ცხინვალი - აღლუმების ქალაქი. ბევრი სანახაობა, ცოტა პური

სამხედრო აღლუმი ცხინვალში. 24 ივნისი, 2020 წ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 24 ივნისს მეშვიდე სამხედრო აღლუმი ჩატარდა. მანამდე  ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნავი 6 აღლუმი  8-9 მაისს ჩაატარეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ამას სახელობითი აღლუმები უწოდა და იმ ქუჩებზე გაიმართა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ცხოვრობენ.

დღევანდელ აღლუმზე ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და რუსეთიდან ცხინვალში დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლების კურსანტები გამოიყვანეს. დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ცხინვალის ცენტრალურ - თეატრალურ - მოედანზე 35 ერთეული საბრძოლო მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს. მასში მონაწილეობდნენ რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზისა და რუსეთის ეფესბეს სასაზღვრო ნაწილის ჯარისკაცები. ოკუპირებული რეგიონის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი, რუსეთში წავიდა და პუტინსა და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ ლიდერებთან ერთად სამხედრო აღლუმს მოსკოვში, წითელ მოედანზე, დაესწრო, ცხინვალში გამართულ აღლუმს კი რუსეთიდან ჩამოყვანილი გენერალი, დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიქტორ ფეოდოროვი ხელმძღვანელობდა.

ამასობაში ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. Covid 19-ით ძირითადად რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტები და სამხედრო მოსამსახურეები ავადდებიან, დღეს კი ისინი აღლუმში მონაწილეობდნენ. ამან კიდევ უფრო შეაშფოთა ადგილობრივი საზოგადოება, რომელმაც ასევე კარგად იცის, რომ ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სისტემა მძიმე მდგომარეობაშია და ახლა ეს აღლუმები საზეიმო განწყობების ნაცვლად შიშს უფრო თესავს.

ასევე ნახეთ ცხინვალში კორონავირუსი ისევ რუსეთიდან დაბრუნებულ კურსანტს აღმოაჩნდა

ეპიდემიის გავრცელების შიშით ბევრი ცხინვალელი დღეს ქუჩაშიც არ გასულა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა წყარომ აცნობა.

„ვითომ შეზღუდვები აქვთ დაწესებული და ამდენი ხალხი პარადზე გამოიყვანეს. ყოველდღე ვისმენთ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფიქსირდება და ესენი მასობრივ ღონისძიებებს ატარებენ. იმ პარადზე ერთი უსიმპტომო კურსანტი რომ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ორ კვირაში და მერე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? ამ მთავრობას ხალხი არ ადარდებს, არა. ცხინვალში ერთი პატარა საავადმყოფოა და ის ვერ გაუძლებს დატვირთვას. პატრონიანებს, ალბათ, რუსეთში გადაიყვანენ და აქ ისევ უბრალო ხალხი დაზარალდება“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო და განმარტავს, რომ ქალაქი უკვე შიმშილის პირასაა.

„აქ მხოლოდ სანახაობაა, პური აღარ არის. რუსეთთან საზღვრის გახსნა 31 ივლისამდე გადადეს, მაგრამ ვინც ბიბილოვთან ახლოსაა, მათთვის გახსნილია საზღვარი და თავისუფლად მოძრაობენ. სოციალურ ქსელში უკვე დიდი პროტესტია. მცირე მეწარმეებს პროდუქტები ვერ შემოაქვთ, მსხვილ გადამზიდავებს კი ოთხჯერ გაძვირებული პროდუქცია შემოაქვთ. წარმოიდგინეთ, კიტრი 100 რუბლი ღირს (4,5 ლარი) პომიდვრის ფასი 150 რუბლიდან (6,5 ლარი) იწყება. როგორ უნდა ვიარსებოთ? ყველა პროდუქტი 4-ჯერაა გაძვირებული. ხალხი გზის გახსნას ითხოვს, ეს გზა კი მხოლოდ მონოპოლისტებისთვისაა გახსნილი“.

სამხედრო აღლუმი ცხინვალში

კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, ცხინვალის ხელისუფლება საკუთარ ხალხს რუსული პოლიტიკის მძევლად აქცევს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია პუტინს ასიამოვნოს, ვიდრე მოსახლეობა იყოს დაცული:

ბიბილოვის ქმედება პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მაამებლობას და ამ მაამებლობით უნდა, რომ თავისი ხალხი სიტუაციის მძევლად აქციოს, რაც მიუღებელია. ცხინვალში არ არის ეპიდსიტუაციის უსაფრთხოება იმ დონემდე, რომ მოსახლეობა დაცული იყოს ვირუსის გავრცელებისაგან. მით უმეტეს, შემთხვევები მრავლდება და გაიხსნა ასევე საზღვარი რუსეთთან, საიდანაც ძირითადად დაინფიცირებული ადამიანების შემოდინება ხდება და ეს ცხინვალს ეპიდაფეთქების წინაშე აყენებს, რისიც თვითონ მოსახლეობას ეშინია და წინააღმდეგია ამ აღლუმის. მოსახლეობა ამ შემთხვევაში რუსული პოლიტიკის მძევლად რჩება“.

სოციალურ ქსელში ცხინვალელების პროტესტი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ბიბილოვის მთავრობამ ბიზნესსაქმიანობაში ჩარევა დაიწყო. დე ფაქტო პროკურატურისა და საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები მაღაზიებში შედიან და ფასების ვითომ დარეგულირებით არიან დაკავებული. გარდა ამისა, იმ სატვირთო მანქანების მძღოლებს, ვისაც პროდუქცია რუსეთიდან ცხინვალში შეაქვს, ინდმეწარმეებად რეგისტრაცია და გადასახადის გადახდა მოსთხოვეს, ამის მიზეზად კი მათ მიერ გაძვირებული გადაზიდვები დაასახელეს. დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა, რომლის თქმითაც, საკარანტინო შეზღუდვების დროს მომუშავე მძღოლებმა გადასახადი ორ-სამჯერ გაზარდეს, კატეგორიულად მოითხოვა ამ მძღოლების საგადასახადო სამსახურში რეგისტრაცია, თუმცა აქ ერთი კურიოზული შემთხვევაა: ეს მძღოლები საგადასახადოში ინდმეწარმედ რეგისტრაციისთვის ვერ მივლენ, რადგან, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, მათ მანქანებიდან გადმოსვლა ეკრძალებათ. საჭმელს მანქანაშივე აწვდიან და ტრაილერების ჩამოტვირთვის შემდეგ ისინი ისევ რუსეთში ბრუნდებიან. გარდა ამისა, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტების თქმით, თუ ამ მძღოლებმა დამატებითი გადასახადების გადახდა დაიწყეს, მათ მიერ შეტანილი პროდუქცია კიდევ უფრო გაძვირდება, ამიტომ ისინი გამოსავალს ე.წ. საზღვრის გახსნასა და მცირე საწარმოების ამუშავებაში ხედავენ, რის შემდეგაც ფასს ბაზარი დაარეგულირებს. ბოლო გადაწყვეტილებით, რუსეთთან ე.წ. საზღვარი 31 ივლისამდე არ გაიხსნება. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ამ დროის განმავლობაში მედიკამენტებსა და სასურსათო პრუდუქციაზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.