ცხინვალში ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესია, გახელაძეებს კი  ურჩევენ ხმაური ატეხონ

ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალში 20 აგვისტოს დაიწყო საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის,  ხვიჩა მღებრიშვილის, სასამართლო პროცესი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუდასტურეს. დილიდან მღებრიშვილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს და მას თავიდან ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და „წითელ წიგნში“ შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და მას ამ საქმეში 5 ათასიდან 10 ათასამდე დოლარს ჰპირდებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოდგილის, ირაკლი ანთაძის, თქმით, 30 ივლისს ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ღამურების ეპიზოდზე აღარაფერი უთქვამს და მას მხოლოდ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. ეს ინფორმაცია ანთაძემ მღებრიშვილის ოჯახის წევრებსაც მიაწოდა. ოჯახში კი ხვიჩას დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. დაკავებულის ნათესავი, ლეილა მღებრიშვილი, ამბობს, რომ თუ დაკავებულს უახლოეს დროში არ გაათავისუფლებენ, მეჯვრისხევის მცხოვრებლები რადიკალურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ასევე ნახეთ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის ციხეში რჩებიან

მღებრიშვილის მეზობლები აცხადებენ, რომ დაკავებულის ბრალისა და სასამართლო პროცესის შესახებ არაფერი იციან. ადგილობრივი მცხოვრების, ტარიელ გურგენიძის, აზრით, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული საქართველოს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საქმეში.

რადიო თავისუფლების წყარო, რომელიც ბიბილოვის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, გვწერს, რომ მღებრიშვილის მიმართ სასამართლო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და ის უახლოეს ხანებში ოჯახს დაუბრუნდება.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ცხინვალის იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებისთვის. საქართველოს დაჭრილი მოქალაქე ამ დრომდე ვერც წითელმა ჯვარმა მოინახულა და ოჯახისთვის არც ისაა ცნობილი, როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი. დაკავებულის ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ წითელი ჯვარი ვერაფერს ახერხებს და ოჯახს მოუწოდებს ხმაური ატეხონ, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ეუბნებიან, რომ საქმეში წინსვლა აქვთ და აქციების მოწყობას არ ურჩევენ.

„ჩვენთვის არავის დაურეკია და არავის არაფერი უცნობებია. არც ადვოკატი დაკვიკავშირდა (ცხინვალში ზაზა გახელაძეს სახაზინო ადვოკატი ჰყავს), რომ რამე ეცნობებინა. წითელმა ჯვარმა გუშინ დამირეკა და მითხრა, რომ როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ხმაურმა მოიტანა შედეგიო, ადექითო და თქვენც იხმაურეთო, - ასეთი პასუხი გამცა. მართლა არ ვიცი, რას ვაპირებთ. ჯერ რაღაცა მოლოდინი მაქვს, რომ იქნებ სასწაული მოხდეს. 28- ში რაღაცა შეხვედრაა ჟენევაში. ირაკლი ანთაძესაც ველაპარაკე ამ თემაზე. ნუ გეშინიათო, მაიმედებს, ჩვენ ვმუშაობთო. არ გეგონოთ, რომ ერთი წამით მიყურისძირებული გვაქვს ეს საქმეო. ერთი გეუბნება, რომ მოდიო, იხმაურეო, და სახელმწიფო გეუბნება, რომ მე წინსვლა მაქვს და ყველაფერს ვაკეთებო, და რა უნდა გავაკეთო, მართლა არ ვიცი“.

ასევე ნახეთ ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წევრებს მოთმინების ფიალა ევსებათ

ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ზაზა გახელაძე ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. გახელაძის ოჯახში დაკავებულის შესახებ ახალი ინფორმაცია არა აქვთ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ტელეფონით ეკონტაქტებიან და მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ საქმეში წინსვლა აქვთ. ცხინვალიდან ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესის თარიღთან დაკავშირებით.