პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანის მოსახლეობას ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 3“-ის აშენება არ სურს. ამბობენ, რომ ხეობა სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება, განადგურდება ეკოსისტემა. მოსახლეობის პრეტენზიებს თითქმის სავსებით იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სასამართლოს მიმართა. რა პასუხი აქვთ კომპანიაში, რომელმაც 29 ივნისს ჰესის მშენებლობა დაიწყო?
Your browser doesn’t support HTML5
პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებელ კომპანია „ფერის” სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა არ მისცა. ბირკიანში ფიქრობენ, რომ თუ ჰესი აშენდება, საფრთხე შეექმნება მთლიანად ხეობას. უფრო კონკრეტულად კი, ადგილობრივთა თქმით, განადგურდება ეკოლოგია, აღარ იქნება სარწყავი და სასმელი წყალი, რადგან მდინარე ალაზნის წყალი გარკვეულ მონაკვეთზე მილებში მოექცევა. როგორც ბირკიანელები ამბობენ, კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.
„ეს წყალი რომ დაწყდება, რა უნდა ვქნათ მერე ჩვენ, ჩვენმა შვილებმა ან შვილიშვილებმა როგორ უნდა იცხოვრონ?!“...
„ხეობა დაცარიელდება, საქართველოს თუ არ უნდა ჩვენი აქ ცხოვრება, მაშინ წავალთ. ჩვენ არ ვართ უპატრონოები და გვაქვს წასასვლელი ადგილები“.
„პრობლემები წარმოიქმნება, იმიტომ რომ აქეთაც სოფელია და იქითაც. შუა სოფელში ჰესის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ არც მიწები გვაქვს და არც საძოვრები და თუ აპირებენ ჰესის გაკეთებას, სოფელი მოვითხოვთ აქედან გაგვასახლონ და შემდეგ დაიწყონ მშენებლობა“.
დოკუმენტში დაკოპირებულია არათუ წინადადებები, არამედ ქვეთავებიც კი სხვა ჰიდროელექტროსადგურების გზშ-ს ანგარიშებიდან. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რეალური კვლევები და შესწავლები ამ პროექტზე არ ჩატარებულა...დავით ჭიპაშვილი
მართალია, იმ დროს, როდესაც „ხადორი 3“-ის პროექტი იგეგმებოდა, განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია „მწვანე ალტერნატივას“, მაგრამ ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ საკითხის შესწავლა დამოუკიდებლად ხალხის პროტესტის შემდეგ დაიწყო. „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის, თქმით, ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი პრობლემები, რომლებიც ჰესის აშენების შემთხვევაში დადგება. ჭიპაშვილი აქცენტს აკეთებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე, რომელსაც ის „უხარისხოს“ უწოდებს.
„დოკუმენტში დაკოპირებულია არათუ წინადადებები, არამედ ქვეთავებიც კი სხვა ჰიდროელექტროსადგურების გზშ-ს ანგარიშებიდან. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რეალური კვლევები და შესწავლები ამ პროექტზე არ ჩატარებულა. საერთოდ გაუგებრად არის შეფასებული ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე, მათ შორის თევზების სახეობებზე. იქ არსებული სურათით ნათელია, რომ წყლის ოდენობა, რაც უნდა დარჩეს მდინარე ალაზანში, პრაქტიკულად ნიშნავს მდინარის დაშრობას“.
აშენდება თუ არა ჰესი, ვერ გეტყვით. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ან კომპანია. მე ვთვლი, რომ ხეობისთვის ეს ჰესი არანაირად საფრთხის შემცველი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ე.წ. მწვანე ჰესი...მათე ქავთარაშვილი
როგორც ირკვევა, „მწვანე ალტერნატივის“ მიერ მომზადებული შენიშვნების დოკუმენტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი საიმისოდ, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს სასამართლოსთვის მიემართა. ორგანიზაცია "ხადორი 3"-ის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. EMC-ის წარმომადგენელ თამთა მიქელაძის თქმით, სარჩელი სასამართლოში პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით შეიტანეს. მიქელაძე ამბობს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტმა მშენებლობის ნებართვა მანამდე გასცა, ვიდრე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს მიიღებდა, რაც, მისივე თქმით, პრობლემაა. მიქელაძეს სადავოდ მიაჩნია თავად გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც:
“ახმეტის მუნიციპალიტეტს ჯერ არ ჰქონდა მიღებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციაზე გაშვების ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მშენებლობის ნებართვის სავალდებულო წინაპირობაა, და მოგვიანებთ მოხდა ამის ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემა, რაც, ცახადია, არის პრობლემა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ თავად გზშ-ს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა ეფუძნება, დაუსაბუთებელია“.
ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით დავკავშირებოდით ჰესის მშენებელი კომპანია შპს „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილს, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ლაშა იორდანიშვილი მიმდინარე წლის მარტში ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ ჰესი ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგის მეტს არაფერს მოიტანს. ამავე თემაზე ილაპარაკა ჰესის მშენებლი კომპანია „ფერის“ წარმომადგენელმა მათე ქავთარაშვილმა:
„აშენდება თუ არა ჰესი, ვერ გეტყვით. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ან კომპანია. მე ვთვლი, რომ ხეობისთვის ეს ჰესი არანაირად საფრთხის შემცველი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ე. წ. მწვანე ჰესი, რომელსაც სათავე ნაგებობა არ გააჩნია და ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის. მოხდება ხალხის დასაქმება და, პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენს ხეობას წაადგება“.
„ხადორი 3“ შპს „ალაზანი ენერჯიმ“ უნდა ააშენოს და ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 5,4 მვტი იქნება. მშენებლობა 29 ივნისს დაიწყო, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო სამუშაოები ახლა შეჩერებულია.