„ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა საბჭოთა მოქალაქეებს. დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ“, - წერია განცხადებაში, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გამოაქვეყნა. მათივე ინფორმაციით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N 338-ში საქართველოს საპატრიარქოსათვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე გათხრებისას 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. ეპარქია მიიჩნევს, რომ ესენი არიან 1937-38 წლებში საბჭოთა ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანები. ბათუმის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნდა 600-ზე მეტი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებიც ბათუმში დახვრიტეს 30-იანი წლების საბჭოთა ტერორის დროს. მათი ვარაუდით, 150 დაღუპულის ნეშტი სწორედ ამ სიიდანაა.
რეპრესირებულების ნათესავებმა წინაპრების მოძიება დაიწყეს. მათ შორისაა ზეინაბ დიასამიძე. მისი ბაბუა, პროფესიით ინჟინერი ჯემალ დიასამიძე 161-ე აღმოჩნდა გამოქვეყნებულ სიაში, იგი კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით 37 წელს დახვრიტეს. ბურუსითაა მოცული მისი დაღუპვის ამბავი. ზეინაბ დიასამიძე ამბობს, რომ სამარხის შესახებ, სადაც შესაძლოა მისი წინაპარიც აღმოჩნდეს, ხელისუფლებამ ორი წლის წინ იცოდა:
„ეს ინფორმაცია ორი წლის განმავლობაში იყო დაფარული. რატომ? ქვეყანამ, ოჯახებმა, ადამიანებმა გამოიარეს საბჭოთა სტალინური ტერორი. ვიდრე ჩვენ არ დავეხმარებით ამ ოჯახებს, ამ საკითხს არ შევისწავლით და სიმართლეს არ ვეტყვით ადამიანებს ამ ბნელი პერიოდის შესახებ, ნეშტების დაკრძალვა მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. ჩვენმა ოჯახმა უმძიმესი პერიოდი გაიარა, უამრავი დამცირება, იარლიყები, შიში. ახლაც, როცა სამარხი ნაპოვნია, ჩვენ ვართ აბსოლუტურ გაურკვევლობაში, ვინ არიან? იმ 600-დან ნაპოვნი 150 ვინაა? ჩატარდა თუ არა მეცნიერული კვლევა?“
მეცნიერული კვლევის ჩატარებას, საქმეში სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვას, დახვრეტილი პირების ვინაობის დასადგენად კი დნმ-ის გამოკვლევას ითხოვს რეპრესირებული ოჯახების ნაწილი. ბათუმში ე.წ. „აჭარის საქმეზე“ 600-ზე მეტი ადამიანი დახვრიტეს, ძირითადად კონტრრევოლუციურ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. მათ შორის იყო ფატმა ლორთქიფანიძის ბაბუა, პროფესიით იურისტი ხასან ლორთქიფანიძე, რომელიც 1937 წელს დააპატიმრეს, მისი კვალი კი ოჯახმა დაკარგა. გადმოცემით იციან, რომ ის, სავარაუდოდ, ციხეში წამებით მოკლეს 48 წლის ასაკში, იმის გამო, რომ პატიმრებს მოუწოდა, არ მოეწერათ ხელი აფსურდულ ბრალდებაზე. ფატმა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დღეს სიმართლის დადგენა მისი და ასობით ოჯახის ტრაგიკული ისტორიის დასასრულს ნიშნავს, ამიტომ საქმეში სიცხადის შეტანას და 150 ნეშტის იდენტიფიკაციას მოითხოვს:
„ზუსტად მინდა ვიცოდე, რომელია ჩემი ბაბუა, რომ შესაბამისად დავასაფლავო. მე ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი ბათუმში, რომლებსაც მსგავსი წარსული აქვთ. ეს არის საოცარი აღმოჩენა, არქეოლოგიური და მეცნიერული მიდგომა, ეს ცალკე საკითხია. შეგნებულად მიდგომა და დეტალურად შესწავლა უნდა ამ საკითხს. სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებაა საჭირო სერიოზული სპეციალისტებით, რომ ყველაფერი ზუსტად გაირკვეს. 150 წამებულის საფლავია აღმოჩენილი და მე მგონი, ეს არ აქვთ გათვითცნობიერებული“.
ეკუთვნის თუ არა აღმოჩენილი ნეშტები 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლებს - ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია, მიიჩნევს არქეოლოგი ნინო ინაიშვილი. იგი ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში ტერიტორია ისე გაითხარა, რომ სპეციალისტები არ ყოფილან ჩართულნი. იგი შიშობს, რომ ამ სამუშაოების დროს შესაძლოა მნიშვნელოვანი არტეფაქტები განადგურებულიყო და ხელისუფლებისგან მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას:
„რატომ არ დაუძახეს დარგის სპეციალისტებს? საველე არქეოლოგიური მეთოდიკა ძალიან გამოსადეგი იქნებოდა, ასევე კრიმინალისტების ჩართვაა აუცილებელი, თუკი ეჭვი გაქვს ამგვარ საქმეზე. ასევე ფიზიკური ანთროპოლოგი უნდა ჩაერთოს. 21-ე საუკუნეში ისეთი საოცარი რაღაცების დადგენაა შესაძლებელი. შეიძლება ეს საპატრიარქოს ინიციატივა იყო და ეს კარგია, მაგრამ, იმავე საპატრიარქოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტები. არანაირი დოკუმენტირება არ მომხდარა ასეთი შთაბეჭდილება დარჩა იმის მიხედვით, რაც მათ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა“.
ბათუმის ეპარქიის გვერდზე 5 და 8 აპრილს გავრცელებულ განცხადებებში წერია, რომ ეპარქია ნეშტების დაკრძალვას 21 აპრილს აპირებს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა მიწვევასაც გეგმავს. 5 აპრილს გავრცელებული განცხადებისგან განსხვავებით, 8 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ბათუმის და ლაზეთის ეპარქია აღნიშნავს, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ.
გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ერთმანეთზე უწესრიგოდ დაყრილი და შემდეგ მიწით დაფარული ადამიანების ჩონჩხები. მათ ხელები აქვთ შეკრული.თავის ქალებზე კი ნატყვიარები აღენიშნება. დოკუმენტური ფოტომასალა კარგად ასახავს, თუ რა სისასტიკითა და წამებით არიან ადამიანები მოკლული. ერთ-ერთ ფოტოზე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩანს ეპარქიის წინამძღვართან ერთად, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორი წლის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფლავის აღმოჩენის შესახებ იცოდა. ისტორიკოსი რამაზ სურმანიძე, რომელიც რეპრესიებს იკვლევს, ამბობს, რომ ორი წლის წინ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ შეექმნათ კომისია საკითხის მეცნიერული შესწავლისთვის, თუმცა ეს მოთხოვნა მაშინ არ შესრულდა. რამაზ სურმანიძე მიიჩნევს, რომ ეს სამარხი ნამდვილად 30-იან წლებში ბათუმში დახვრეტილი მოქალაქეების სამარხია. მისივე ინფორმაციით, მსგავსი საფლავი, სავარაუდოდ, სალიბაურისა და ადლიის ტერიტორიაზეც არსებობს.
„აქ არის ლაპარაკი 613 ადამიანზე. ყველა აჭარაში მცხოვრები კი არ იყო. ესენი არიან ბათუმში დახვრეტილები, მათ შორის 60-მე უცხოელია: გერმანელები, იტალიელები. იყვნენ პროტესტანტებიც, 7-8 სხვადასხვა სარწმუნეობის ადამიანები იყვნენ, მარტო მუსლიმანები და ქრისტიანები კი არა. მაგალითად, ერთი ისტორიაა - კაცი ჩამოვიდა, სტუმრად იყო ოჯახში და მასპინძელი რომ დაიჭირეს, ისიც მიაყოლეს. თურქეთიდან ჩამოსულია დაახლოებით 11 კაცი. გურიიდანაა 30-40 ადამიანი. თბილისიდან არიან, აღმოსავლეთ საქართველოდან“, - განაცხადა რამაზ სურმანიძემ.
საკითხის შესასწავლად საქმეში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 9 აპრილს ჩაერთო, აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი. მისივე ინფორმაციით, სამარხის შესახებ უწყებამ ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შეიტყო. ზაურ ახვლედიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქმეში სააგენტოს არქეოლოგები ჩაერთვებიან, მომავალში კი საკითხის უფრო მასშტაბური შესწავლა და სახელმწიფო კომისიის შექმნა იგეგმება.
„ძვლები ამოღებულია სამარხიდან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საპატრიარქოს სარდაფში ინახება. გვქონდა კომუნიკაცია ეპარქიასთან, რომ ჩავერთვებით ამ საკითხში და სავარაუდოდ, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც გაივლის შემდგომ ეტაპებს, თუ რა და როგორ მოხდება. უახლოეს დღეებში მთავრობა გადაწყვეტს, რა ტიპის კომისია იქნება და ვინ იქნება ამ კომისიაში. დაკრძალვასთან დაკავშირებითაც იქნება ის პროცედურები გავლილი, რასაც საზოგადოება ითხოვს და რაც კანონითაა განსაზღვრული. საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება ყველაფერს, არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ჩართვა. შესაძლებელია აღმოჩენილია 37 წელს დახვრეტილთა სამარხები, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ სამარხის ქვეშ კიდევ რამე იყოს. ამიტომ ასეთი გათხრების დროს არქეოლოგების ზედამხედველობით უნდა იყოს შესწავლილი ყოველი უბანი“, - ამბობს ზაურ ახვლედიანი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი.
ბათუმში სამარხის აღმოჩენის გამო სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ხელისუფლებას სამი თხოვნით მიმართა - ყველა ნეშტს ჩაუტარდეს დნმ-ის ანალიზი, თუ ამ გზით ვინაობის დადგენა შეუძლებელი იქნება ძვლები დაკრძალონ ნეიტრალურ სასაფლაოზე და დაკრძალვა არ დაემთხვეს არანაირ რელიგიურ დღესასწაულს. მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის ინფორმაციით, რეპრესირებულთა სიაში მუსლიმთა ბევრი სულიერი წინამძღვარიცაა.