ცხინვალელმა ექიმმა სამსახურში მორიგეობაზე უარი თქვა

„მოგახსენებთ, რომ მე უარს ვამბობ გამოვიდე სამორიგეოდ, რადგან COVID-19 -ის გამო შექმნილი კარანტინის დროს არ არსებობს დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, ნიღბები, ხელთათმანები, სათვალები, თავდაცვითი კომბინეზონები“, - ეს განცხადება ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, ვლადისლავ ვალიევმა, ამავე საავადმყოფოს დირექტორის, კოკოევის, სახელზე დაწერა. განცხადების ასლი, რომელსაც კანცელარიის ბეჭედიც აზის, რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა წყარომ გამოუგზავნა.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ექიმ ვალიევის პროტესტს იზიარებენ და ხელისუფლებას საავადმყოფოების აღჭურვისკენ მოუწოდებენ. ვალიევის გარდა, ცხინვალის საავადმყოფოებში აპარატურის, აღჭურვილობისა და კადრების დეფიციტის შესახებ სხვა ექიმებიც ლაპარაკობენ. სააგენტო „რესი“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ რეანიმატოლოგ ალექსანდრ პლიევის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ექიმი დაუფარავად ამბობს, რომ საავადმყოფოს სახარჯი მასალების დეფიციტი აქვს. ფილტვის ვენტილაციის აპარატები სამუშაო მდგომარეობაშია, მაგრამ სპეციალისტები არ ჰყავთ. პლიევის თქმით, დამატებით პრობლემას ისიც ქმნის, რომ რუსეთის ფედერაციამ ქვეყნიდან სამედიცინო მასალების გატანა აკრძალა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, საავადმყოფოებში რთული ვითარებაა შექმნილი, ქირურგ ვალიევის განცხადება კი სოციალურ ქსელში უკვე ვირუსულად ვრცელდება და ეს უფრო ძაბავს საზოგადოებას.

„ვალიევის განცხადება სამართლიანია. უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება, თორემ ეპიდემიის პირობებში, პირველ რიგში, ექიმები იქნებიან დასაცავი, დაუცველი ექიმები კი ჩვენ, მოქალაქეეებს, რას გვიშველიან? შემაშფოთებელი იყო იმ კადრების ნახვა, როცა პრეზიდენტი ბიბილოვი და მინისტრი ტოტჩიევი საავადმყოფოში მივიდნენ. პრეზიდენტს ერთჯერადი ხალათი კი ჩააცვეს, მაგრამ ტოტჩიევს ერთჯერადი ცელოფნის მოსასხამი ჰქონდა წამოხურული, თითქოს წვიმაში რომელიმე საფეხბურთო მატჩს ესწრებოდა. ასეთი მოსასხამები სტადიონებთან იყიდება ხოლმე წვიმის დროს. ექიმებს კი პირბადეებიც არ ეკეთათ და მრავალჯერად თეთრ ხალათებში იყვნენ. სირცხვილია ასეთი დამოკიდებულება, რატომ აქამდე არ იფიქრეს კლინიკებისა და მედპერსონალის აღჭურვაზე? ახლა დაწერეს, რომ რეზერვებიდან საავადმყოფოებს 5 ათასი პირბადე გაუგზავნეს. ერთჯერადი პირბადეები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაშია მხოლოდ ვარგისი, ერთ კვირასაც არ ეყოფათ. მოკლედ, მძიმე მდგომარეობაში ვართ და ამას ისიც ემატება, რომ აფთიაქებში სპირტი, პირბადე და უკვე პარაცეტამოლიც აღარ იშოვება. რით დავიცვათ თავი?“ - გვეუბნება ცხინვალელი წყარო.

ცხინვალში უკვე სერიოზულად აშფოთებთ ვლადიკავკაზში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდა. ბოლო მონაცემებით, იქ ოთხ ადამიანს დაუდგინდა დაავადება.

„ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია, შეთავაზებებს არ იზიარებს“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ასევე ნახეთ ანატოლი ბიბილოვი ექიმს, განცხადების გამო, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა

მინისტრის განმარტებით, ერთადერთი ორგანიზაცია წითელი ჯვარია, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, სრული იზოლაციის პირობებში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

„ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია, და ამაზე ვმუშაობთ კიდეც ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც, ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში, გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს“, - აცხადებს ციხელაშვილი.

ციხელაშვილის არაერთი შეთავაზების პასუხად სპეციალური განცხადება გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა.

„შეწყვიტეთ თვითრეკლამაზე მუშაობა, იზრუნეთ თქვენს შიდა საქმეებზე!“ - ნათქვამია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის, განცხადებაში.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები COVID-19-ის თემის გარშემო პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევიან.

,,თუ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რამდენად მკვეთრად გაიზარდა ოსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევის ფაქტები და, შესაბამისად, გაიზარდა გადამტანთა რაოდენობა, ჩვენ შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა ვითარდება მეზობელ ქვეყანაში“, - თქვა მედოევმა.

მისი განმარტებით, საქართველოდან ხალხი გაქცევას ცდილობს, რათა ვირუსისგან თავი დააღწიოს:

მედოევი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში ვითარება მკაცრი და საიმედო კონტროლის ქვეშაა:

„საქართველოს სპეცსამსახურების ყველა მცდელობა სამხრეთ ოსეთში პრობლემის ექსპორტისთვის, განწირულია წარუმატებლობისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ინფექცია სამხრეთ ოსეთში შემოვიდეს საქართველოდან!“ - თქვა მედოევმა.

ასევე ნახეთ ცხინვალმა რუსეთთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

სტატისტიკა კი სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ბოლო თვეებში ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ცხინვალიდან ყველაზე ხშირად ქართულ კლინიკებში სამედიცინო სერვისის მისაღებად გადმოდიან. მედოევის განცხადებების უკვე აღარ სჯერათ თვითონ ცხინვალშიც. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ღიად ლაპარაკობს დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილ პრობლემებზე.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკა მზად არ არის ეპიდემიისთვის, რომელიც შესაძლოა აქ დაიწყოს. საავადმყოფოს სასუნთქი აპარატები არა აქვს საკმარისი რაოდენობით. ათი ცალი, რომლის შესახებაც მთავრობა აცხადებს, არაფერია. აფთიაქებში ნიღბების შოვნა წარმოუდგენელია. როცა ზღურბლზე ასეთი გლობალური პრობლემაა, როგორც წესი, ადამიანები ერთმანეთის დასახმარებლად ერთიანდებიან. ეს ჩვენს ბიზნესმენებსაც ეხებათ, რომლებსაც შეეძლოთ აპარატები ეყიდათ საავადმყოფოებისთვის. მე მახსოვს, ჩვენს საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ ექიმებისთვის ხელთათმანები და სპირტიც კი არ იყო. ჩვენ ვიყიდეთ სპირტი, ოპერაცია რომ გაეკეთებინათ. ეს იყო იანვრის შუა რიცხვებში. ახლა არ ვიცი, იქ როგორაა. მე თვითონ შევეჯახე ამ პრობლემას და საწინააღმდეგოს ნურავინ მეტყვის“, - ამბობს პოლიტოლოგი დინა ალბოროვა.

ცხინვალში ვითარება რთულია. ოკუპირებული რეგიონისა და რუსეთის მედიაპროპაგანდა და, ამასთანავე, ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებას მთავარ საფრთხედ ისევ საქართველოს წარმოუდგენს, თუმცა ვისაც ალტერნატიულ რესურსებზე წვდომა აქვს, კარგად აცნობიერებს, საფრთხე საიდან მოდის. ცხინვალში უკვე ღიად ლაპარაკობენ შიდა პრობლემებზე.