დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორის ვალენტინა კოტოლოვას თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ისტორია საინტერესოა, თუმცა ეს არ არის ცხინვალში მთავარი ამბავი.
„ჩვენთვის ეს [2008 წლის ომი] ოდესღაც ძალიან მტკივნეული თემა იყო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ოდნავ განელდა, ბოლოს და ბოლოს, დრო კურნავს. ახლა ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ მას, როგორც ცხოვრების ერთგვარ კომედიას, რომელსაც, ჩემი აზრით, ის თავად თამაშობს, მაგრამ ბოლო დროს ეს მტკივნეულად წარუმატებელი აღმოჩნდა. ასე რომ, ჩვენ, პრინციპში, ახალს ვერაფერს ვიფიქრებთ იმაზე, რაც ხდება. უბრალოდ, ის [სააკაშვილი] თუ საბოლოოდ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს, ჩვენ ბედნიერი ვიქნებით. პირადად მე მოხარული ვიქნები, რადგან მან ძალიან ბევრი მწუხარება მოგვიტანა.
სააკაშვილი თუ საბოლოოდ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს, ჩვენ ბედნიერი ვიქნებითვალენტინა კოტოლოვა
ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების სიუჟეტს აქ ყველა განიხილავს, როგორც ქართული პოლიტიკის მორიგ ანეკდოტს და, ამავე დროს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს თავის სიტყვას და არ იქნება ამნისტია. დაე, ის იჯდეს, მისთვის სასარგებლო იქნება იფიქროს იქ, სადაც ახლა არის”, - უთხრა ვალენტინა კოტოლოვამ „ეხო კავკაზას“.
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივების დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის ცალსახა. მისი თქმით, ომამდე ხალხმა სიხარულით მიიღო სააკაშვილის რეფორმები. რაიონში აღმოიფხვრა კორუფცია და დანაშაული. მოხუცებმა მიიღეს გაყინული პენსია. ახალგაზრდები უნივერსიტეტებში ქრთამის გარეშე მოხვდნენ. შემდეგ მათ ნახეს ცუდი რამ - 2008 წლის ომი, რომელიც არავის სურდა. ამ ომმა მიაღწია ახალგორამდე და იქაურების ცხოვრება თავდაყირა დააყენა - გაიყო ოჯახები. და მან ისევ კარგი გააკეთა. არ დაივიწყა დევნილები, ყველა მოაწყო, მისცა უფასო საცხოვრებლები წეროვანში, მაგრამ მათ, ვისაც არ სურდა რაიონის დატოვება, ცუდად მოექცა. მათ კიცხავდნენ, ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, რომ დაბა დაეტოვებინათ.
„ჩვენ, ტელევიზორში ვუყურებთ ახალ ამბებს თბილისიდან, ვაკვირდებით, როგორ ვითარდება იქ პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ჩვენი ოჯახები იქ არიან, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვესმის, რომ რაც უნდა მოხდეს, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ის მაინც არ დაგვეხმარება ჩვენი პრობლემების მოგვარებაში. ანუ ისინი ვერ დაგვეხმარებიან გზის გახსნაში, რათა ჩავეხუტოთ ჩვენს ახლობლებს. როგორც ვხედავთ, ისინი არც კი ცდილობენ ჩვენს დახმარებას. ამიტომ ამ არჩევნების [თვითმმართველობის] მიმართ ინტერესი მინიმალური იყო. ჩვენ ახლა უფრო მეტად ვართ დაინტერესებული ადგილობრივი არჩევნებით [დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები]. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მას და ვიმედოვნებთ, რომ ერთი კანდიდატი მაინც დაგვპირდება, რომ გზას გაგვიხსნის, ჩვენ კი მას ხმას მივცემთ. ან იქნებ ბიბილოვმა თავად გახსნას რაზდახანი [ე.წ. გამშვები პუნქტი - რ.თ.] არჩევნებამდე მაინც. ის [ბიბილოვი] პოპულარულია წეროვანში, არის ბევრი ადამიანი, ვისაც მისცა მოქალაქეობა და პენსია, ბევრი მზად არის ხმა მისცეს”, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა თქვა, რომ მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია დანაშაულების ჩადენის ადგილზე.
