„ეს ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება“ - წინასაარჩევნო საუბრები სახელმწიფო რელიგიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს, შესაძლოა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სურვილი იყოს. თეოლოგები და სასულიერო პირები კი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ეკლესიის დაასუსტებს და არა პირიქით.

„ქართული ოცნება“ წლებია აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაკნინებას ცდილობენ, თავად კი ეკლესიასა და სარწმუნოებას იცავს.

25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიმეორა სამი დაპირება, რასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში შეასრულებს და თქვა, რომ არსებობს მეოთხეც, „ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთო“.

სარწმუნოების ხსენებამ გააძლიერა ეჭვი, რომელიც მედიას და ექსპერტებს გაუჩნდათ, რომ საუბარია სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადების იდეაზე.

საამისოდ, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. შესაბამისად, გამოდის, სწორედ ეს იქნება მეოთხე დაპირება, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის სანაცვლოდ გასცემს და, რომლის საჯაროდ დასახელებისგან ხელისუფლების მაღალჩინოსნები აქამდე თავს იკავებდნენ.

27 აგვისტოს ეს ცნობა ირიბად დაადასტურა საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.

„ეს არის ძალიან კორექტული, ძალიან მშვიდი და არგუმენტირებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სამართლებრივ მოდელებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის“, - თქვა მან და დასძინა, რომ „არავითარი საფუძველი არ არის, რომ ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, შეიცვალოს“.

ბუნებრივია, გიორგი ზვიადაძე მიანიშნებს საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებაზე - კონკორდატზე, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე ანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს.

28 აგვისტოს კი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ აღარ დამალა, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს მსგავსი რამ მართლაც შესთავაზა, რასაც მან „თავაზიანობის აქტი“ უწოდა და დაამატა, რომ ინიციატივის ზუსტ ფორმულირებასთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება.

ასევე ნახეთ "ოცნების" ოთხი მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის ძიებაში

ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი?

„საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი“, - დაწერა 28 აგვისტოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მიმართ ეკლესიის წარმომადგენლების სკეპტიკური დამოკიდებულება არ უკვირს თეოლოგ ბექა მინდიაშვილს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს აქამდეც გამოუთქვამთ მსგავსი ინიციატივა „განსაკუთრებით ფარისევლური დამოკიდებულების გამოსახატად“.

„ასეთ სურვილს პასუხად ყოველთვის გაეცემოდა ეკლესიის ძალიან სწორი პოზიცია, რომ ეს ნიშნავს ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვას, ეს ნიშნავს სახელმწიფოს პირდაპირ შეჭრას ეკლესიის თვითმმართველობაში“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

ერთი შეხედვით, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ამა თუ იმ აღმსარებლობის სტატუსის გაძლიერებას უნდა ნიშნავდეს, თუმცა, თეოლოგების და სასულიერო პირების თანახმად, საქმე სხვაგვარადაა.

სახელმწიფო რელიგიის ცნება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ზღვრის მოშლასაც მოიცავს - საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს ენიჭებათ უფლება, სახელმწიფო რელიგიის მნიშვნელოვან საქმეებში ჩაერიონ.

ბექა მინდიაშვილი

„სახელმწიფო ეკლესიის მქონე ქვეყნები ძირითადად მონარქიებია, სადაც მონარქიები პირდაპირ მართავენ ეკლესიებს, ან ათანხმებენ მონარქებთან და ხელისუფლებასთან, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრებთან, ეკლესიის მმართველებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბექა მინდიაშვილმა.

ის სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმიმართების ამგვარ მოდელს საქართველოსთვის „აბსოლუტურად უცხოს და მიუღებელს“ უწოდებს.

„პირიქით, გვაქვს ურთიერთდამოუკიდებლობის ტრადიცია. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რა ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ სახელმწიფოსა და ეკლესიას“, - ამბობს თეოლოგი.

სახელმწიფო რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი ინგლისის ეკლესიაა, რომელიც მეფე ჰენრი VIII-მ 1534 წელს დააარსა კათოლიკურ ეკლესიასთან კონფლიქტის შემდეგ. ინგლისის ეკლესიის უზენაესი მმართველი ბრიტანეთის მონარქია. დღესდღეობით, მონარქი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს ეკლესიის მთავარ სასულიერო პირს, კენტერბერის არქიეპისკოპოსს.

„შეუძლებელია, ადამიანმა წარმოიდგინოს ამაზე უხეში და უკუღმართი ფორმა რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა, როგორიც არის ამა თუ იმ რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ სონღულაშვილმა, თეოლოგმა და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა.

