რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, სულ უფრო იზრდება ოპოზიციის შეშფოთება მათ წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო. 24 სექტემბერს, ღამით, თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბის კიდევ ერთ წარმომადგენელს - ნინია ცისკარიშვილს. შს სამინისტრო აცხადებს, რომ დამნაშავეები დაუსჯელები არასოდეს რჩებიან, თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებენ პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი თუ მესამე სექტორის წარმომადგენლები.
24 სექტემბერს, ღამით, როცა საარჩევნო შტაბიდან სახლში ბრუნდებოდა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, კუკიის დასახლებაში უცნობმა პირმა ძლიერი ბიძგით მიწაზე დააგდო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ნინია ცისკარიშვილი. დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ და ისინი აშკარად არ მოქმედებდნენ ძარცვის მიზნით - მათ არც ჩანთა წაუღიათ და არც მობილური ტელეფონი, რომელიც ინციდენტის შედეგად დაიმტვრა.
ნინია ცისკარიშვილს, რომელმაც სხეულის დაზიანება მიიღო, მინიმუმ ერთი თავდამსხმელის ამოცნობა შეუძლია და ამ მხრივ, შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის იმედიც ჰქონდა, მაგრამ ეს იმედი ფუჭი აღმოჩნდა - „(პოლიციაში) ასეთი პასუხი გამცეს, რომ არ მუშაობს კამერა“.
ჩვენთვის მოგვიანებით მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის ადგილი ორი სათვალთვალო კამერის ხედვის არეალშია მოქცეული.
კამერების თემაზე რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხი არ გასცეს შს სამინისტროში. უწყებაში გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ნინია ცისკარიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის დაწყებული:
- 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - „ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“;
- 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
თავდამსხმელების პოვნასა და დასჯას ელოდება „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ლაშა ცუცქირიძე, რომელსაც 18 სექტემბერს დაესხნენ თავს, იოსებიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან. გვიან ღამით ის, შტაბიდან შინ მეუღლესთან და დასთან ერთად ბრუნდებოდა. ავტომანქანიდან გადმოსულ ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები მალევე დაესხნენ თავს და თავის არეში ნახეთქი ჭრილობები მიაყენეს.
ლაშა ცუცქირიძე დაზარალებულის სტატუსს უკვე ერთი კვირაა ელოდება და 25 სექტემბერს შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართა.
რას აპირებს პროკურატურა და როგორი იქნება რეაგირება?
რადიო თავისუფლებამ უწყებიდან ამ ეტაპზე პასუხი ვერ მიიღო. შს სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ცუცქირიძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 126-ე მუხის 1 პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც - ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
„იმის გამო, რომ ლაშა ცუცქირიძე დაზარალებულად არ არის ცნობილი, შესაბამისად საქმის მასალებზე წვდომა არა გვაქვს... არ ვიცით, რა ხდება - კამერები ამოიღეს თუ არა, გავიდნენ თუ არა თავდამსხმელების კვალზე და ასე შემდეგ... უკვე ერთი კვირა გავიდა უპასუხოდ და გუშინ კიდევ ცისკარიშვილზე თავდასხმის ფაქტი დაგვემატა“ - გვეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, რომელიც ორივე ფაქტს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს.
ასევე ნახეთ ოპოზიცია ძალადობას ხელისუფლებისგან მართულად მიიჩნევს„სეზონი „ლელოს“აქტივისტზე თავდასხმითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით გახსნეს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან სამუშია. 4 სექტემბრის თავდასხმის დროს დაზარალებული გიორგი გლურჯიძე სწორედ მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენელია.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობს და დაზარალებულიც აცხადებს, რომ მას რამდენიმე პირი დაესხა თავს.
ლევან სამუშია გვეუბნება, რომ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება ხელისუფლების ხელწერას წარმოადგენს - „ეს არის „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი - ძალადობა სხვადასხვა ფორმით, ფიზიკური ანგარიშსწორებით თუ დაშინებით... სხვანაირი მუშაობა, როგორც ჩანს, არ იციან“.
ასევე ნახეთ შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლადროგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელი, ნინო რიჟამაძე გვეუბნება, ძალადობის ფაქტები წინასაარჩევნო გარემოში სხვადასხვა სახით ვლინდება, იქნება ეს - თვალთვალი, დაშინება, მუქარა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის სხვა ფორმები.
მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის დროს ISFED-მა აღრიცხა ერთი ფაქტი, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს ოპოზიციის სახელით ემუქრებოდნენ, თუმცა ძალადობის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ არის მიმართული.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა - გამოვლენილია თუ არა "ქართული ოცნების" აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე სავარაუდო ძალადობის სხვა ფაქტები. თუმცა მმართველი პარტიიდან ასეთი ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.
ნინო რიჟამაძე თვლის, რომ დამნაშავეების არასათანადო დასჯა და დაუსჯელობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც ძალადობის ფაქტები საქართველოს საარჩევნო პროცესების „ცუდ ტრადიციად“ რჩება.
ასევე ნახეთ ISFED: მოსყიდვა, დაშინება, სინოდის წევრების მხარდაჭერაშს მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ თვლის, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა თუ არჩევნების დღეს გამოვლენილი ძალადობის ფაქტები უყურადღებოდ რჩება. ამასთან, 25 სექტემბერს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ შს სამინისტროს მისამართით ცრუ ბრალდებები ყოველი არჩევნების წინ ისმის:
- „ერთ არჩევნებს ვერ დამისახელებთ, რომ არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები, რომ თავდასხმა ხდება და არ იძიებს პოლიცია... არის ჩართული ხელისუფლება, მმართველი ძალა და ასე შემდეგ“;
- „ვერცერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება. არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად არ მოხდა მათი გამოკითხვა და ასე შემდეგ - ვერც 2018-ში, ვერც 2016-ში და ვერც ადრე“;
- „ხდება რეაგირება, რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ უკვე, სამართლებრივად როგორ შეაფასებს სასამართლო, მასე ხდება მათი დასჯა... ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“.
24 სექტემბერს შს სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა გამოექვეყნებინა საგანგებო განცხადება სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ - წინა წლების პრაქტიკით წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი.
პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობენ არაფიზიკური ძალადობის ფაქტებზე - თვალთვალზე, მუქარაზე თუ შანტაჟზე, რომლებითაც გამოძიება არ დაინტერესებულა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 25 სექტემბერს ისიც განაცხადა, რომ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია - პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟთან დაკავშირებით და მზად არის ითანამშრომლოს შს სამინისტროსთან.
ნინო რიჟამაძე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო მეთვალყურეებს ძალადობის არცერთი ფაქტი არ გამოეპარებათ, რადგან ასეთი ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებენ მთელ საარჩევნო პროცესს და პარტიებსა თუ ამომრჩევლებს არათანაბარ პირობებში აყენებენ.
ხოლო რადგან პოლიტიკური ტემპერატურის მატებასთან ერთად, ძალადობის რისკებიც იზრდება, რიჟამაძე თვლის, რომ აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა და პირველ რიგში - ხელისუფლებამ, საკუთარ მხარდამჭერებს ძალადობაზე უარის თქმისკენ ღიად და მკაფიოდ მოუწოდონ.