Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი "გენერალური პროკურორის" შეცვლაზე უარს ამბობს და გადადგომას არც თავად აპირებს


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა „პარლამენტს“ უარი უთხრა ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ურუზმაგ ჯაგაევის გათავისუფლებაზე.

ადგილობრივ ტელეკომპანია „ირ“-თან ინტერვიუში ბიბილოვმა თქვა, რომ დეპუტატებს პასუხი 16 სექტემბერს გაუგზავნა. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ჯაგაევის გათავისუფლების არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ბიბილოვის თქმით, ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება და ყველა დამნაშავე დაისჯება.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. მისი სიკვდილი სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში ცემამ და წამებამ. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დე ფაქტო პრეზიდენტი იძულებული გახდა „მთავრობა“ დაეთხოვა, თუმცა, აქციები არც ამის შემდეგ შემწყდარა. დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ცხინვალში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მოითხოვეს „გენერალური პროკურორის“ ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომაც. „პარლამენტის“ 25-მა წევრმა ბიბილოვს შესაბამისი მიმართვა 29 აგვისტოს გაუგზავნა. ცხინვალში საპროტესტო აქციების მონაწილეები ანატოლი ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვდნენ.

ბიბილოვი აცხადებს, რომ მის გადადგომას 500 ადამიანი მოითხოვს. „მე პრეზიდენტად 500 ადამიანს არ ავურჩევივარ. პრეზიდენტი იქნება მანამ, სანამ არ დადგება მორიგი არჩევნები, რომელიც 2022 წელსაა დანიშნული“, - თქვა ბიბილოვმა ცხინვალში 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო დაკავებულია დე ფაქტო შსს-ს 7 თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG