ამ სტატიაში ავტორებსა და გამომცემლებთან ერთად ვარკვევთ, რა წიგნები შეიძლება შევიდეს ლიტერატურის გრძელ სიაში, რომელიც ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვების დაცვის საბაბით 3 აპრილს საქართველოს პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს.
კონსტიტუციურ კანონში, რომლის ინიციატორიც “ქართული ოცნებაა”, ერთ-ერთი პუნქტი ასე გამოიყურება:
“აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.”
“ჩანაწერი ძალიან ბუნდოვანია და ნებისმიერ ხელოვნების ნაწარმოებზე შეიძლება, განზოგადდეს. საშინელება და აბსურდია და არც მჯერა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ამ თემაზე სერიოზულად მიწევს მსჯელობა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მწერალი ნანა აბულაძე. მისი სადებიუტო რომანი “აკუმი” სწორედ იმგვარ ადამიანებზეა, ვისაც სქესი არ აქვს.
“ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიას იკვლევს, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან“, - წერია „აკუმის“ ანოტაციაში. 2 წლის წინ ამ წიგნმა ორი ლიტერატურული პრემია მიიღო, მათ შორის “საბა” საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. ნანა ამბობს, რომ თუკი ლგბტ გამოხატვის შემზღუდავი კანონპროექტი კანონად იქცევა, არა მხოლოდ “აკუმი”, მისი ყველა სხვა დაწერილი და დასაწერი წიგნი ასაკრძალი გახდება.
ასევე ნახეთ ხუთი პირობა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვიანანას ჩვენ ვთხოვეთ, გაეხსენებინა სხვა ქართველი ავტორებისა და მსოფლიო ლიტერატურის ქართულად ნათარგმნი ნაწარმოებები, რომლებიც შეიძლება “აკრძალულ ლიტერატურად” გამოცხადდეს. “სია უსასრულოა და ამ სიაში უთუოდ შედის ძველი აღთქმაც”, - გვითხრა მან.
“აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში. უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია. მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა. დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: "აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”. იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან. ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე. უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.” ფრაგმენტი ძველი აღთქმიდან, სადაც ინცესტის შემთხვევაა გადმოცემული |
ნანა აბულაძის მიერ ჩამოთვლილი წიგნების სია ასეთია:
- თამთა მელაშვილის მოთხრობები
- ბესო სოლომონაშვილის რომანი - “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა”
- ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლე”, “ჟუჟა” და პიესებიც
- ტიციან ტაბიძის “ამორძალები”
- ქეთი ნიჟარაძის “მზიანი მხარე”
- დათო გაბუნიას “დაშლა”
- ზურა აბაშიძის მოთხრობები
- მაია ცირამუას რომანი “La porta Segreta/ საიდუმლო კარი”
- თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში”
- ჰერმან ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდი”
- პლატონის “ნადიმი”
- ხალიდ ხოსეინის “მთებმა მთებს უთხრეს”
- უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი”
- ჰარუკი მურაკამის “კაფკა პლაჟზე”
- ჟან ჟენეს “ნოტრ-დამ-დე ფლერი”
- თომას მანის “ჯადოსნური მთა”
- ანდრე ასიმანის “შენი სახელი დამიძახე”
- მადელინ მილერის “სიმღერა აქილევსზე”
- ნიკოლას მელინის “დაზაფრული ატლანტები”
- ოსკარ უაილდის “De Profundis”
- მიშელ უელბეკის “პლატფორმა”, “ელემენტარული ნაწილაკები”
- ვლადიმერ ნაბოკოვის “ლოლიტა”
- ოვიდიუსის “მეტამორფოზები”
- უილიამ შექსპირის სონეტები (მათი ნაწილის ადრესატი, ბოლო კვლევების მიხედვით, შესაძლოა მამაკაცი იყოს)
- მარის კონდეს “მე, ტიტუბა… შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან”
- ორჰან ფამუქის რომანები “მე წითელი მქვია” და “მდუმარე სახლი”
- ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი”
- ვირჟინი დეპანტის “თეორია კინგ კონგი”
„თეორია კინგ კონგის“ გმირი ერთ ადგილას სწორედ იმაზე ლაპარკობს, რომ მსოფლიო ლიტერატურაში, სადაც, როგორც წესი, ჰეტერონორმატიული ადამიანები და მათი სიყვარულებია აღწერილი, ძალიან ცოტას შეხვდებით მისნაირს.
„ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხსენებაც არ ყოფილა მამაკაცების რომანებში, რომლებშიც ისინი მხოლოდ ისეთ ქალებს წარმოიდგენდნენ, როგორებთანაც თავად ისურვებდნენ დაწოლას. ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით, ჩვენ ხმა არ ამოგვიღია. დღესაც კი, როცა ქალები უამრავ რომანს აქვეყნებენ, იშვიათად შეხვდებით უხეირო თუ უღიმღამო გარეგნობის პერსონაჟ ქალს, მამაკაცის შეყვარებისა თუ მოხიბვლის უნარი რომ არ გააჩნია”.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონი“ და ლგბტ უფლებების შეზღუდვა - რა დრო დასჭირდება „ოცნებას“ საქმის ბოლომდე მისაყვანად
ვირჟინი დეპანტის ყველაზე ცნობილი და სკანდალური რომანი ქართულ ენაზე შარშან დაბეჭდა გამომცემლობა „პოლინომიალმა“. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ძნელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი “ქართული ოცნება” მართლაც დაიწყებს “ლგბტ პროპაგანდასთან” ბრძოლის სახელით წიგნებთან ბრძოლასაც, არა მხოლოდ გამოცემული, გამოსაცემი წიგნების აკრძალვასაც შეძლებენ.
უახლოეს თვეებში გამოსაცემად მზადდება წიგნი ტრანსგენდერ ოჯახზე და ერთიც გეი რომანი. ამ წიგნების ავტორებს ის ჯერ არ ასახელებს, თუმცა ჩამოთვლის, რომელი ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლების წიგნები შეიძლება აკრძალულიყო “ბავშვების და ოჯახური ღირებულებების დამცველი” კანონით.
- ვირჯინია ვულფი - ორლანდო
- არუნდატი როი - უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო
- დაგლას სტიუარტი - შაგი ბეინი
- ოსკარ უაილდი - დორიან გრეის პორტრეტი
- ჯეფრი იუჯინიდისი - მიდლსექსი - ორ სქესს შორის
- იუკიო მიშიმა - ნიღბის აღსარება
- ჟან ჟენე - ნოტრ-დამ დე ფლერი
- დათო ბარბაქაძე - ტრფობა წამებულთა
- ზურაბ ქარუმიძე - მელია-ტულეფია
- რობერტ მუზილი - ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა
- ივლინ ვო - ბრაიდსჰედში დაბრუნება
- ფერნანდა მელჩორი - ქარიშხლების სეზონი
- ლეონარდ კოენი - ყოველი მათგანის ამბავი
“ელენე დარიანიც უნდა ავკრძალოთ, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ეს ლექსები პაოლო იაშვილის დაწერილია, კულტურის სამინისტრო ხომ სწორედ ამას ამტკიცებს, კატო მიქელაძეც, გრიგოლ რობაქიძეც, ნიკო სამადაშვილიც, შოთა ჩანტლაძეც, უამრავი თანამედროვე ავტორი, მათ შორის, ჩემი ლექსებიც”, - გვეუბნება ქვიარ არტისტი, ანდრო დადიანი.
“უნდა დავივიწყოთ წარსული, გავაქროთ დიდი მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს ღვინის თასზე აღმოჩენილი ანტინოეს გამოსახულება. ბერძენი ანტინოე (110-130 წ.) რომის იმპერატორ ადრიანეს შეყვარებული იყო. ის ნილოსში დაიხრჩო. სიკვდილის შემდეგ იმპერატორმა საყვარელი მამაკაცი გააღმერთა და მისი სახელობის ტაძრები ააშენა. საუკეთესო მოქანდაკეებს ორი ათასამდე ძეგლი შეუკვეთა. ანტინოეს სახელზე კი ნილოსის პირას ქალაქი ანტინოოპოლისი ააგო. ჰომოსექსუალური სიყვარულის ამ ემბლემატურ სახეს ანტიკურ საქართველოში ღვინის თასებზე გამოხატავდნენ, რაც იმის ილუსტრაციაა, რომ ქვიარ კულტურასთან ჰარმონიული თანაცხოვრება დღევანდელი ქართველების წინაპრებისთვის სრულიად ბუნებრივი რამ იყო საუკუნეების განმავლობაში, სანამ ჯერ კიდევ არ არსებობდა ტერმინები “ქვიარი” და “ლგბტ პროპაგანდა”, - ამბობს ანდრო.