ის მიიჩნევს, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმით პირველ რიგში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაზიანდება, რადგან სახელმწიფო აღმსარებლობის არსებობის პირობებში, ესა თუ ის ეკლესია „არსებობის აზრს კარგავს“.

მალხაზ სონღულაშვილი

„ნებისმიერი რელიგიის სახელმწიფო სტატუსში აყვანა, პირველ რიგში, ანადგურებს, ძირს უთხრის ამ რელიგიას. რადგან ის ხდება არა ღმერთის ან სარწმუნოების, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი. ყველა იმ ტრადიციულ ქვეყანაში, სადაც დიდი ხნის, შეიძლება საუკუნეების განმავლობაში იყო სახელმწიფო რელიგია, ჩვენ გვაქვს ყველაზე მძიმე მიმართება რელიგიასთან. რელიგია არის ათვალწუნებული და გაიგივებული პოლიტიკასა და სახელმწიფოსთან, რაც ანადგურებს რელიგიას პირველ რიგში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ სონღულაშვილმა.

ბექა მინდიაშვილი კი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, თუკი ამ ინიციატივით ის გამოვა, „ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების მცდელობის“ ნაწილი იქნება:

„მმართველი პარტია, რომელიც ცდილობს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს ებრძვის. ეს იქნება თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო თუ სამოქალაქო საზოგადოება. პირდაპირი სურვილი აქვთ უკვე [პოლიტიკური] პარტიების გაუქმების. რასაკვირველია, ამ კონტექსტში უნდა წავიკითხოთ ესეც, რომ ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმების მცდელობა“.

იგივე მოსაზრება გამოთქვა მთავარეპისკოპოსმა ზენონმაც:

„თუ გამიზნული განაცხადია, სხვა არაფერს მიეახლება გონება, თუ არა ეკლესიის ინსტიტუციური განადგურებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობიდან გადახვევის ვერაგულ და, ამავდროულად, მდარე ჩანაფიქრს, რაც მხოლოდ საქართველოსა და მისი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტს შეიძლება წარმოადგენდეს, ან კიდევ სამომავლო დიქტატურისა თუ ავტორიტარიზმის მომასწავებელ უბედურებას“.

საზოგადოებრივი კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი კონსტიტუციური შეთანხმებით კმაყოფილია.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2021 წლის კვლევის თანახმად, ეკლესიისთვის კონკორდატით მინიჭებულ განსაკუთრებულ იურიდიულ სტატუსს მხარს უჭერდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის 65% და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 36% - იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე წინააღმდეგი იყო.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ ქართული კონკორდატი ყველაზე ძლიერი სტატუსია, რაც ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს, რადგან, ერთი მხრივ, ინარჩუნებს ეკლესიის სრულ თავისუფლებას, მეორე მხრივ კი, მასში მონიშნულია საკითხები, სადაც ეკლესიამ და სახელმწიფომ შეიძლება ითანამშრომლონ.

წნეხის, ძალადობისა და დევნის ქვეშ რელიგია ძლიერდება

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, თუკი ეს მოხდა, სხვა რელიგიურ აღმსარებლობებს ავტომატურად მიანიჭებს მეორეხარისხოვან სტატუსს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო აღრიცხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 16.6%, ანუ დაახლოებით 616 000 ადამიანი მართლმადიდებელი არაა. აქედან ყველაზე მეტად ჭარბობენ მუსლიმები (10.74%) და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები (2.94%).

2018 წელს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, როცა დაადგინა, რომ გარკვეული საგადასახადო შეღავათების მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭება დისკრიმინაციული ნორმა იყო.

„ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში“, - ეწერა სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, რომელსაც მალხაზ სონღულაშვილი ხელმძღვანელობს, ამ საქმის ერთ-ერთი მომჩივანი იყო და დისკრიმინაციული პრაქტიკის დასრულებას ითხოვდა.

მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სხვა აღმსარებლობებსაც დააზიანებს, რადგან ისინი ასეთ დროს „მეტი წნეხის, ძალადობისა და დევნის“ მსხვერპლნი ხდებიან და დასძენს:

„ის უნდა ითქვას გულწრფელად, რომ როდესაც რელიგია წნეხის, ძალადობისა და დევნის ქვეშ არის, რელიგია ძლიერდება. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა რელიგია იძენს სახელმწიფო სტატუსს, მაშინ რელიგია სუსტდება.

უმცირესობები შეიძლება აღმოჩნდნენ მძიმე წნეხის ქვეშ, რაც, საბოლოო ჯამში, ამ რელიგიებს არ დაასუსტებს, არამედ გააძლიერებს“.