოფს, რომ გენერატორები საქართველოდან ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსით გაიგზავნოს, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს ტრანსპორტირების პროცესში.
7 დეკემბრის მონაცემებით, კამპანიაში უკვე ჩაერთო 1200-ზე მეტი მოქალაქე თუ ორგანიზაცია. მათ შორისაა ყრუთა კავშირიც. კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მაია მეტონიძე გვეუბნება, რომ ორგანიზაციას ჯერ კიდევ გასულ თვეში დაუკავშირდა უკრაინის ყრუთა კავშირი და გენერატორის შეძენაში დახმარება სთხოვა:
„ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გენერატორებზე გაჩენილი დეფიციტის გამო, უკრაინის ყრუთა კავშირმა ვეღარ მოახერხა გენერატორის შეძენა. ჩვენ დაგვირეკეს და გვთხოვეს, თანხას გადმოვრიცხავთ და იქნებ საქართველოდან გამოგვიგზავნოთ გენერატორიო. ამასობაში, ჩვენ ამ კამპანიის შესახებ შევიტყვეთ, მაშინვე დავუკავშირდით ორგანიზატორებს და მძლავრი გენერატორის შესაძენად თანხაც გადავრიცხეთ. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ვერ ხერხდება ონლაინ ჟესტური ენის თარჯიმანთან მომსახურების მიღება, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომსახურებაა. გარდა ამისა, ყრუ პირები იმ სივრცეში, სადაც შუქი არ არის, სრულიად კარგავენ ორიენტაციის უნარს. მათ არც ესმით და ვეღარც ხედავენ. ეს დამატებითი პრობლემაა მათთვის და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან ასეთ დროს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რო ყრუ ადამიანების გარშემო სინათლე სულ იყოს“.
გარდა რიგითი მოქალაქეების მიერ შეგროვილი თანხით შეძენილი გენერატორებისა, 7 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ მწარმოებელს 100 ათასი დოლარის ღირებულების გენერატორები დაუკვეთა. როგორც გიგა მაქარაშვილი გვეუბნება, მას არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა და ამჯობინებს, რომ გენერატორები უკრაინის მოქალაქეებს ანონიმურად გადაეცეთ.
გიგა მაქარაშვილის გავრცელებული ინფორმაციითვე, „ჩინეთიდან დაიძრა გემი“, რომელზეც ქართველი ბიზნესმენი ძმების მიერ უკრაინისთვის შეძენილი გენერატორებია დატვირთული. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, უკრაინაში რამდენიმე ასეული გენერატორი გაიგზავნა.
უკრაინელებისთვის გენერატორების შესაძენი თანხის შეგროვებას აპირებს 27 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ტაბულა“ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს „ტაბულას“ დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმები სიცივის დადგომასთან ერთად, 10 ოქტომბრიდან დაიწყო. ენერგოსისტემის მნიშვნელოვნად დაზიანების გამო, უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დააწესეს, თუმცა, ყოველი შეტევის შემდეგ, მწყობრიდან გამოსული სისტემის სტაბილიზაციამდე გრაფიკის დაცვა შეუძლებელი ხდება და ე.წ. ავარიული გათიშვა იწყება. ნოემბრის ბოლოს უკრაინაში 6 მილიონზე მეტი სახლი იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.
ბოლო, მერვე მასირებული სარაკეტო იერიში რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე ოდესის, კიევის, ვინიცის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქებში ორი დღის წინ მიიტანეს. ამ იერიშს ოთხი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
უკრაინის სახელმწიფო კომპანიის, „უკრენერგოს“ ხელმძღვანელ ვოლოდიმირ კუდრიცკიმ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი, მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ ენერგოსისტემის სტაბილიზაციას რამდენიმე დღე დასჭირდება. მისი ინფორმაციით, 70-ზე მეტი რუსული რაკეტიდან 10-მდე სამიზნეებს მოხვდა და მნიშვნელოვნად დააზიანა ელექტროსადგურები და ქვესადგურები.
6 დეკემბერს, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საელჩომ ერთი თვის წინ მიმართა საქართველოს მთავრობას და გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარება სთხოვა, თუმცა, უშედეგოდ:
„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის. კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა, სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“.
6 დეკემბერსვე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საქართველო უკრაინას მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს და არც გენერატორების მიწოდება იქნება პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, ეს „სასპეკულაციოდ შემოგდებული თემაა“ და "მის შესახებ პირველად ესმის".
„ეს თემა პირველად მესმის და ამას გავარკვევ, მაგრამ ეს არის მეორეხარისხოვანი თემა. მთავარი არის პირდაპირი მოთხოვნა, რაც გაახმოვანა კასიანოვმა, რომ საქართველო ჩაერთოს მხარედ, დანარჩენი დეტალებია, რაშიც პრობლემა არ არის რეალურად, თუკი ჰუმანიტარულ დახმარებას, პოლიტიკურ დახმარებას უწევს მაქსიმუმს, არც აქ (გენერატორებით დახმარებაში) იქნება პრობლემა, დამერწმუნეთ", - თქვა მდინარაძემ.
რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა იმის გასაგებად, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რაიმე ფორმით გამოეხმაუროს საქართველოში უკრაინის საელჩოს თხოვნას გენერატორებით დახმარების შესახებ. ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გაარკვევდნენ, თუმცა, მათგან პასუხი ვერ მივიღეთ.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძართან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას უკრაინისთვის გენერატორების გადაცემის შესახებ და თქვა: "რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და რა თქმა ამ დახმარებას გავაგრძელებთ".