“ამ კანონპროექტით, გარდა არაჰეტერონორმატიული ურთიერთობებისა, იკრძალება ინცესტის შემთხვევების შემცველი ლიტერატურაც. ეს უბრალოდ აბსურდია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სასწავლო დაწესებულებებში კლასიკური ფილოლოგიის თუ ზოგადად ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებს აღარ უნდა ვასწავლოთ სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", სადაც სწორედ რომ ინცესტია აღწერილი. ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორია, რომელმაც ოიდიპოსის კომპლექსის ცნება შემოიტანა, აღარ უნდა განვიხილოთ? ფსიქოლოგებმა და ფსიქოთერაპევტებმა აღარ იმუშაონ ამ მიმართულებით?” - კითხულობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე, როცა მასაც ვთხოვეთ იმ წიგნების გახსენება, რომლებიც შეიძლება “აკრძალული წიგნების” სიაში აღმოჩნდნენ. ის გვახსენებს, რომ ლიტერატურა სავსეა “პლატონური სიყვარულის” ისტორიებით, რომელიც სწორედაც რომ გეი სიყვარულია.
“პლატონის გენიალური ფილოსოფიური ტექსტი, "ნადიმი" არ წავიკითხოთ, სადაც ალკიბიადესი, მამაკაცი სიყვარულში უტყდება სოკრატეს? ბაჩანა ბრეგაძის გენიალური თარგმანი გვაქვს ამ ტექსტის, ბაჩანა ბრეგაძე მთაწმინდაზეა დაკრძალული. ფარაონთა ისტორია როგორ მოვყვეთ, სადაც უმეტესობა წყვილებისა და-ძმაა, ფარაონის ცოლი დაა მისი. გერმანული მითები როგორ მოვყვეთ, ნორდიული საგები, ნიბელუნგების საგა, სადაც ასევე და-ძმის კავშირებია აღწერილი? თუ კალიგულას ისტორია აღარ მოვყვეთ, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? საფოს ლესბიური პოეზია, სადაც ქალის მიმართ ქალებისთვის აღვლენილ ხოტბებს ვკითხულობთ, აღარ უნდა წავიკითხოთ თუ მარსელ პრუსტი და ოსკარ უაილდი? განზრახ აღარაფერს ვამბობ მეოცე საუკუნის ლიტერატურაზე, დრამატურგიასა და კინოზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლაშა ბუღაძე და ამატებს, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ლიტერატურული ტექსტების უმეტესობა ალბათ სრულიად უცნობია მათთვის, ვინც ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივის უკან დგას. ის თვლის, რომ წიგნების წაკითხვას საბოლოოდ ალბათ ვერცერთი ხელისუფლება ვერ აკრძალავს, მაგრამ შეუძლებლად არ მიიჩნევს პოპულისტური საკანონმდებლო ინიციატივის კანონად ქცევას, რომელსაც ხელისუფლება მისთვის მიუღებელი აქტიური ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენებს.
“ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ინცესტის აღწერა ცუდია, ბევრი იტყვის, რომ რა თქმა უნდა ცუდია ინცესტის აგიტაცია, რაც მოუხელთებელი ტერმინია სინამდვილეში, მაგრამ თუკი იქვე აღვნიშნავთ, რომ ამ შემთხვევაში შეუძლებელია წავიკითხოთ ან დავდგათ სოფოკლეს "ოიდიპოსი", მაშინვე ცხადი ხდება, რომ ასე ცალსახად არ არის საქმე”, - ამბობს ლაშა.
მხატვრული ნაწარმოებების ცენზურა ახალი ამბავი არ არის და თითქმის ისეთივე ხნიერია, როგორც თავად ლიტერატურა.
გამომცემლობა "ინტელექტმა" ცალკე სერიადაც კი გამოსცა “აკრძალული წიგნები”, რომლებიც სხვადასხვა დროს პოლიტიკური რეჟიმების თუ ცალკეული ადამიანების აღქმით სახიფათო იყო. მათგან რამდენიმე სასკოლო პროგრამებიდან ამოიღეს, როგორც, მაგალითად, ეს მოხდა თანამედროვე აზერბაიჯანელი მწერლის, აქრამ აილისლის ნაწარმოებების შემთხვევაში.
ზოგის ყოფნა დაუშვებლად მიიჩნიეს უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამაში. ასეთია მექსიკელი მწერლის, ლაურა ესკიველის 1989 წელს გამოცემული რომანი „როგორც წყალია შოკოლადისთვის“. ეს წიგნი 2005 წელს აიკრძალა უისკონსინის შტატში ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში მშობლის ინიციატივით, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასში ზედმეტად ნატურალისტურად იყო აღწერილი სექსუალური აღგზნება; „უხამსობისთვის“ წიგნი 2012 წელს აიკრძალა აიდაჰოშიც, ნამპას უმაღლეს სასწავლებელში.
