82 წლის ავთანდილ ასანიძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოთხჯერ დაიჭირეს. გათავისუფლების სანაცვლოდ, ცხინვალში, ჯამში, ათი ათას რუბლზე მეტი გადაიხადა, რაც, დაახლოებით, 400 ლარია. ავთანდილ ასანიძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში ცხოვრობს. ეს სოფელი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთს ესაზღვრება. ამ ორ სოფელს ახლა ერთმანეთისგან მინდორი და ეგრეთ წოდებული სასაზღვრო მწვანე ბანერები ყოფს.
Your browser doesn’t support HTML5
2008 წლის აგვისტოს ომამდე არც ჭვრინისელებმა და არც ქალეთელებმა არ იცოდნენ, სად გადიოდა ადმინისტრაციული საზღვარი. ერთმანეთთან უპრობლემოდ დადიოდნენ და მეგობრობდნენ. ავთანდილ ასანიძესაც ქალეთში არაერთი მეგობარი ჰყავდა. ერთხელ სწორედ იმის გამო დააკავეს, რომ მეზობელ ოსურ სოფელში გარდაცვლილი მეგობრის გასვენებაში წავიდა. ჯიბეში წინასწარ გამზადებული 2 000 რუბლიც ედო. დაკავებისას რუსეთის მესაზღვრეებს ეხვეწა, რომ ჯარიმას ადგილზე გადაიხდიდა, მაგრამ თხოვნამ არ გაჭრა და მაინც ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ორჯერ გამყოფ ხაზს მიღმა გაქცეული ძროხის გადმოსაყვანად გადავიდა, ერთხელ კი დაკავებული თანასოფლელი ქალის საშველად. იმწუთას ფული თან არ ჰქონდა და ქალეთელ მეგობარს ესესხა:
„ჩვენებური გოგო დაიჭირეს იმათმა და მოვიდნენ ჩემთანა, რო ლალი დაიჭირესო და... ახლა, უნდა დემეხსნა მე. წავედი ნაძვებში. ტრაფარეტია, იმის იქეთ ჰყავთ ეს ბავშვი და ტირის. აბა, გოგოა და მაინც იმათ ხელში ძნელია. მერე მოვიდა ის ალი(რუსეთის მესაზღვრე), მე მითხრა, რო შენ წადიო, არა-მეთქი, ჯერა-მეთქი ეს გოგო გაუშვით-მეთქი, მერე წავალ-მეთქი. არაო, ესა გადაცემული-გვაქო (იგულისხმება ინფორმაცია დაკავების შესახებ). მაშინ მეც ამიყვანეთ-მეთქი. არაო, წადიო. არა-მეთქი, თუ არ გაუშვებთ, მე არ წავალ-მეთქი... მერე ეხლა არ გაუშვეს, ავდექი და მეც წავედი. იქ რო მიმიყვანეს, მერე ვუთხარი იმ უფროსსა, სამხედრო ნაწილის უფროსსა, ეხლა-მეთქი 4 ათასი მანეთი უნდა მასესხო-მეთქი და ხვალ გამოვალ და ამოგიტან-ეთქი. რომ შევატყვე, რო არ ჰქონდა, რავი... შეიძლება ჰქონდა, მარა არ მენდო, მაშინ-მეთქი, ქალეთში(ოსური სოფელი) მეგობარი რო მყავს, სევაი-მეთქი, ხომ იცი-მეთქი, დაურეკე და ის მამიტანს-მეთქი. დაურეკა. გამომიტანა 4 000 მანეთი. ახლა ფული მაქ ჯიბეში. წაგვიყვანეს. იმ დღესვე შევიტანე დილითა და გამოგვიშვეს. ჩერეზ გორზე წამოვედით“.
მაგითი უხდიან პრემიებს, მაგ ხალხის დაჭერებში, და ტარიფის გაზრდით, ალბათ, ამ პრემიების რაოდენობაც გაიზრდება. სტიმული მიეცემათ და უფრო მეტს დაიჭერენ. არანაირი სხვა ფისკალური ეფექტი მაგას არა აქვს.ზურაბ ბენდიანიშვილი
ავთანდილ ასანიძე ბოლო დღეებში რომ დაეკავებინათ, მას ორჯერ მეტის გადახდა მოუწევდა - დაახლოებით, ათასი ლარის. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებულთა საჯარიმო სანქცია დაამძიმა და ახლა საქართველოს მოქალაქეებს ჯარიმის სახით 2 000 რუბლის ნაცვლად 5 000 რუბლის (დაახლოებით 200 ლარი) გადახდა მოუწევთ. ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის ტყეში დაკავებული იასონ შუკაკიძე და გიორგი შამანაური 4-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, გაჭიანურების მიზეზი თანხის მოძიება გახდა. დაკავებულთა ოჯახებში არ იცოდნენ, რომ 4 ათასი რუბლის ნაცვლად ცხინვალში 10 ათასი რუბლი უნდა გაეგზავნათ.
