„ცუდი ფიქრები მაქვს“ - ვუსმენთ ჩვენს შვილებს, როცა მათ უჭირთ?

რა აწუხებთ დღეს მოზარდებს, რატომ უჩნდებათ სახიფათო ფიქრები, რაც არცთუ იშვიათად თვითდამაზიანებელ ქმედებაში გადადის?

„დედა, ცუდი რამე გამეფიქრა, მითხრა და ატირდა. მაშინ მივხვდი, რომ თან საშინლად გამიმართლა, რომ მენდო და ჩემთან ამაზე ალაპარაკდა და თან სასწრაფოდ რამე უნდა მეღონა, რადგან არ ვიცოდი, როგორ მეშველა. ჩემი შვილი მაშინ 13 წლის იყო. იმ წამსვე ნაცნობი ფსიქოლოგის ნომერი ავკრიფე და დახმარება ვთხოვე“, - ეს ექვსი წლისწინანდელი ამბავია, რომელიც ჩემს რესპონდენტს, ირმა გ-ს დღემდე მტკივნეულად ახსოვს.

ამბობს, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც ასეთ დროს მოზარდების მშობლებს შეუძლიათ, მათი ყურადღებით მოსმენა და პირველსავე საგანგაშო ნიშანზე რეაგირებაა.

„სულ უნდა ვუსმინოთ“, - მეუბნება ირმა.

პანდემიის დროს ბევრჯერ გამოითქვა ვარაუდი, რომ ლოკდაუნი სახლში გამოკეტილ მოზარდებს არაერთ ფსიქიკურ პრობლემას დაუტოვებდა. ამაზე ჩვენც ბევრი ვწერეთ - ფსიქოლოგები ამბობდნენ, რომ სირთულეები წლების მერე იჩენდა თავს.

ასევე ნახეთ ეს მხოლოდ "აისბერგის წვერია" - როგორ ანგრევს COVID-19-ის პანდემია ბავშვების ფსიქიკას

მშობლები ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ჩიოდნენ, რომ მათი შვილები ვერ მეცადინეობდნენ, ეძინებოდათ, ხშირად იწვნენ, მოწყენილები ჩანდნენ. პანდემია დასრულდა, ბავშვები ძველი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდნენ, მაგრამ ეს დაბრუნება არ აღმოჩნდა ადვილი.

„კვირა ისე არ გავა, რომ ერთმა მშობელმა მაინც არ მომწეროს და მითხრას, რომ მის მოზარდ შვილს პრობლემა აქვს, - გვიყვება ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი, - ან სუიციდის მცდელობა ჰქონდა, ან მშობელმა შეატყო, რომ მოზარდი ამაზე ლაპარაკობს, წერს. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოზარდებში გახშირებულია თვითდაზიანებაზე ფიქრი და ზოგჯერ, ამის მცდელობაც“.

პირველი სიგნალები

როგორც წესი, სუიციდის მცდელობას წინ შველის თხოვნა უსწრებს, ძახილი - ე.წ. Cry for help. ფსიქოლოგი გვიყვება, რომ შველას მოზარდები სხვადასხვა ფორმით ითხოვენ: ან მეგობარს უზიარებენ დარდს, ან სადმე წერენ და ამ ჩანაწერს ვინმე პოულობს, შეიძლება ისინი საშიშმა ჩანახატმა გათქვას და საბოლოოდ, ეს სიგნალი მშობლებამდე აღწევს. ხშირად სწორედ მშობლები იწყებენ გამოსავლის ძიებას.

თამარ თანდაშვილი

რა აწუხებთ დღეს მოზარდებს, რატომ უჩნდებათ სახიფათო ფიქრები, რაც არცთუ იშვიათად თვითდამაზიანებელ ქმედებაში გადადის?

თუ რამდენიმე წლის წინ, მოზარდებში ასეთი ფიქრების მოძალების მიზეზი, არცთუ იშვიათად, სექსუალური ან სხვა სახის ფიზიკური ძალადობა იყო, დღეს მიზეზების არეალი უფრო ფართოა და, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ეს თანამედროვე ცხოვრებამ და უპირველესად, იმან მოიტანა, რომ გადავწყვიტეთ, ჩვენი შვილები გავზარდოთ ძალიან წარმატებულებად, რა დროსაც მათ ბავშვობას ვართმევთ.

ძალიან ხშირად მოზარდებში სუიციდის მცდელობის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი თვითმიუღებლობაა.

ისინი ხშირად ამბობენ:

„მე ჩემს მშობლებს იმედი გავუცრუე“.

„წარმატებას ვერასდროს მივაღწევ და წარუმატებელი ცხოვრება რად მინდა?"