„მე ვგულისხმობ 2004 და 2008 წლების დანაშაულებს. გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის თანახმად, რომელიც მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 260 (III) რეზოლუციით 1948 წლის 9 დეკემბერს”, - იმოწმებს დიმიტრი მედოევს საინფორმაციო სააგენტო „რესი“. მედოევმა ისიც თქვა, რომ „სააკაშვილს სამხრეთ ოსეთში ელოდება სამართლიანი სასამართლო...“.
ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა, ექსკომბატანტმა თემურ ცხურბათიმ, დიმიტრი მედოევის განცხადებას აბსურდული უწოდა.
„მე გეტყვით, როგორ გამოეხმაურნენ ჩემი მეგობრები და ჩემი წრის ხალხი დიმიტრი მედოევის განცხადებას იმის შესახებ, რომ აუცილებელია სააკაშვილის სამხრეთ ოსეთში ექსტრადიციის მოთხოვნა. მათ თქვეს: ”ხო არ უბერავს ეს კაცი? ჯერ ერთი, ისინი არ გადმოგვცემენ მას და მეორეც, თუ, დავუშვათ, უცებ გადმოგვცეს, მერე რა? ის აქ ციხეში უნდა გვყავდეს? აქ რაში გვჭირდება?! იქ იჯდეს, სადაც არის..." საერთოდ, ჩვენ, ვეტერანებს განსაკუთრებით არ გვაღელვებს ეს ამბავი. პირადად მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, მიაჩნდა, რომ ხალხი მის დასაცავად გამოვიდოდა. თუმცა ამბობენ, რომ ციხესთან მიდიან ადამიანები და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ეს არ არის კრიტიკული მასა, რომ მისი გათავისუფლება შეძლონ“.
გამსახურდია მოკლეს, შევარდნაძე განდევნეს, მიშას მიუსაჯეს... ჩვენ, ოსები რატომ უნდა ვიტანჯებოდეთ იდიოტების გამო, რომლებსაც მერე თქვენ თვითონ აძევებთ?თემურ ცხურბათი
თემურ ცხურბათი ამბობს, რომ რაც უფრო დიდხანს უყურებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს, მით უფრო მეტად რწმუნდება სამხრეთ ოსეთის ისტორიული არჩევანის სისწორეში.
„კონფლიქტის დროს საქართველოში სამი პრეზიდენტი შეიცვალა - გამსახურდია, შევარდნაძე და მიშა. გამსახურდია მოკლეს, შევარდნაძე განდევნეს, მიშას სასჯელი მიუსაჯეს. და ეს არის წონიანი არგუმენტი ქართველებთან საუბარში. მე მათ ვუთხარი: ”თქვენ თქვენს იდიოტებთან გაერკვიეთ. ჩვენ, ოსები რატომ უნდა ვიტანჯებოდეთ იდიოტების გამო, რომლებსაც მერე თქვენ თვითონ აძევებთ? და ჩვენ ამ დროს გვეუბნებით, რომ ყველა ის უბედურება, რაც ჩვენს თავს მოხდა, შემთხვევითი იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორია არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების სასარგებლოდ. და, პრინციპში, ეს საკითხი ჩემთვის განსახილველიც არ არის. გვაღიარებენ - არ გვაღიარებენ - ეს მათი საქმეა. აი, ტაივანსაც არ აღიარებენ და მერე რა? ცხოვრობენ თავისთვის“, - ამბობს თემურ ცხურბათი.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების და იქაური პოლიტიკური ელიტის რიტორიკა ნაწილობრივ ჰგავდა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თაობაზე და ამიტომ გაბედა მედოევმა ასეთი განცხადება. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის შედეგებზე, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას შეცვლის.
„ხელისუფლება ასე ღიად ვერ გაბედავს 2008 წლის ომში სააკაშვილის დადანაშაულებას, რაც, ბუნებრივია, იმ რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20 % და ამჟამად ამ ტერიტორიების თანმიმდევრულ ანექსიას ახორციელებს. მით უმეტეს, ეს წარმოუდგენელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე“.
ასევე ნახეთ სააკაშვილის მსჯავრი და ბრალი - ჩნდება თუ არა პოლიტიკური სარჩულის ეჭვი?საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მესამე პრეზიდენტს მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით პატიმრობა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.