პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე კვლავ „ღალატში“ სდებს ბრალს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს, რომ საქართველომ 2004-12 წლებში, - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, - „ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა“ და „აგენტურის მმართველობა“ გამოიარა.
„გასული 34 წლის მანძილზე საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა, გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში, 2004-12 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი“, - განაცხადა მან.
მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - რომელმაც ცოტა ხნით ადრე ვრცელ სიტყვაში მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ანტიდასავლური შემობრუნება, - „ღალატში“ დაადანაშაულა. მან განაცხადა:
„სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა“.
პრემიერმა განაცხადა, რომ „საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას“, თუმცა დღეს „ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას“.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა „სუვერენიტეტზე“ და განაცხადა, რომ „საქართველოს უახლესმა ისტორიამ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტიაა“.
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან
კვირას, 26 მაისს, დილის ათი საათიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები.
ახალწვეულებმა ფიცი დადეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მცხეთაში, სამთავროს ტაძართან, დიდგორის ველზე, გერგეტის სამებასთან, კაცხის სვეტთან და ბეთანიის მონასტერში.