2021 წელს კორონავირუსს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. თანამდებობები დატოვეს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა და პარლამენტის ორმა თავმჯდომარემ. გაიმართა თვითმმართველობის არჩევნების ორი ტური, ოპოზიციონერი მერი მხოლოდ წალენჯიხამ აირჩია. საქართველოში დაბრუნდა და დააკავეს ყოფილი პრეზიდენტი. წლის განმავლობაში გაიმართა ასობით მცირე და რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია.
რადიო თავისუფლება გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებს.
28 იანვარი - "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 40 000 ლარი მოქალაქეებმა 2 საათში შეაგროვეს.
Your browser doesn’t support HTML5
18 თებერვალი - პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. გადადგომის მიზეზად ის იმ დისკომფორტს ასახელებს, რასაც "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარი, ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია უქმნიდა. გახარიამ გადადგომისას თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
რამდენიმე თვეში ის ახალ პარტიას შექმნის და მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში; თავად გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება და წააგებს, წინასაარჩევნო კამპანიისას კი არაერთხელ გახდება ყოფილი თანაგუნდელების თავდასხმის სამიზნე.
22 თებერვალი - პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. ეს მისი “მეორედ მოსვლაა” მთავრობის მეთაურის პოზიციაზე. პირველად ის პრემიერ-მინისტრად 2013 წელს დაინიშნა, როცა ბიძინა ივანიშვილმა ამ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.
23 თებერვალი - დააკავეს ნიკა მელია. ასობით პოლიციელმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ალყაში მოაქცია და ისე აიყვანა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ახალი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილებაა ამ პოსტზე.
28 თებერვალი - საქართველოში ჩამოდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. მისი ინიციატივით მომდევნო თვეების განმავლობაში ხელისუფლება და ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ერთობლივად იმუშავებენ.
1 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა.
19 აპრილს გაფორმდა “შარლ მიშელის შეთანხმება.” ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ ოპოზიცია შევიდოდა პარლამენტში, დაიწყებოდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, მოგვარდებოდა პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები.
6 მარტი - "ტვ პირველი" აქვეყნებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს. ამ ჩანაწერებში ბერა ღარიბაშვილთან და ჩუბინიძესთან ერთად გეგმავს იმ არასრულწლოვან პირებზე ანგარიშსწორებას, რომლებიც მასზე ცუდს ამბობენ, ასევე კითხულობს, როგორ დამთავრდა მათთან სახლებში მისვლა გასაფრთხილებლად. გამოძიება იწყება, თუმცა სამართლდამცავები იკვლევენ არა სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს, არამედ როგორ გავრცელდა ჩანაწერები.
ასევე ნახეთ ვინ რა თქვა სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ და რატომ არის ეს განცხადებები პრობლემური8 მარტი - ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებაა. ეპისკოპოსის რეზიდენციაში შეკრებილი მედია მიმდინარე მოვლენების გადაღებას ცდილობს - მოაჯირი წყდება და ჟურნალისტები მეორე სართულიდან ცვივდებიან.
დაძაბულობა ჭყონდიდის ეპარქიაში მთელი წლის განმავლობაში გრძელდება - ეპისკოპოსი სტეფანე სასულიერო პირებს სჯის, ჯერ მღვდელმსახურების უფლებას ართმევს, შემდეგ კი ეპარქიის კელიებიდან ასახლებს. განკვეთილი სასულიერო პირები ეპისკოპოსს სასულიერო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ.
15 მარტი - საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.
16 მარტი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცალკე გამოეყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი თეა წულუკიანი გახდა.
18 მარტი - ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით კვდება. ამ შემთხვევამ თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაშალა ვაქცინაციის ახალდაწყებული პროცესი. 2021 წელი ისე დასრულდა, რომ გამოძიებამ არ გასცა პასუხი კითხვას, შეიძლებოდა თუ არა მეგი ბაქრაძის გადარჩენა.
ასევე ნახეთ როგორ უღალატა 28 წლის ექთანს სისტემამ - ოჯახმა დღემდე არ იცის, რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე7 აპრილი - მაშველებმა სოფელ შამგონასთან ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ისინი საქართველოში მოქმედი კარანტინისთვის თავის ასარიდებლად, მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.
17 მაისი - დმანისში ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - ადგილზე სპეც-დანიშნულების რაზმების ყოფნის მიუხედავად, ადგილობრივები ერთმანეთს კეტებით და ქვებით გაუსწორდნენ. დმანისში ჩადიან პარლამენტის დეპუტატები და შინაგან საქმეთა მინისტრი - ისინი დღის ბოლოს კამერების წინ ამბობენ, რომ კონფლიქტი ამოწურულია. ქალაქის მთავარ მოედანზე ამ დღეს ჯვარი აღმართეს.
