ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება   

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. დე ფაქტო პარლამენტის წევრები, უკვე თვეზე მეტია, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და საპარლამენტო სესიებში მონაწილეობას არ იღებენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 34-კაციან პარლამენტში 25 დეპუტატი დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებას არ აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობა ცხინვალელი ინალ ჯაბიევის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს, პროკურორ ჯაგაევის ხელმძღვანელობის პირობებში კი ეს შეუძლებლად მიაჩნიათ. გასული კვირის ბოლოს დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მივიდა, თუმცა მისი ეს ვიზიტი მოლაპარაკების ნაცვლად უფრო დეპუტატების დამუნათებას და მათ მიმართ ბრალდებების გაჟღერებას ეძღვნებოდა.16 სექტემბერს ბიბილოვმა პარლამენტს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განსახილველად გენადი ბეკოევის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა დეპუტატები მისი კანდიდატურის განსახილველად არც შეკრებილან. ბიბილოვი ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს „რესპუბლიკისთვის“ მნიშვნელოვანი საკითხების გადაუჭრელობასა და საბოტაჟში ადანაშაულებს.

ასევე ნახეთ ბიბილოვი "გენერალური პროკურორის" შეცვლაზე უარს ამბობს და გადადგომას არც თავად აპირებს

ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ლიდერი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ ბიბილოვი პარლამენტში მოლაპარაკების ნაცვლად ბრალდებებით მივიდა. „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ის ამბობს:

„პრეზიდენტი მოვიდა და დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა ცუდია, რომ ჩვენ ჩავშალეთ საპარლამენტო მუშაობა, რომ ჩვენ არ ვნიშნავთ მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, რომ ჩვენ გამო ხალხი ხელფასს ვერ იღებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დასრულდება, მაგრამ მას არ უთქვამს სიტყვა „ობიექტური“ და „სამართლიანი“... უბრალოდ, თქვა, რომ გამოძიება დასრულდება. თქვენი მოსაზრებაა, რომ პროკურორი ვერ დაასრულებს გამოძიებას, მე კი ვფიქრობ, რომ დაასრულებს - აი, ასე გველაპარაკებოდა ბიბილოვი“,- ამბობს დავით სანაკოევი.

ხანგრძლივი მონოლოგის შემდეგ „დეპუტატებმა“ „პრეზიდენტს“ კითხვები დაუსვეს. „დეპუტატმა“ ზაზა დრიაევმა მას პირდაპირ ჰკითხა, მზად იყო თუ არა გადაეყენებინა ჯაგაევი, რაზეც ბიბილოვმა უპასუხა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ თუ დანაშაულში ბრალდებულები არ დაისჯებიან, შესაბამის ზომებს მიიღებს.

„როგორც უნდა იყოს, მე ვთვლი, რომ გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ. თუ გამოძიება არასწორად წარიმართა, თუ დაისაჯნენ უდანაშაულოები და დამნაშავეები არ დაისაჯნენ, მაშინ ჩვენ უბრალოდ ზომებს კი არა, რადიკალურ ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ამჟამად დე ფაქტო პარლამენტარების ბოიკოტის გამო არაერთი საკანონმდებლო საკითხი რჩება გადაუწყვეტელი. მაგალითად, რეორგანიზებული არქივისა და სატყეო მეურნეობის საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის საკითხი. ამის გამო ამ ორგანიზაციების თანამშრომლები ხელფასს ვერ იღებენ. ბიბილოვი კი ცდილობს ყველაფერი ე.წ. პარლამენტს გადააბრალოს. ბიბილოვის ვიზიტს „საკანონმდებლო ორგანოში“ ყურადღებით აკვირდებოდა რადიო თავისუფლების წყარო, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა:

„ბიბილოვმა პარლამენტში ვიზიტისას სცადა შეექმნა ილუზია, რომ უხელფასოდ დარჩენილი სხვადასხვა უწყებების თანამშრომლების პრობლემები გაფიცული დეპუტატების ბრალია და ამით დეპუტატების მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობები გაეჩინა, თუმცა პრობლემის გასაღები ხომ თავად პრეზიდენტის ხელშია?! დეპუტატები მას ეუბნებიან, მოხსენი ჯაგაევი და გავაგრძელებთ მუშაობასო. ერთ კაცს გადააყოლა პრეზიდენტმა მთელი რესპუბლიკის ბედი და ამას აქაური საზოგადოება კარგად ხვდება. მისი ეს ვიზიტი კი მხოლოდ პიარსვლა იყო. ხალხი ითხოვს სამართლიან გამოძიებას და კარგად ხვდებიან, რომ ჯაგაევი, როგორც აქამდე, ახლაც ხელს დააფარებს დამნაშავეებს. ყველაფერი ცხადია უკვე. ინალ ჯაბიევის საქმეზე გამოძიება დაიწყეს უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით, რომელსაც მძიმე შედეგი და სიკვდილი მოჰყვა. არადა, სახეზეა სასტიკი მკვლელობა წამებით, მაგრამ ამ მუხლს არც განიხილავენ, ამიტომ ჯაბიევის ოჯახიც და დეპუტატების უმრავლესობაც გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, ეს კი ბიბილოვს არ ესმის“.

ბიბილოვის ვიზიტი დე ფაქტო პარლამენტში უშედეგოდ დასულდა. 25 დეპუტატი - მათ შორის ბიბილოვის თანაპარტიელები - გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადადგომას ითხოვს. „დეპუტატები“ საპროტესტო აქციების მოწყობითაც იმუქრებიან.

ასევე ნახეთ ცხინვალში აქციები გაგრძელდება: ბიბილოვი მომხრეებს დე ფაქტო პარლამენტშიც კარგავს

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. სავარაუდოდ, ინალ ჯაბიევი მილიციელებმა აწამეს და სცემეს. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდებოდა საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვისა და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ჯაგაევის, გადადგომის მოთხოვნით. თვეზე მეტია, დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია.