მომავალი საპროტესტო აქციების მონაწილეებმა შესაძლოა ვერც კარვები გაშალონ, ვერც სცენა მოაწყონ.
საქართველოში პროტესტის ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა - თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ისინი პარლამენტის წინ კარვებს შლიან. კარავი ნიშანი და საშუალებაა, რომ პროტესტი ხანგრძლივი იქნება.
უახლოეს წარსულს კარვების გაშლის და აშლის ბევრი ისტორია ახსოვს, და არა მარტო ქვეყნის საპროტესტო მთავარ გამზირზე - რუსთაველზე.
სხვადასხვაგვარი იყო საპროტესტო აქციების ადრესატის - ხელისუფლების რეაქცია სხვადასხვა დროს: ხელისუფლება კარვების გაშლას ხან უშვებდა, ხან არ იმჩნევდა, ხან პროტესტის მონაწილეებს კარვებს ართმევდა, ხან კი ცდილობდა, დაესწრო და ადმინისტრაციული შენობების წინ ტერიტორია თავად დაეკავებინა.
ტერიტორიის დაკავების მაგალითები: რკინის გალავნებით შემოსაზღვრა;
ავტობუსებით ქუჩების ჩახერგვა, რეაბილიტაციის დაწყება;
ნაძვის ხის დადგმა, გასაბერი ზვიგენის ატრაქციონის მონტაჟი და სხვა.
ამ ცვლილებებით დემონსტრანტებს გარკვეულ შემთხვევებში აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების“ მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, სხვა კონსტრუქციებს, პოლიციას შეუძლია ისინი დააჯარიმონ (500-დან 5000 ლარამდე) ან 15 დღემდე ვადით დააპატიმრონ. ასევე ჩამოართმევენ „სამართალდარღვევის საგანს“.
აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
- საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მმართველი პარტიის ინიციატივა შეაფასეს, როგორც „კიდევ ერთი ნაბიჯი დიქტატურისკენ“. ისინი ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აქციის ჩატარება გაჭირდება, რადგან პოლიციას შეეძლება მის მონაწილეებს ნებისმიერ წვრილმანზე მოედავოს.
რამდენად მნიშვნელოვანია კარავი თუ სხვა „დროებითი კონსტრუქციები“ გამოხატვისა თავისუფლებისა და მანიფესტაციის უფლებისთვის?
ხანგრძლივი მიტინგების ტრადიცია საქართველოში ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოდის, იმ დროიდან, როცა მოშიმშილეებმა რუსთაველზე პირველად გაშალეს ლეიბები და დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. მაგალითად, 1988 წლის ნოემბერში, მთავრობის სახლის წინ კიბეებზე 150-200 ახალგაზრდა შიმშილობდა. ისინი მოითხოვდნენ, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება მიეღო.
„შვიდი დღე ვიშიმშილე. ისეთი განწყობა გვქონდა, ქვეყანა რომ დაქცეულიყო, იქიდან ფეხს არ მოვიცვლიდით. ამ შიმშილობამ შედეგი გამოიღო, მიიღეს დადგენილება, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს კავშირის ნებაყოფლობით დატოვება შეეძლოთ. გადარეულები შევხვდით ამ ამბავს, სახლამდე ფრენით მოვედი, რა ცუდად გახდომა, არაფერი“, - გაიხსენა რადიო თავისუფლებასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რუსუდან გაბროშვილმა.
შიმშილობის აქციები ეროვნული მოძრაობის პერიოდში კიდევ მრავლად იყო. მოშიმშილეები იწვნენ რუსთაველზე 9 აპრილსაც, როდესაც საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილებმა მომიტინგეები დაარბიეს.
საპროტესტო თუ მხარდამჭერი აქციები ხანგრძლივი იყო თბილისის ომამდე და ომის შემდეგაც. მაშინ პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე ქალებს კარვის ქალებიც კი შეარქვეს.
ამის შემდეგ გამოსვლები უკვე ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ დაიწყო, მისი გადადგომის მერე კი - მიხეილ სააკაშვილის. რა თქმა უნდა, იყო აქციები სხვა მოთხოვნებითაც, მეშახტეების აქციები, პროფკავშირების, სტუდენტების და სხვა მრავალი.
2008 წელს ოპოზიციის წევრებმა ფართომასშტაბიანი შიმშილობა წამოიწყეს. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. 50 ადამიანიდან ზოგი პარლამენტის შენობის წინ იწვა, ზოგი - ნინო ბურჯანაძის მისაღებში, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მოშიმშილეები ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის პირობების შექმნას და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააპატიმრეს.
ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით ოპოზიციას 17-პუნქტიანი მემორანდუმი ჰქონდა შედგენილი, რომელსაც ხელი პროტესტის მონაწილეებმა მოაწერეს. შიმშილობის აქციას თან ერთვოდა მიტინგები და საპროტესტო გამოსვლები. აქცია დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. მას პერიოდულად უერთდებოდნენ სხვადასხვა პარტიის წევრები, ან პირიქით აკლდებოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
სააკაშვილის მმართველობის დროს რუსთაველზე რამდენჯერმე მოეწყო კარვების ქალაქი.
