31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მის შემცვლელად იქ დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს, თუმცა მას ეპარქიის დატოვება არ სურს და ინჩხურის მონასტერში აპირებს წასვლას.
რამდენად მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოა ჭყონდიდის ეპარქია
ჭყონდიდის ეპარქია აბაშას, მარტვილს და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. ჭყონდიდელი მღვდელმთავრების დიდ გავლენასა და ავტორიტეტზე მეტყველებს ისიც, რომ დავით აღმაშენებლმა საეკლესიო საქმეების მოწესრიგება და უმაღლესი საერო თანამდებობა - მწიგნობართუხუცესობა სწორედ ჭყონდიდელ ეპისკოპოსს მიანდო. ეს საეპისკოპოსო ისტორიულად მძლავრ საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. ჭყონდიდის ეპარქია იყო ერთ-ერთი, 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებულ 13 ეპარქიას შორის.
თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის თქმით, მეუფე პეტრე, რომელიც ამ ისტორიულ-სიმბოლურ ადგილას მიავლინეს, პატრიარქის ფავორიტი იყო ეკლესიაში მისვლის პირველივე ხანებიდან, მაგრამ დღევანდელი პატრიარქისთვის მისდამი სიმპათიის გამომჟღავნებად უფრო ხევის ეპისკოპოსად დანიშვნა უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე ისტორიულად მნიშვნელოვან და გავლენიან ეპარქიაში გამწესება.
„ილია მეორემ ისტორიულ-რელიგიური ტოპოსები გააუქმა და თავის ბიოგრაფიაზე მიაბა ასეთი კულტურული მეხსიერების პუნქტები. მაგალითად, მცხეთაში დღეს სვეტიცხოველზე მნიშვნელოვანი რელიგიური წერტილი სამთავროს მონასტერია, სადაც მამა გაბრიელის საფლავია. პატრიარქისთვის ჭყონდიდზე მნიშვნელოვანი ეპარქია იყო ხევის ეპარქია, სადაც პეტრე გაუშვა კიდეც თავიდან. მას სურდა პეტრესთან დაახლოვება და ეს სურვილი გარკვეულწილად გამოწვეული იყო იმით, რომ საპატრიარქო დაინტერესებული იყო ლონდერ ცაავასთან კარგი ურთიერთობის დამყარებით და პეტრე სტრატეგიულ ხიდად განიხილებოდა“, - გვეუბნება თეოლოგი, მირიან გამრეკელაშვილი. ის აღნიშნავს, რომ პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეკლესიის მშენებლობაში დიდი შრომა და კაპიტალი ჩადო, ახლა კი იქ პრორუსი ეპისკოპოსი გამწესდება, რომელიც თავის დროზე მღვდელმთავარი მეუფე დიმიტრის დამსახურებით და რეკომენდაციით გახდა.
ვინ არის გრიგოლ კაცია, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას უხელმძღვანელებს
გრიგოლ კაცია ჭყონდიდში გაგზავნამდე წალკის ეპარქიას ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი ქადაგების თანახმად, მას სწამს, რომ ილია მეორე ბოლო ჟამის პატრიარქია.
თეოლოგების ერთი ჯგუფი ღიად მიანიშნებს მის პრორუსულობასა და პუტინის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე. ბიოგრაფიის თანახმად, მას ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული.
გრიგოლ კაცია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 2019 წლის ზაფხულში მართლმადიდებელთა პარლამენტთაშორის ასამბლეაზე ჩამოსულ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დიალოგის ფორმით აღდგენის შესაძლებლობებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა.
1 ნოემბერს, ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასულმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა თქვა, რომ მას, როგორც ექიმს, ფსიქოლოგს და მღვდელმთავარს, არ სჯერა მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების და ამ ეპარქიაში დროებით იმყოფება, ისე კი სოხუმში, ოჩამჩირეში დაბრუნებისთვის ემზადება.
ეპისკოპოსი გრიგოლი მღვდელმსახურებამდე ექიმი იყო და, როგორც თვითონ ამბობს, სამღვდელოებასთან შეერთება ერთ-ერთ კლინიკაში გულის ქირურგად მუშაობისას გადაწყვიტა.
რა გზა გაიარა პეტრე ცაავამ საქართველოს ეკლესიაში
პეტრე ცაავა ბერად 2000 წელს აღიკვეცა, 2002 წელს ის ეპისკოპოსად აკურთხეს, 2007 წელს მთავარეპისკოსობა, 2019 წელს კი მიტროპოლიტობა უბოძეს.
