წინასაარჩევნო დარღვევები „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში  

ანგარიში, რომელიც ISFED-მა გამოაქვეყნა, 9-დან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, აგიტაციის წესების დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კამპანიისთვის ხელის შეშლა, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიისას აღმოჩენილი დარღვევების ის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) შუალედურ ანგარიშში წერს.

ორგანიზაცია 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას პირველი აგვისტოდან ახორციელებს. ანგარიში, რომელიც არჩევნებამდე 20 დღით ადრე, 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა, 9-დან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17 საჩივრით მიმართა:

  • 12 შემთხვევაში გასაჩივრებულია საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაცია როგორც სოციალური ქსელებით, ასევე აქტიური ქმედებებით;
  • 3 საჩივარი უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას;
  • 1 საჩივარი რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობას კამპანიაში;
  • 1 შემთხვევაში გასაჩივრებულია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ინიციატივა.
  • „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივრით მიმართა ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეისწავლოს შალვა ნათელაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ქუთაისში.

საანგარიშო პერიოდს დაემთხვა მედიაში ფარული ჩანაწერების გავრცელებაც, რომლებიც ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ამხელს და საარჩევნოდ მმართველი პარტიის სავარაუდო დაფინანსების არალეგალურ სქემას ააშკარავებს. ეს ჩანაწერები ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების გაგრძელებას წარმოადგენდა. „იბერიის“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები მის მფლობელობაში არსებულ ბიზნესებზე ზეწოლაში, გამოძალვასა და სხვა დანაშაულებში დაადანაშაულა. როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, ჩანაწერები და გამოთქმული ბრალდებები ქვეყანაში ელიტარული კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის მიმართულებით საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. ხოლო, გამჟღავნებული ინფორმაცია სახელისუფლებო პარტიის დაფინანსების სავარაუდო სქემის შესახებ ძირს უთხრის პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობას, ჩრდილს აყენებს პოლიტიკურ გარემოს და საზოგადოების ნდობას მის მიმართ. ამ პირობებში აშკარაა, რომ პოლიტიკური ფინანსების საკანონმდებლო ჩარჩო და მონიტორინგის არსებული მექანიზმები ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

ასევე ნახეთ „ომეგა“ - ურჩი გადამხდელი თუ შევიწროებული?

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლების თქმით, შემაშფოთებელი ტენდენციის სახე მიიღო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების და არჩევნებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობებმა და არა ეთიკურმა განცხადებებმა. მსგავსი თავდასხმის ობიექტი „სამართლიანი არჩევნები“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მხრიდან გახდა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევამ კოორდინირებული სახე მიიღო და ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით განცხადებები გაკეთდა პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის, „ქართული ოცნების“ პარლამენტარების, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ.

შესამჩნევი გახდა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილის მხრიდან „ფეისბუქის“ პირადი გვერდებიდან სამუშაო საათებში ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია.

ანგარიშის თანახმად, არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მსგავსი კოორდინირებული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლას და საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას. „მაღალი თანამდებობის პირების მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები სცდება ჯანსაღი კრიტიკისა და საქმიანი კომუნიკაციის სტანდარტებს. თანამდებობის პირების განცხადებები მიმართულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაციის დაზიანებისა და დისკრედიტაციისკენ, რაც მიუღებელია და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საფრთხეს წარმოადგენს“, - ვკითხულობთ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„მაღალი თანამდებობის პირების მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები სცდება ჯანსაღი კრიტიკისა და საქმიანი კომუნიკაციის სტანდარტებს.

საანგარიშო პერიოდს თან ახლდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით აგიტაციაში მონაწილეობის შემთხვევები. სალომე ზურაბიშვილისადმი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ოფიციალურად განცხადებისა და მისი საარჩევნო რიგითი ნომრის განსაზღვრის შემდეგ, შესამჩნევი გახდა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილის მხრიდან „ფეისბუქის“ პირადი გვერდებიდან სამუშაო საათებში ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია. საჯარო მოხელეების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას პირდაპირ გამოხატავს, ხოლო სხვები სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პარალელურად ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების დამაკნინებელ პოსტებს იზიარებენ. ამას გარდა, დაფიქსირდა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებები, რაც აგიტაციის წესის დარღვევას წარმოადგენს. უკანონო აგიტაციის ყველა ამ შემთხვევაზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი წარადგინა საარჩევნო ადმინისტრაციაში.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ბიუჯეტით დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას წინასაარჩევნო მიზნით. ასევე, კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრებზე შეინიშნებოდა ადგილობრივი საჯარო მოხელეების, პედაგოგების, ა(ა)იპ-ების თანამშრომლების მობილიზების შემთხვევები.

ასევე ნახეთ წინასაარჩევნო გარემო კახეთში კონკრეტული დარღვევებით

ანგარიშის თანახმადვე, საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრებზე ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევები. ძირითადად მსგავსი ინციდენტები ხდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ გამართულ შეხვედრებზე.

28 სექტემბერს ცესკომ კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა. საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 25 კანდიდატია რეგისტრირებული. 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიების მიერ, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. საგულისხმოა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში შემავალ კვალიფიციური პარტიების არჩევნებზე რეგისტრირებული 5 საპრეზიდენტო კანდიდატი. მათგან ოთხს არჩევნების მოგების გაცხადებული საარჩევნო ინტერესი არ აქვთ და მიზნად ისახავენ ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას საარჩევნო კანონმდებლობით კვალიფიციური პარტიებისთვის დადგენილი შეღავათების და სარგებლის მიღების გზით. ე.წ. „ტექნიკური კანდიდატის“ მხარდაჭერით სარგებლობს ასევე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეც.

ასევე ნახეთ პოლიტიკური რეკლამა - რეკლამა თუ კანონდარღვევა?