23 მაისი - თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ხალხმრავალ აქციას მართავენ “რიონის ხეობის მცველები”. ისინი წელიწადზე მეტია “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვიან. 22 სექტემბერს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია იტყვის, რომ ჰესს აღარ ააშენებს, საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტს წყვეტს და დავას არბიტრაჟში გააგრძელებს.
24 ივნისი - კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი გადაუხდელი ჯარიმები გაუქმდა, ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის; 2021 წელს კოვიდის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანი მოკვდება.
28 ივნისი - 2018 წლის მონიტორინგის შემდეგ პირველად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლას ახერხებს. ომბუდსმენის აპარატს ეჭვი აქვს, რომ ამ დახურულ დაწესებულებაში ბავშვები ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი არიან. პანსიონის მმართველი ეპისკოპოსი სპირიდონი ასეთი მოპყრობის პრაქტიკას უარყოფს. რამდენიმე დღეში პანსიონიდან ბავშვების გაყვანა დაიწყო. პანსიონის ხელმძღვანელობას ჩამოშორდა სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა შეცვალა.
Your browser doesn’t support HTML5
5 ივლისი - თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციას მართავენ რადიკალური მემარჯვენე კონსერვატორი ჯგუფები, დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის რადიო თავისუფლების ორი რეპორტიორი. დარბეულია "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისები. პარლამენტის წინ ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, აღმართეს რკინის ჯვარი.
11 ივლისი - საკუთარ სახლში გარდაიცვალა 5 ივლისის ერთ-ერთი დაშავებული, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. შსს-ში გამართულ ბრიფინგებზე მიანიშნებენ, რომ იგი შესაძლებელია ნარკომომხმარებელი ყოფილიყო და გარდაცვალების მიზეზიც ეს გამხდარიყო. გამოძიება ამ საქმეზე დასრულებული არ არის.
28 ივლისი - მმართველმა პარტიამ “შარლ მიშელის შეთანხმება” ცალმხრივად დატოვა.
8 აგვისტო - ტოკიოში ოლიმპიური თამაშები დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (კლასიკური ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ბრინჯაოს კი ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) დაეუფლა.
13 სექტემბერი - ვრცელდება სავარაუდოდ სუსის მიერ შედგენილი დიდი მოცულობის ფაილები სასულიერო პირების შესახებ. ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასულიერო პირებს, მედიას, პოლიტიკოსებს უსმენს, ინფორმაციას აგროვებს, ინახავს და ინტერპრეტაციებს უკეთებს. ჩანაწერებში მოხვედრილი ადამიანების ნაწილი ადასტურებს იქ აღწერილი ამბების ნამდვილობას. სასულიერო პირების მონაწილეობით სავარაუდო დანაშაულებებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.
1 ოქტომბერი - საქართველოში ფარულად ჩამოდის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. იგი ბათუმში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს "ფეისბუკზე." ხელისუფლება მთელი დღე უარყოფს, რომ სააკაშვილი საქართველოშია, საღამოს კი პრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებას აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. რამდენიმეწუთიან განცხადებას პრემიერ-მინისტრი იყენებს იმისთვისაც, რომ საზოგადოებას და ბიძინა ივანიშვილს “ბიძინაობა” მიულოცოს.
მიხეილ სააკაშვილი, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.
2 ოქტომბერი - იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების შედეგების მიხედვით, 5 თვითმმართველ ქალაქში და 15 მუნიციპალიტეტში მეორე ტური ინიშნება.
8 ოქტომბერი - ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის. სავარაუდოდ, პირველი სართულის რეკონსტრუქციისას დაირღვა უსაფრთხოების წესები. ქვეყანაში გლოვის დღე ცხადდება.
30 ოქტომბერი - საქართველოს 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი იმარჯვებს მხოლოდ წალენჯიხაში. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, ხელისუფლება ამბობს, რომ 2024 წლამდე ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება.
3 ნოემბერი - საქართველოს პარლამენტის შენობაში, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს ელენე ხოშტარია, პარტია „დროას” ლიდერი. ის ჯამში 17 დღეს იშიმშილებს, სანამ ყოფილ პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ გადაიყვანენ.
8 ნოემბერი - ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი გლდანში 19 ნოემბრამდე დარჩება.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50 დღე - ქრონოლოგია9 დეკემბერი - ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს.
21 დეკემბერი - ენმ-ის წევრებმა დაიწყეს მასობრივი შიმშილობა. მათი მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლებაა.
24 დეკემბერი - კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და უარი თქვა დეპუტატის მანდატზეც. პოსტზე, რომელზეც არჩილ თალაკვაძე შეცვალა, მან მხოლოდ 8 თვე დაყო. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდება.
26 დეკემბერი - ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმება სურს და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშია შესული. ლონდა თოლორაიამ, სახელმწიფო ინსპექტორმა, ამის შესახებ მედიიდან გაიგო.
ასევე ნახეთ ლიკვიდაცია რეორგანიზაციის სახელით - რისთვის ისჯება სახელმწიფო ინსპექტორი27 დეკემბერი - ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.