ასევე ნახეთ „ეს ქვეყანა … ტრიალებსო“ - აკრძალული წიგნებიწიგნების აკრძალვა უმეტეს შემთხვევაში მათ სასარგებლოდ მუშაობს - აკრძალული ხილის მიმართ ცნობისმოყვარეობაც იზრდება და გაყიდვებიც.
ჯეიმს ჯოისის, ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წიგნები აკრძალვების თანხლებით გახდა მსოფლიო ბესტსელერები. საქართველოშიც კი, ყველა ის წიგნი, რომლებსაც კონსერვატიული თუ რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა დროს სხვადასხვა არგუმენტით ებრძოდნენ, ბევრად უფრო ცნობილი გახდა, ვიდრე ის ტექსტები, რომელთა ცხოვრებაც “უხმაუროდ” დაიწყო.
წიგნების აკრძალვა და განადგურება ხშირად უფრო ფართო პროცესის ნაწილია, ვიდრე კონკრეტული ავტორის ფანტაზიის, ლექსიკისა და იდეების მიუღებლობა. მაგალითად, 1933 წლის ბერლინში სექსუალური მეცნიერებების ინსტიტუტის დარბევა და მისი ბიბლიოთეკის განადგურება, გარდა ადამიანური და ინტელექტუალური ზიანისა, იმის გაფრთხილებაც იყო, რა სისასტიკეს მოუტანდა ნაციზმი სამყაროს. მესამე რაიხის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა ამ ბარბაროსული აქტის შემდეგ თქვა: ”დიახაც, არა დეკადენტებს და მორალურ კორუფციას! ჩვენ ვდგავართ ოჯახსა და სახელმწიფოში წესიერების გვერდით!”
დღესაც, როცა 2021 წლის შემდეგ რეკორდულად იმატებს ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციაში “აღშფოთებულ მშობელთა” განცხადებები ამა თუ იმ წიგნის წინააღმდეგ, ეს აღიქმება როგორც კონსერვატორების რევანში დემოკრატიაზე და უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლაში უკანდახევა. საზოგადოება, რომელიც უშვებს წიგნების აკრძალვას, რთულია, კვლავ თავისუფალ საზოგადოებად ითვლებოდეს. 2022 წლის თებერვალში “პორნოგრაფიული შინაარსის” წიგნებით აღშფოთებული ერთ-ერთი მშობელი მისურის შტატიდან თავად აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ლგბტ პროპაგანდისგან ბავშვების დაცვის სახელით ეროვნული კანონმდებლობის შემოღება და აკრძალული წიგნების სიები ნაცნობი პრაქტიკაა რუსეთისთვის, სადაც 2013 წლიდან მოქმედებს კანონი ლგბტ პროპაგანდის შესახებ. 2022 წელს გაფართოვდა ამ კანონის მოქმედების არეალი, რომელიც თავდაპირველად მოზარდების მავნე გავლენებისგან დასაცავად შესთავაზა ხელისუფლებამ საზოგადოებას, და ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა.
ამ კანონით რუსეთში სრულად აიკრძალა რეკლამებში, წიგნებში, ფილმებსა და მედიაში „არატრადიციულ ურთიერთობებზე“ ინფორმაციის გავრცელება. „არატრადიციულში“ რუსეთის ხელისუფლება ჰომოსექსუალურ ურთიერთობას გულისხმობს. კანონი ითვალისწინებს ჯარიმას ყველას მიმართ, ვინც საჯაროდ პოზიტიურად ისაუბრებს ჰომოსექსუალი წყვილის სიყვარულის შესახებ. ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირებზე 50-დან 400 ათას რუბლამდეა (5 დოლარამდე), იურიდიული პირების შემთხვევაში კი 5 მილიონ რუბლს (70 ათას დოლარზე მეტი) აღწევს.
ასევე ნახეთ რუსული და უნგრული კანონები: ვინ და როგორ აკრძალა „ლგბტ პროპაგანდა“2024 წლის თებერვალში ინტერნეტში გაჟონა სიამ, რომელიც სამასამდე წიგნს აერთიანებდა - რუსული მედია ამტკიცებდა, რომ ამ სიაში შემავალი წიგნების ქსელიდან ამოღებას სთხოვდა რუსეთის ხელისუფლება წიგნებით მოვაჭრეებს. ონლაინგაყიდვების ქსელმა “მეგამარკეტმა” სიის ავთენტიკურობა დაადასტურა და თქვა, რომ ის ჯერ კიდევ 2022 წელს შეიქმნა, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მოქმედების არეალის გაფართოების პარალელურად და სიის შექმნის ინიციატორი ინტერნეტპროვაიდერთა ასოციაცია იყო.
