ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. - ამ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „რესი“, დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. იზოლატორის თანამშრომლების დიდი ნაწილის და დაკავებულების ტესტების პასუხებმა დადებითი შედეგი აჩვენა. 28 ტესტიდან 22 დადებითი იყო. წინასწარი დაკავების იზოლატორის სანიტარიული განყოფილების უფროსის, გიორგი მარგიევის, განცხადებით, ინფიცირებულებს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდათ და სამ პატიმარს პნევმონია დაუდგინდა.
„ცხინვალის იზოლატორში ინფიცირებული პირები დაბა ჯავის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ მკურნალობენ. იქვე განთავსდა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის სამსახური და ომონის სპეცდანიშნულების რაზმი“, -ამბობს გიორგი მარგიევი ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში კორონავირუსის 22 შემთხვევა გამოვლინდაცხინვალის ციხეში, უკვე ოთხი თვეა, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე იმყოფება, რომელიც 11 ივლისს სხვილოს ციხესთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის დარღვევასთან ერთად სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებასაც უყენებენ. რადიო თავისუფლება ზაზა გახელაძის ცოლს, ირმა ბუთხუზს, დაუკავშირდა, რომელსაც, თავის მხრივ, კავშირი აქვს ზაზას ცხინვალელ სახაზინო ადვოკატთან.
„ადვოკატმა დამამშვიდა, რომ ციხე უფრო დაცულია, ვიდრე სხვა ორგანიზაციები და იქ კორონავირუსის საფრთხე ნაკლებიაო. წინასწარი დაკავების იზოლატორში გარედან შეყვანილი ხალხია და ვიდრე მათ ციხეში გადაიყვანენ, იზოლატორში გარკვეულ დროს ატარებენ. დამამშვიდა ადვოკატმა და ვნახოთ, როგორ იქნება საქმე. რაც შეეხება წითელ ჯვარს, შემატყობინეს, რომ ნოემბრის დასაწყისში შევლენ ზაზასთან და ციხეში ამანათს შეუტანენ, რომელშიც თბილი ტანსაცმელია. იმედია, რომ იქიდან ზაზას წერილსაც გამოგვიტანენ“,- გვეუბნება ირმა ბუთხუზი.
ცხინვალში კი ცენტრალური საავადმყოფოს ექიმების ნახევარზე მეტი უკვე ინფიცირებულია და ავადმყოფობის გამო ვეღარ მუშაობენ. სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო კადრების დიდი დეფიციტია, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება მოხალისეებს სთხოვს დახმარებას.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული„სამწუხაროდ, მედპერსონალის თითქმის 70 პროცენტი ან ავადმყოფობს, ან თვითიზოლაციაშია. ამიტომ მწვავე დეფიციტი გვაქვს - განსაკუთრებით, რეანიმატოლოგების, ინფექციონისტების, მედდების და სანიტრების. მოხალისეების დახმარება გვჭირდება. მინდა მივმართო რესპუბლიკის მცხოვრებლებს: ჩვენ გვჭირდება მძღოლები, სანიტრები, მტვირთავები, მუშები ჟანგბადის ბალონების ტრანსპორტირებისთვის, გვჭირდება მანქანები. თუ შეგიძლიათ, მოდით ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან, თქვენ მოგცემენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება თქვენი ხელები“, - აცხადებს ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ინდირა ბიჩენოვა. მისი თქმით, ცხინვალის სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტები უკვე ეხმარებიან პოლიკლინიკებს და გამოძახებებზეც დადიან.
სააგენტო „რესის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალში ჩასულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც ადგილზე სამხედრო-საველე მრავალპროფილური ჰოსპიტალი ჩაიტანეს, ცხინვალის ქუჩების დეზინფექციაც დაიწყეს. მათ, პირველ რიგში, პუტინისა და გმირების ქუჩები დაამუშავეს, დეზინფექცია ჩატარდა ასევე აგრარულ ბაზარში, მაგრამ ყველაზე დიდი სამუშაო მათ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე ჩაატარეს. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, სამხედრო ბაზაზე არაერთი ჯარისკაცია ინფიცირებული და ისინი უკვე გადაჰყავთ სამხედრო-საველე ჰოსპიტალში, რომელიც ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზეა გაშლილი.
ასევე ნახეთ ცხინვალში სამხედრო-საველე ჰოსპიტალი რუსეთიდან ჩაიტანეს. აფთიაქებში მედიკამენტების დეფიციტია„მთელ ქალაქში წამლის სპეციფიკური სუნი დგას. არ ვიცით, ამის შესუნთქვა რას გამოიწვევს. ქუჩებში და შენობებში სადეზინფექციო სითხეებს ასხამენ. ჯარისკაცები შეჰყავთ საველე ჰოსპიტალში. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე დაავადებული ადგილობრივი ექიმიც იქ გადაიყვანეს და ჩვენივე საავადმყოფოში არ დააწვინეს. დღეს ისიც გავიგეთ, რომ საქართველოში გადმოყვანილი ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 60 წლის ქალია. აქ მდგომარეობა რომ დამძიმდა, მხოლოდ მაშინ გაიყვანა წითელმა ჯვარმა, მაგრამ, როგორც ჩანს, მკურნალობა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა“, - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.
სააგენტო „რესის“ ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გამოჯანმრთელდა - მისმა ბოლო ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ბიბილოვი კორონავირუსით 17 ოქტომბერს დაინფიცირდა. დაინფიცირებული არიან ასევე დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი კი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს - ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ბოლო საათებში მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ვლადიკავკაზის ერთ-ერთ კლინიკაში მოუხდათ მისი გადაყვანა.