ძველი ბათუმის დამცველები ზონალურ საბჭოს უპირისპირდებიან

ბათუმის ისტორიულ ნაწილში რამდენიმე მშენებლობა იგეგმება ძველი - მათ შორის ისტორიული - სახლების ნგრევის ხარჯზე. რა უნდა დაინგრეს და რა აშენდეს ძველი სახლების ნაცვლად, გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის საბჭო იღებს, რომლის წევრები ძირითადად საჯარო მოხელეები არიან. ამ საბჭოს წევრების დათხოვნას არაერთი წელია ითხოვენ კულტურული მემკვიდრეობის ბათუმელი დამცველები, რადგან, მათი აზრით, სწორედ ამ საბჭოს გადაწყვეტილებით მიადგა ისტორიული ბათუმის უბნებს გამოუსწორებელი ზიანი.

დღეს საბჭომ ისტორიულ ბათუმში ათამდე ახალი მშენებლობის საკითხი განიხილა, მათ შორის ისეთი სადავო საკითხები, რომლებიც არაერთხელ გამხდარა ბათუმელების პროტესტის მიზეზი.

მაგალითად:

  • ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული ორი ისტორიული სახლის დანგრევის საკითხი, რომლის ნაცვლად, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, შპს „პროგრეს სიტი“ ხუთსართულიანი შუშის სასტუმროს აშენებას აპირებს.
  • მემედ აბაშიძის პირველ ნომერში კი, ისტორიული განაშენიანების ზონაში, მეპატრონე ითხოვს სართულის დამატების ნებართვას.
  • მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება, აგრეთვე, ბათუმის სინაგოგასთან, ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში.

ამ საკითხების განხილვას საბჭოს სხდომაზე პროტესტი მოჰყვა. საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ საბჭო დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებს:

„ეს არის ისტორიული ზონა, ყველანაირ კანონს და რეგულაციებს თავი რომ დავანებოთ, ისტორიული ბათუმია, ქალაქის ყველაზე ძველი უბანია. იცავს კანონი და განსაკუთრებული რეგულაციები, ამიტომ არ შეიძლება ის, რასაც ეს საბჭო აკეთებს. გადაწყვეტილება კი უნდა მიიღონ მხოლოდ იმის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებაში როგორია და ხომ არ აკნინებს ძეგლის ფუნქციას. არასერიოზულად განიხილავენ საკითხებს, იმიტომ რომ არც ერთი არაა აქ სპეციალისტი - ურბანისტი არ არის, არც ხელოვნებათმცოდნე და ქალაქმგეგმარებელი. საერთოდაც, ეს საბჭო დანაშაულებრივია და კანონმიღმაა შექმნილი, უკვე 10 წელია“.

ე. წ. ზონალური საბჭოს ერთ-ერთი წევრია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი. მას არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ საბჭოში დარგის სპეციალისტების ნაცვლად მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები ხმათა უმრავლესობით იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა დაინგრეს და აშენდეს ისტორიული ქალაქის უბანში. დღეს მან განაცხადა, რომ სადავო საკითხების ნაწილს მხარს დაუჭერს, საბოლოო გადაწყვეტილება კი ერთ კვირაში გახდება ცნობილი. კითხვაზე, რას აკეთებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმის ისტორიული უბნების შესანარჩუნებლად, ზაურ ახვლედიანი ამბობს:

„ხშირ შემთხვევაში საბჭოს წევრები გავდივართ ადგილზე და ვეცნობით, არის თუ არა კონკრეტული სიმაღლეები მისაღები, ხოლო სააგენტოს არ აქვს იმის უფლებამოსილება, ზონალური საბჭოს საკითხები შეისწავლოს ძირფესვიანად. ეს არის მხოლოდ საბჭოს კომპეტენცია, განიხილოს დასაშვებობის საკითხი ძეგლთან მიმართებით ან მის ზონასთან მიმართებით როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი. ჯერ უნდა დავადგინოთ ისტორიული საზღვრები და შემდეგ სად არის ძეგლები“.

​თუმცა ბათუმის ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უბნების საზღვრები და აღწერილობა დადგენილია დოკუმენტში, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2009 წელს შექმნა ბიუჯეტის ფულით სპეციალისტების კვლევის საფუძველზე. ამ დოკუმენტის დამტკიცებას, რამდენიმე წელია, ითხოვენ ძველი ბათუმის დამცველები, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი ისტორიულ ბათუმს უხეში ჩარევებისგან დაიცავს.

ისტორიული ბათუმი, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენდა, ნამდვილად დასაცავია, - მიიჩნევს ნატო ცინცაბაძე, ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) წარმომადგენელი საქართველოში. მისი თქმით, ძველი ბათუმის უბნები ერთიან ურბანულ ქსოვილად უნდა წარმოვიდგინოთ, სადაც დასაცავია ყველა შენობა, კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, და ისტორიული სახლებიც, რომლებიც ფონური შენობებია:

„გადავხედე ფაქტების ჩამონათვალს, 2009 წლიდან რამდენი ისტორიული ნაგებობა დაინგრა ბათუმში. მათ შორის უმრავლესობა ძეგლებია. დამცავი ზონა იმიტომ იქმნება, რომ იქ მარტო ძეგლი არ უნდა გადარჩეს. მაშინ რად გვინდა ზონა?! ვიტყოდით, ეს ძეგლებია და მორჩა. ზონა იქმნება იმიტომ, რომ ისტორიული ქსოვილი შენარჩუნდეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დიდი პასუხისმგებლობაა, ხელისუფლებამ ფული უნდა დახარჯოს მის მოვლა-პატრონობაზე და ა.შ. მაგრამ გადასარჩენი უმეტესი ისტორიული ნაგებობებია. იმ ჩამონათვალს რომ გადავხედე, გამოდის, რომ თუ ასე გაგრძელდა, სადღაც 50 წელიწადში ბათუმში ისტორიული შენობაც არ დაგვრჩება, მისი ინეგრულობა დარღვეული იქნება. რეალურად ქვა ქვაზე არ დარჩება ისტორიული ბათუმისგან“, ამბობს ნატო ცინცაბაძე, ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) წარმომადგენელი საქართველოში.