ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტის დროს აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას აშშ „ძალიან მალე“ განიხილავს.
ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა:
„ის ფიქრობს, რომ უკვე გვაქვს სანქციები დაწესებული. თუ ის დგას ყველაფრის სათავეში და ეს [კანონი] წინ წაიწევს, ვფიქრობ, ამას [სანქციების დაწესებას] ძალიან სერიოზულად შევხედავთ“.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ იქნება ეს ნაბიჯი დაგვიანებული, ო'ბრაიენმა განაცხადა:
„ეს ძალიან ახლო პერსპექტივაა. არ მინდა, პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ამაზე ვიმუშავებთ. როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ ცხად მტკიცებულებებსა და ძალიან ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. ეს არ არის ისეთი რამ, რომ ერთ ღამეში გაკეთდეს“, - განაცხადა მან.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხედავთ თუ არა კოორდინაციის ნიშნებს საქართველოში, ყირგიზეთსა და რესპუბლიკა სრპსკაში ახლახან მიღებულ „აგენტების კანონებს“ შორის, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა:
„უფრო მეტად ის მაინტერესებს, რომ ვნახო, საქართველო ევროპულ, ტრანსატლანტიკურ ნორმებს მისდევს. არსებობს განსხვავებული კანონმდებლობა უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ამიტომაც იყო ამხელა შეშფოთება კანონის თავდაპირველ სახელდებასთან დაკავშირებით“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანაშემწე რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნება, რომ კანონში „არსებითი ცვლილებები“ უნდა შევიდეს, სანამ ამოქმედდება:
„ძალიან ცუდი იქნება, თუ კანონი ახლანდელი სახით დაინერგება. ასე რომ, სანამ საბოლოოდ შევა ძალაში, გვჭირდება, რომ მასში არსებითი ცვლილებები შევიდეს. ეს და ასევე რიტორიკა, რასაც ვხედავთ, მიგვიყვანს კითხვამდე, თუ რა დარჩება ჩვენი პარტნიორობისგან“, - გვითხრა მან.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ცვლილებები კანონში, მაგალითად, უნდა გამოირიცხოს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება და მედია მთლიანად ამ კანონიდან, ის ამბობს:
„ვფიქრობ, ეს მიმდინარე საუბარი იქნება. გვსურს, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სტიგმას ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ჯგუფისადმი. არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ამჟამად განიხილება, რომელიც უკავშირდება უცხოურ დაფინანსებას. აშშ-შიც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები.
ასე რომ, არ მინდა ვუკარნახო, ზუსტად რა გამოვიდეს, მაგრამ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ იმას, რაც ბოლო კვირაში ვნახეთ - საჯარო დისკუსია ცალკეულ ორგანიზაციებზე გამოყენებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ დააზიანონ კერძო საკუთრება, დააზიანონ ადამიანები. ეს დაუშვებელია“.
მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, მისაღები იქნება თუ არა ეს ხალხისათვის, რომელიც ქუჩაშია და კანონს აპროტესტებს, ამბობს: „ვფიქრობ, მათ უნდა ჰკითხოთ“.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, თითქოს საბოლოოდ ის „ქართული ოცნების“ ოფისიდან ტელეფონით ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, ო’ბრაიენმა რადიო თავისუფლებას უპასუხა:
„არა, დღეს საერთოდ არ მქონია სატელეფონო ზარები“.
მანამდე ო'ბრაიენმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა შეხვედრაზე იმის გამო, რომ უკვე იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ და ამ რეალობაში არ სურს შეხვედრა. ამის საპირისპიროდ, ო'ბრაიენმა განაცხადა: „ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული.“
„ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ასევე ნახეთ ო'ბრაიენი ივანიშვილზე: ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებულიო'ბრაიენის ვიზიტის პარალელურად, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ „თუ ეს კანონმდებლობა [საბოლოოდ] დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს“.
ჯიმ ო'ბრაიენმა ასევე აღწერა, რას ითვალისწინებს ურთიერთობების გადახედვა:
- 390 მლნ აშშ დოლარის დახმარება, რომელიც თავდაცვის საკითხებს, ეკონომიკას, ინსტიტუციების მშენებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოიცავს, „კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“.
- თუ კანონი არ შეიცვალა და დემონსტრანტებზე იძალადებენ, „აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური შეზღუდვები და შეზღუდვები მოგზაურობაზე მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე“.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონის წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ასევე ნახეთ თუ ევროკავშირთან შეუსაბამო იქნება, შეზღუდვებს დავუწესებთ მათ და მათი ოჯახის წევრებს - ო'ბრაიენი "აგენტების კანონზე"