2009 წელს ოპოზიციამ რუსთაველზე ათობით საკანი ჩადგა. დანომრილი საკნები იდგა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთანაც, ასევე ტელევიზიასთან.
„ვიწყებთ საკნების ქალაქის მშენებლობას და თავისუფლების მოედნიდან რუსთაველამდე და ასე იქნება მანამ, სანამ არ წავა მიხეილ სააკაშვილი. საკნებით შემოერტყმება წრე მერიას, პარლამენტს და კანცელარიას, შემდეგ სხვა სახელმწიფო შენობების წინაც დავდგამთ საკნებს“, - უთხრა მაშინ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გაჩეჩილაძემ. კარვების დადგმაში მაშინ მისი ძმა „უცნობიც“ მონაწილეობდა.
ასევე ნახეთ სტუდენტების კარვები ტექნიკური უნივერსიტეტის კიბეებზე2012 წელს უნივერსიტეტის წინ შვიდი კარავი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დადგეს. „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრები“ თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
2014 წელს მაშველებს დასჭირდათ შველა. მათ კარვები საბურთალოზე, სამსახურის წინ დადგეს და სამაშველო სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის გადადგომა მოითხოვეს. „თემურ ცრუ“, „გვჭირდება ახალი მენეჯერი“, „ჩვენ თბილისელებს ვემსახურებით და არა გიორგაძეს“, „შეწყდეს პროფკავშირების დევნა!“ „რატომ არ დაჯდა პრემია?“ - ეწერა მათ პლაკატებზე.
2014 წელს „პარტიზანი მებაღეები“ ვაკის პარკში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ. კომპანიას ტექნიკის მობილიზება რომ ვერ შეძლებოდა, ბარიკადები მოაწყვეს და კარავი დადგეს, რომელშიც დღე და ღამე მორიგეობდნენ. მათი პროტესტი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.
2017 წელს „ბავშვთა სამყაროსთან“ კარვები გაშალეს ხანძრისგან დაზარალებულმა მოვაჭრეებმაც. ისინი კომპენსაციას, ალტერნატიულ სამუშაო ადგილებსა და საბანკო ვალების გადავადებას მოითხოვდნენ. დაზარალებულები მაშინ კარვების გაშლას თბილისის საკრებულოს წინაც შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
2018 წელს კარვები გაშალეს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი კლუბ „ბასიანში“ ნარკორეალიზატორების დასაკავებლად შეიჭრა.
მოგვიანებით რუსთაველზე, პარლამენტის წინ მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი საპროტესტო არტ-ინსტალაციად იქცა - გახარია ბოდიშს იხდიდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, პარლამენტის მიმდებარე მოედანი კვლავ მუდმივი პროტესტის კერა გახდა. დაღუპული ბავშვის მშობელი ზაზა სარალიძე დამნაშავის დასჯას ითხოვდა. მასთან ერთად იყო მალხაზ მაჩალიკაშვილიც, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის მსხვერპლის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა. მამების პროტესტი თვეების განმავლობაში გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა 2018 წლის ზამთარი პარლამენტის წინ, კარვებში გაატარეს.
Your browser doesn’t support HTML5
პოლიცია დროდადრო ცდილობდა, მათთვის კარვის გაშლის საშუალება არ მიეცა. ხშირი იყო შეხლა-შემოხლა, დაკავება, კარვების წართმევის შემთხვევები. პერიოდულად სარალიძე-მაჩალიკაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტივისტებიც უერთდებოდნენ. მათ ერთ-ერთ აქციას სახელწოდებაც კი ასეთი ჰქონდა: „კარვებით დავიცავთ თავისუფლებას“. ამ აქციის დროს აქტივისტებმა პარლამენტთან ოცამდე კარვის გაშლა მოახერხეს.
2020 წლის მაისში დაიწყო პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ. რიონის ხეობის მცხოვრებლებმა კარვები რუსთაველზე არა, რიონის ხეობაში, შემდეგ კი ქუთაისში გაშალეს. პოლიციამ ეს კარვებიც აიღო.
ასევე ნახეთ შემატებს თუ წაართმევს ძალას დედაქალაქი რიონის ხეობის მცველებს2020 წელს გავრცელებულმა კოვიდინფექციამ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, განსაკუთრებული ზომები შემოიტანა. დიდი ხნით შეწყდა აქციები და გამოსვლები. კოვიდრეგულაციები საქართველოში სრულად 2022 წლის 20 ივნისს მოიხსნა.
2023 წელს კარვების გაშლა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს სურდათ, ისინი შვილებისთვის წამალს ითხოვდნენ. კარვები კი წვიმისგან თავის შესაფარებლად სჭირდებოდათ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
2023 წელსვე პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა, რომელიც მარტის საპროტესტო აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს.
2023 წლის 5 ოქტომბერს, მაშინ, როცა პარლამენტი კარვებისა და სხვა ინსტალაციების შემზღუდავ კანონს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილავდა, აქტივისტებმა ჩიტაძის ქუჩაზე აქცია გამართეს, კარვები „ჩაიცვეს“ და პროტესტის ნიშნად კარვების მსვლელობა მოაწყვეს.