თავად ეს ასოციაცია ამტკიცებს, რომ სია აქტუალური არ არის და თავის დროზე სწორედ იმის საილუსტრაციოდ შედგა, რომ ეჩვენებინა ხელისუფლებისთვის, მკაფიო კრიტერიუმების არარსებობის შემთხვევაში როგორ დაექვემდებარებოდა რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა აკრძალვას. ამ მტკიცების მიუხედავად, რუსულ ონლაინმაღაზიებში სიაში მოხვედრილი წიგნების დიდ ნაწილს მართლაც ვერ იყიდით - ისინი ამ მაღაზიების “დახლებიდან” გამქრალია.
რუსეთში გაჟონილ სიაში აღმოჩნდა როგორც ის წიგნები, რაც რადიო თავისუფლებას ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა დაუსახელეს, მათ შორის, ოსკარ უაილდის, პლატონის, ჟან ჟენეს, ნაბოკოვისა და მურაკამის ტექსტები, ასევე სხვა კლასიკად აღიარებული გამოცემები.
- ანია იანაგიჰარას „პატარა სიცოცხლე“
- ჯეიმს ბოლდუინის „ჯოვანის ოთახი“ და „სხვა ქვეყანა“
- ჯულიან ბარნსის „მზის მზერა“
- ჩაკ პალანიკის „უხილავი მონსტრები“
- პატი სმითის „უბრალოდ, ბავშვები“
- მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“
- ვლადიმირ სოროკინის „მარინას ოცდამეათე სიყვარული“
- ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“
- უილიამ ბეროუზის „შიშველი საუზმე“ და „ველური ბიჭები“
- ემა კლაინის „გოგონები“
- დევიდ მიჩელის „ღრუბლების ატლასი“
- სტივენ ჩბოსკის „მარტოობის უპირატესობანი“
- ერიკ-ემანუელ შმიტის „არეცოს მოედნის თუთიყუშები“
- დენი დიდროს „მონაზონი“
- ხულიო კორტასარის „გამარჯვებულები“
- პაულო კოელიოს „გამარჯვებული მარტოა“
- ელის უოკერის „იისფერი“
- ივლინ ვოს „ბრაიდსჰედში დაბრუნება“
- სტივენ კინგის „ის“ და „ექიმი ძილი“
- იუკიო მიშიმას „აკრძალული ფერები“
- შტეფან ცვაიგის „მოუთმენლობა გულისა“
რუსეთში, კონკრეტული წიგნების შეზღუდვა “ლგბტ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონის გაფართოების შემდეგ, წიგნის მაღაზიების გარდა, სახელმწიფო ბიბლიოთეკებსაც შეეხო - ბიბლიოთეკარები მედიასთან ადასტურებდნენ, რომ მათ სთხოვდნენ კონკრეტული წიგნების არა მხოლოდ ამოღებას მომხმარებელთა დარბაზებიდან, არამედ გაგზავნას მაკულატურის გადამამუშავებელ პუნქტებში.
ანა ახმატოვას სახელობის მოსკოვის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კარასევსკი საუბრობდა სქემაზეც, რომლითაც ისინი იღებდნენ მითითებებს ხელისუფლებიდან. მისი თქმით, ჩინოვნიკები სატელეფონო ზარებით ან ისეთი წერილებით აძლევდნენ მათ მითითებებს კონკრეტული წიგნების ამოღების შესახებ, რომლებზეც არ იყო ხელმოწერა - ეს მთავრობას საშუალებას აძლევს, თქვას, რომ წიგნები არა მათი დაკვეთით, არამედ ბიბლიოთეკარების ინიციატივით ქრება თაროებიდან. რუსეთში ლიტერატურული ცენზურის სამიზნე, გარდა “ლგბტ პროპაგანდისტული” წიგნებისა, ის ავტორებიც არიან, ვინც რეჟიმმა “უცხოეთის აგენტებად” მიიჩნია.
ასევე ნახეთ როგორ ვაქციოთ მწერალი "უცხოურ აგენტად" და "ტერორისტად" - ბორის აკუნინის მაგალითისაქართველოს ხელისუფლება “ლგბტ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონის რეგისტრაციის პარალელურად მეორე ცდაზე აბრუნებს პარლამენტში განსახილველად “აგენტების კანონს”, რომელიც 2023 წლის მარტში ხალხმრავალი გამოსვლების ფონზე უკან გაიწვიეს.