„თუ საუკეთესო უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი, რა აზრი აქვს?“

მე თუ არ ვიქნები, მერე რა? ჩემით რა დააკლდება ამ სამყაროს?

„ბოლოს და ბოლოს, რამეზე ხომ უნდა ჩამოვყალიბდე? - მეუბნება ამას წინათ ერთი. რამდენი წლის ხარ? - ვეკითხები. 19-ის, მპასუხობს. გულში ვფიქრობ, ხოლმე, რატომ. რატომ?“, - ამბობს თამარ თანდაშვილი.

მოზარდები ნერვიულობენ, როცა ვერ ამართლებენ მათ მიმართ არსებულ მოლოდინს, რომ პირველები უნდა იყვნენ. მუდამ უნდა ბრწყინავდნენ.

მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სწავლის პირველი 4 წელი, შესაძლოა, უბრალოდ მაძიებლები იყვნენ. მერე ეწყებათ ნებისყოფასთან ჭიდილი - „იქნებ გავქაჩო“. და თუ მაინც არაფერი გამოდის:

„ააა, ასეთი უნდა იყოს ჩემი ცხოვრება? არ მინდა. მერე მოდის დეპრესია, უიმედობა და ძალიან ხშირად ნარკოტიკებიც. "ბედნიერების" წყაროს აკრძალულ ზონაში ძებნა“.

ეს გზა ხშირად ცუდად მთავრდება. როგორც ამ მოზარდის შემთხვევაში, რომელმაც სუიციდი სცადა.

"ეს ჩემი არჩევანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა სხვები რას იტყვიან?"

ამბავი #1 - მშობლების ოცნების ახდენა?

„საოცნებო უნივერსიტეტია. უცხოეთის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი. ჩემმა მშობლებმა ჩემს განათლებაში ბევრი ფული გადაიხადეს. თან ჩემი აქ მოხვედრის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. ყველა აღფრთოვანებული მიყურებს. მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ეს ჩემი არჩევანი არასოდეს ყოფილა. არავის უკითხავს, მე რა მინდოდა. როცა სხვა ფაკულტეტზე გადასვლა მოვინდომე, დედამ და მამამ მითხრეს, ბარემ ბოლომდე მიიყვანეო. გადასვლა კიდევ რომ ვახსენე, საშინელი წინააღმდეგობა გამიწიეს. მე კი ვერ ვუმკლავდები. არ მაინტერესებს. ცუდ ნიშნებს ვიღებ. ნარკოტიკების მიღება დავიწყე. რას იტყვიან სხვები? არ ვიცი, რა ვქნა“.

- ამ დროს მშობლები რას ფიქრობენ? - ვკითხე თამარ თანდაშვილს.

- ისინი ამბობენ: მე ყველაფერი მივეცი ჩემს შვილებს, ყველაფერი მოვიკელი, ელიტურ კოლეჯში გავუშვი... მშობლები ხშირად ცდილობენ, მათი აუხდენელი ოცნებები შვილებმა აიხდინონ. ავიწყდებათ, რომ ეს ოცნება მათ არ უნდა აიხდინონ. ამ ბავშვებს არ უნდა ვუთხრათ 18 წლის ასაკში, რომ სწორედ ამ დროს უნდა დაიწყონ იმის კეთება, რის კეთებაშიც დაბერდებიან და წლების მერე გარდაიცვლებიან.

- კიდევ რა არის ის მიზეზი, რის გამოც ბავშვებს ეს „ცუდი ფიქრები“ უჩნდებათ?

- ბულინგი. ჩაგვრა. როცა ბავშვს რაღაც ნიშნით გამოარჩევენ და ამოიჩემებენ სკოლაში. ასეთ ბავშვებს ხშირად აწუხებთ სუიციდალური ფიქრები.

ამბავი #2 - სხვანაირი

„მეც ვიცი, რომ ერთ ასობგერას კარგად ვერ გამოვთქვამ. რამდენჯერაც რამეს ვიტყვი და ეს ოხერი გამოერევა, ვიცი, რომ მთელი კლასი სიცილს დაიწყებს. ხანდახან მასწავლებელიც მხარს აუბამს ხოლმე. ცდილობს ხუმრობაში გაიყვანოს, მაგრამ ეს ძალიან მწყინს. თან არასოდეს ბეზრდებათ. ყოველ ჯერზე იცინიან. რა იყო, უბრალოდ გეხუმრებითო, მითხრეს. იუმორის გრძნობა არ გაქვსო. მე კი ისე მტკივა გული, ისე, რომ მგონია, გამისკდება. ვინმეს რომ შევჩივლო, იტყვიან, "ჩამშვები" ხარო. ვცდილობ, არ მივაქციო ყურადღება, ვითომ არ მესმის, მაგრამ არ გამომდის. მერე ოთახში ვიკეტები და ვტირი. იქნებ ღირსი ვარ, თორემ მე რატომ გამომარჩევდნენ?“

მოზარდების წრე, დიდებისგან განსხვავებით, უფრო ვიწროა. დიდისთვის ყოველთვის უფრო ადვილია რაღაც შეცვალოს: თუ ერთი ჯგუფი უსამართლოდ მოექცევა, ადგება და წავა, მიატოვებს. ბავშვების სამყარო კი, - გვეუბნება თამარ თანდაშვილი, - ძალიან პატარაა. ისინი ამას ასე სწრაფად ვერ ახერხებენ და სრულიად მარტო რჩებიან.

„ბავშვი რომ სასოწარკვეთაზე გელაპარაკება, ამაზე უარესი მართლა არაფერია დედამიწის ზურგზე“, - ამბობს ფსიქოლოგი.

"ხუმრობააო, მეუბნებიან, მე კი გული ისე მტკივა, მგონია, გამისკდება"

სასოწარკვეთა კიდევ ერთ მიზეზს მოაქვს, რომელსაც თამარ თანდაშვილი, მოზარდებთან მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს. ეს არის თანამედროვე ბავშვების მუდმივი მცდელობა, დაემსგავსონ, მათი აზრით, წარმატებულ ადამიანებს, „იუთუბის“ ვარსკვლავებს. როლურ მოდელებს.

როცა ერთ ბიჭს, რომელმაც სუიციდი სცადა, მამამ ჰკითხა, ნუთუ ასეთი ცუდი მშობლები ვართ, რომ ჩვენგან წასვლა გადაწყვიტეო, შვილმა უპასუხა, 19 წლის ვარ და საკუთარი სტარტაპიც კი არ მაქვსო.

„ეს ბავშვები მართლა ფიქრობენ, რომ 25 წლის ასაკში თუ, მაგალითად, ბინას ვერ იყიდიან თავისი ფულით, მათი ცხოვრებას აზრი არა აქვს. ეს აწუხებთ“.

"მათ როგორ მოახერხეს? მე როგორ ვერ უნდა მივაღწიო?

თამარ თანდაშვილს გამოსავალზეც ვკითხე.

- ორი რამე მგონია, რომ შეიძლება გამოსავლად იქცეს. ერთი, რომ დღეს მშობლად ყოფნა აღარ არის იგივე, რაც იყო ათი წლის წინ. ამიტომ, თუ გინდა შვილი გყავდეს ფსიქიკურად ჯანმრთელი, შენც ექსპერტად უნდა იქცე - ამას თვითგანათლება ჰქვია. მეორე და ყველაზე მთავარი: სკოლებში აუცილებლად, დადგება დრო, როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა გამოცხადდება. ამას ვერ ავიცილებთ თავიდან - ამერიკაში უკვე ბევრგან შემოიღეს მსგავსი გაკვეთილები, სადაც მოზარდები ღიად ლაპარაკობენ თავიანთ განცდებზე. ეს უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ. თან სასწრაფოდ.

დამაიმედებელი პროგნოზი, რომ უკეთესობისკენ რამე შეიცვლება, ვერც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ გვითხრა.

ბრიტანელი კლინიკური ფსიქოლოგის, ტარა პორტერის წიგნიდან მონაცემებიც გაიხსენა, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ თუ 2000 წელს, ბრიტანეთში თვითდამაზიანებელი ქცევა იყო 6%, დღეის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 20%-მდეა გაზრდილი.

„იქაც კი ასეა, სადაც უფრო გამართული სისტემა არსებობს. აქ კი, სადაც სისტემა ბავშვებს საერთოდ ვერ ხედავს, მე, როგორც სპეციალისტი, ამ ვითარების უფრო მეტად დამძიმებას ველოდები. მოზარდებთან მუშაობისას ძალიან დიდ სასოწარკვეთილებას, მარტოობას და მოწყენილობას ვაწყდები. ვინმე ზრუნავს ამ ქვეყანაში, რომ ეს ასე არ იყოს? ხედავს სახელმწიფო ამ ბავშვებს? განსაკუთრებით, მძიმე სოციალური პრობლემების მქონეთ? მხოლოდ მაშინ, როცა ურემი გადაბრუნდება. როცა ის ან საკუთარ თავს შეუქმნის საფრთხეს, ან სხვას - აი, მაშინ ხედავს მათ სახელმწიფო“.