ასევე ნახეთ მაია ოთინაშვილი ოჯახს დაუბრუნდა, რა შუაში არიან მოჭიდავეები?კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალის ბიუჯეტი ამ თანხით დიდ მოგებას ვერ ნახავს. მისი აზრით, ეს უფრო იმაზეა გათვლილი, რომ დამკავებელთა საპრემიო ფონდი გაიზარდოს და მათ მოქალაქეების დაკავების მეტი სტიმული მიეცეთ. ბენდიანაშვილის თქმით, ამით დაკავებების სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება.
„მაგითი უხდიან პრემიებს, მაგ ხალხის დაჭერებში, და ტარიფის გაზრდით, ალბათ, ამ პრემიების რაოდენობაც გაიზრდება. სტიმული მიეცემათ და უფრო მეტს დაიჭერენ. არანაირი სხვა ფისკალური ეფექტი მაგას არა აქვს. ერთი ჩინოვნიკის ხელფასია, ალბათ, მთელი წელი რომ გადავთვალოთ. ეს არის იმ ხალხზე, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ დაჭერებში“.
ნახირში ვიყავი და დამალულები იყვნენ. ჯაგიდან გამოვარდნენ, იმ ორმა (მწყემსებმა) დაინახეს და გაიქცნენ და მე შევრჩი ხელში.მიხეილ პეტრემღვდლიშვილი
საქართველოს მოქალაქეები კი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ საოკუპაციო ძალების, შეიარაღებული პირების ჩასაფრებებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეებს იარაღის მუქარით აკავებენ, შემდეგ გადაჰყავთ ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ბანერთან, ფოტოს უღებენ, იქიდან სამხედრო ბაზაზე და, ბოლოს, ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ, საიდანაც ეგრეთ წოდებული ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. მაგალითად, მაია ოთინაშვილი საკუთარი ბაღიდან პირდაპირ მავთულხლართებზე გადაათრიეს. ამას ხედავდნენ მისი მეუღლე და თანასოფლელები. ახალუბნის მცხოვრები მიხეილ პეტრემღვდლიშვილი ბანერისგან მოშორებით ორ სხვა მწყემსთან ერთად აძოვებდა საქონელს, მაგრამ მოულოდნელად ბუჩქებიდან შეიარაღებული პირები გამოცვივდნენ და იარაღის მუქარით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
„ნახირში ვიყავი და დამალულები იყვნენ. ჯაგიდან გამოვარდნენ, იმ ორმა (მწყემსებმა) დაინახეს და გაიქცნენ და მე შევრჩი ხელში. მერე, იქ რომ ბაზაა, იქ მიმიყვანეს და რაღაცეები დამაწერინეს და გადამიყვანეს ცხინვალში“.
როგორც გათავისუფლებულები ამბობენ, მათ სამხედრო ბაზებზე და ცხინვალში ხელს სხვადასხვა საბუთებზე აწერინებენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს არის დაკავებული მოქალაქის აღიარება იმის შესახებ, რომ მან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია. დე ფაქტო ხელისუფლება უკვე ათასობით ასეთ ხელმოწერილ დოკუმენტს ინახავს.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ვერ იხდის ცხინვალის მიერ დადგენილ საჯარიმო თანხას? სოფელ ბერშუეთის მცხოვრები თამაზ აბდულაევი სოფელ კირბალის ტყესთან დააკავეს. ჯერ ღრომის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ ცხინვალის იზოლატორში. ოჯახმა თანხის გადახდა ვერ შეძლო და აბდულაევი ცხინვალიდან, ფაქტობრივად, შიშველი გამოუშვეს:
„მე პირადათა დამიჭირეს და ფული არა მქონდა არაფერი და გამხადეს ფეხსაცმელი და ტანსაცმელი და, ბოდიში, ტრუსიკიანი გამომიშვეს. შეშაზე მივდიოდი ცხენითა, როცა დამიჭირეს. ბათინკები მეცვა და შარვალიც გამხადეს და გამამიშვეს ეგრე“.
ასევე ნახეთ საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება გააძვირასაქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცხინვალის იზოლატორში მოქალაქეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს აწვდის.
წელს იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 82 მოქალაქე დააკავეს, შარშან - 126. მარტო წელს, ჯარიმების გადახდით, საქართველოს მოქაალქეებისგან ცხინვალის ბიუჯეტში 6 ათას ლარზე მეტია შესული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი კიდევ ერთ სტატისტიკას აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, სექტემბერში 53 მოქალაქე დააკავეს. 29-მ საზღვარი დაარღვია, 24-მა კი - სასაზღვრო რეჟიმი. აქედან მხოლოდ 5 იყო საქართველოს მოქალაქე. ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. გაძვირებული საჯარიმო ტარიფი მათაც ეხებათ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლება, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს კი თბილისისკენ გადაადგილების სურვილი გაუძვირდათ.