სასულიერო ცხოვრების დასაწყისში ილია მეორემ ის თავის მშობლიურ სოფელში, სნოში გააგზავნა სულიერებისა და კულტურის ცენტრის დასაარსებლად.
2002 წელს, სამების საკათედრო ტაძარში სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ეპისკოპოსად კურთხევისას, მან თქვა: „ძრწოლა მიპყრობს, როდესაც გონების თვალით ვჭვრეტ ჩემს ტვირთს ღვთის წინაშე, რომელიც უხილავად აქ მყოფობს. მე მხოლოდ ის დამრჩენია, მახსოვდეს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „კაცად კაცადმან თავისი ტვირთი იტვირთოს“ და აგრეთვე: „ჯერ არს ეპისკოპოსისა, რაღა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმინდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ“.
ხევის ეპარქია პეტრე ცაავამ 2006 წელს დატოვა და სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი გახდა. საპატრიარქოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, მისი ჩასვლის შემდეგ ჭყონდიდში მისივე ღვაწლით აშენდა და ამოქმედდა 27 ეკლესია-მონასტერი. მის სახელთან არის დაკავშირებული, მაგალითად, სალხინოს დადიანისეული საზაფხულო რეზიდენციის აღდგენა და მასში კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დაარსება, ისტორიული მარნის აღდგენა, ოჯალეშის ჯიშის ვენახების ხელახალი გაშენება და მეღვინეობის განვითარება.
2008 წელს პატრიარქმა ის საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად დაინიშნა. ამ თანამდებობიდან ეპისკოპოსი 2017 წელს სინოდის სხდომაზე გადააყენეს. ამ სხდომის შემდეგ ითქვა, რომ მეუფე პეტრე „უხეშად არღვევს სასულიერო პირისთვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს, რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ საეკლესიო და სასულიერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას“. მაშინ მეუფე პეტრემ წერილით უპასუხა პატრიარქს და სინოდის წევრებს.
„წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსობისთვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა. ნუთუ, დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არა გვაქვს. ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს?“ - ეწერა წერილში.
პეტრე ცაავას ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენების შემდეგ, თანამშრომლებმა მისი დაბრუნების თხოვნით წერილიც მისწერეს პატრიარქს, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
ასევე ნახეთ როგორ დასაჯეს მიტროპოლიტი პეტრე
მიტროპოლიტი პეტრე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავ ქონებას არ ფლობს.
მიტროპოლიტი ამ დრომდე პეტრე ჭყონდიდელის ფონდის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. 2017 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რექტორი.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პეტრე ცაავა ამბობდა, რომ სტუდენტობის დროს ის ბიზნესით იყო დაკავებული და საკუთარი კოოპერატივი ჰქონდა, შემდეგ კი სენაკში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრიდა კენჭს.
პეტრე ცაავას სხვა საყურადღებო განცხადებები და დაპირისპირება იაკობთან
მიტროპოლიტი განსაკუთრებით აქტიურობდა დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. 2017 წელს მან ისიც კი თქვა, რომ ამ პროცესებიდან განრიდებას სთხოვდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ ყველაფერი მას დაბრალდებოდა.
2017 წელს მეუფე პეტრე ამბობდა, რომ პატრიარქი მასზე ნაწყენი იყო.
2018 წელს, როდესაც სინოდის სხდომაზე „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით საეკლესიო კომისიის შექმნა მოითხოვა, უარი მიიღო და თქვა, რომ ამ სინოდზე დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ, მას უკვე ღიად დაემუქრა მეუფე იაკობი, რომელიც ამბობდა, რომ პატრიარქის შეურაცხყოფას არავის აპატიებდა და პეტრეს იმას გაუკეთებდა, „რაც გასაკეთებელი იყო“. იაკობი მაშინ იმასაც ამბობდა, რომ ეკლესიაში სიტყვა ეთქმის და რასაც მოინდომებს, ყველაფერს აკეთებს.
2018 წელსვე, გიორგი მამალაძის საქმის კომენტირებისას, მან „უპრინციპო და უსინდისო ადამიანი“ უწოდა გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც პრეზიდენტობისას ჰქონდა უფლება, შეეწყალებინა დეკანოზი, მაგრამ ეს არ გააკეთა.
პეტრე ცაავამ მხარდაჭერა გამოუცხადა ზაზა სარალიძესაც, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამას და თქვა, რომ მასთან ერთად განიცდიდა უსამართლო მსჯავრს და თანადგომას უცხადებდა.
„ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია. სამწუხაროდ, თავის დროზე ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან ამ პროკურატურისადმი სრული ნდობის გამოცხადებამ ამ შედეგს ხელი შეუწყო“, - ეწერა მთავარეპისკოპოსის წერილში.
2019 წლის ივნისში მეუფე პეტრემ საპატრიარქოს მიერ თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო განცხადების პასუხად თქვა, რომ „სოდომის ცოდვას ეკლესია ჯერ თავის წიაღში უნდა ებრძოლოს“.
პეტრე ცაავა არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე სასულიერო პირს შორის, რომელიც ღიად საუბრობდა ქართული ეკლესიის მხრიდან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე.
პეტრე ცაავამ საკუთარ თავზე აიღო გადაწყვეტილება, აკაკი ხოშტარიას 1915 წელს აშენებულ სახლზე არსებული ბარელიეფების წმინდა გიორგის გამოსახულებით ჩანაცვლების შესახებ.
თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ახსოვს ისიც, რომ პეტრე ცაავა იყო ერთ-ერთი, ვინც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის მონაწილეობას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაში 2016 წელს. მისი თქმით, პეტრე, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ღიად ალაპარაკდა და რამდენიმე წლის წინ უკვე ცხადი იყო, რომ ამის გამო დაისჯებოდა, იმავე მეთოდებით იბრძვის, როგორიც დღეს ეკლესიის შიგნით არის მიღებული, რაც სხვა მღვდელმთავრებთან შედარებით მორალურ უპირატესობას ვერ ანიჭებს.
„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი არის შექმნილი ღვთის ხატად და სახედ, მისი რედუცირება მის სექსუალურ ნიშნულამდე თეოლოგიურად არაჯანსაღი პოზიციაა. მეორეს მხრივ, პეტრემ იცოდა, რომ ამას ექნებოდა რეზონანსი. ჩვენ უამრავჯერ მოგვისმენია საქართველოს ეკლესიის კრიტიკა ფინანსური საკითხების, პოლიტიკურ ძალაუფლებაში შესვლის მცდელობების გამო, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა იმხელა ამბავი, რამხელაც პირად ცხოვრებაზე აქცენტმა გამოიწვია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მირიან გამრეკელაშვილმა.
ასევე ნახეთ პატრიარქის 9 ნაბიჯი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
როგორ მოხდა, რომ სინოდმა მეუფე იაკობის განცხადებებზე მსჯელობის ნაცვლად პეტრეს მღვდელმთავრობიდან ჩამოშორება გადაწყვიტა
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოში წინასწარ იცოდნენ, რასაც აპირებდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სინოდის სხდომაზე და მეუფე იაკობის წინასწარ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პატრიარქის მოშორების გეგმა აქვთ, დავალება იყო.
„იაკობის ამბავი ჩემთვისაც საცნაური გახდა მხოლოდ პეტრეს გადაყენების შემდეგ. პეტრე იქ მომზადებული მივიდა, წერილით. სავარაუდოდ, საპატრიარქოში იცოდნენ, რომ პეტრე ამ ბრალდების წაყენებას აპირებდა და იაკობი სპეციალურად, წინასწარ ააყვირეს. (ის პატრიარქის და მისი მდივნის ყურმოჭრილი მონაა). რატომ? თავი დაიზღვიეს. თუ ხელისუფლება ახლა უარს იტყვის პატრიარქის დაცვაზე, მაშინ იტყვის, რომ ხელისუფლებამ მიუგზავნა პატრიარქს პეტრე და ხალხიც დაიჯერებს.
ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მიდის აქტიური ვაჭრობა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის. იქ უშუალოდ ციფრებზეა საუბარი, სრულიად პრაგმატული ვაჭრობა მიდის, დაცლილი თეოლოგიური და ფილოსოფიური საზრისებისაგან. პატრიარქის დიდი ამოცანაა, რომ პეტრე გააჩუმოს ხელისუფლებამ, ხელისუფლება მოთხოვს რაღაცას სანაცვლოდ და ეს იქნება მხარდაჭერა 2020-ის არჩევნებისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მირიან გამრეკელაშვილი.
ასევე ნახეთ სინოდი - რისთვის და როგორ
1 ნოემბერს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეუფე იაკობმა პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობაზე გაკეთებული განცხადება მეორე დღესვე უარყო და ამის გამო გამოძიების საფუძველი არ არსებობს.