მაია ცირამუა

ყველა მოზარდს, ვისთანაც დღეს მაია ცირამუას მუშაობა უწევს, ერთხელ მაინც ჰქონია სუიციდის მცდელობა, ან უფიქრია ამაზე. ყველაზე ხშირად ისინი სვამენ კითხვას - მე თუ არ ვიქნები, რა. მერე რა? ჩემით რა დააკლდება ამ სამყაროს? რა აზრი აქვს? როცა ისინი ამ შეკითხვას სვამენ, ეს კითხვა ხდება სიგნალი, რომ ყველაფერი რიგზე არ არის.

მაგრამ სანამ ბავშვები ამ კითხვას ამოთქვამენ, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მათ რაღაც უჭირთ? ვკითხეთ მაია ცირამუას.

ამაზე პასუხია, რომ მოზარდი უნდა იყოს ძალიან აქტიური, გული გარეთ, მეგობრებთან მიუწევდეს, თავგადასავლებს ეძებდეს, უნდოდეს ცეკვა, კლუბში წასვლა, ჰქონდეს პროტესტი.

თუკი ხედავ, რომ მოზარდის ოთახის კარი მუდმივად ჩაკეტილია, მეგობრები არ ჰყავს და ამაზე არც კი წუხს, ინტერესები შეუმცირდა და ადამიანებს გაურბის, მას დახმარება სჭირდება. მანამდე, სანამ ის იკითხავს, „რა აზრი აქვს?“

„სხვაა, როცა გაბრაზებული მოზარდი ოჯახს თავისი ოთახის კარს მიუჯახუნებს და სხვა, როცა სახლის კარს. მერე კი წავა და იკარგება. ამიტომ მათ მუდამ გულდასმით უნდა მოვუსმინოთ, რადგან ზოგჯერ ამ ჩიხში მოქცეული ბავშვებისათვის თვითდაზიანება პრობლემის გადაჭრის გზად აღიქმება, რაც, ცხადია, ასე არ არის“, - გვითხრა მაია ცირამუამ.

რას ამბობენ რიცხვები?

ჩავხედეთ სუიციდის და სუიციდის მცდელობების სტატისტიკასაც, რომელსაც საქართველოში ორი სახელმწიფო უწყება ამუშავებს: შსს და საქსტატი.

შსს-ს მონაცემებით, 2022 წელს (იანვარი-ივნისი) საქართველოში სუიციდის და სუიციდის მცდელობის 338 შემთხვევაა დათვლილი.

აქედან დასრულებული სუიციდის 206, ხოლო სუიციდის მცდელობის 132 ფაქტია აღრიცხული.

მათგან 18 წლამდე ასაკის 23-მმა მოზარდმა სცადა სუიციდი, 60-მა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შედარებისთვის - ამავე უწყების წინა წლის, 2021 წლის სტატისტიკით, ქვეყანაში აღრიცხული იყო სუიციდის (467) და სუიციდის მცდელობის (492) სულ 959 შემთხვევა.

მათგან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში სუიციდის 27 და მცდელობის 117 შემთხვევა დათვალეს. სულ - 144.

სუიციდი არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის მხოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში 800 000-მდე ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით.

15-29 წლის ახალგაზრდებში სუიციდი სიკვდილიანობის მეოთხე მიზეზია.

მსგავსი შემთხვევების 77% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხდება.

სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის 2013–2030 წწ. სამოქმედო გეგმით, ჯანმო-ს წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება გლობალური მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს 2030 წლისათვის ქვეყნებში სუიციდის მაჩვენებლის ერთი მესამედით შემცირებას.

მსოფლიოს ათეული, სადაც სუიციდი ყველაზე პრობლემაა

2019 წლის მონაცემებით, რომელიც ბოლო მონაცემია, რაც იძებნება, პირველი ათი ქვეყნის სია, სადაც სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო (ყოველ 100 ათას მოსახლეზე), ასე გამოიყურება:

  • ლესოტო - 72,4
  • გაიანა - 40,3
  • ესვატინი - 29,4
  • სამხრეთი კორეა - 28,6
  • კირიბატი - 28,3
  • მიკრონეზიის ფედერალური შტატები - 28.2
  • ლიეტუვა - 26,1
  • სურინამი - 25,4
  • რუსეთი - 25.1
  • სამხრეთი აფრიკა - 23,5

ერთადერთი დასავლურევროპული ქვეყანა, სადაც თვითმკვლელობათა უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია, არის ბელგია, რომელიც მეთერთმეტე ადგილზეა 100 ათას მოსახლეზე - 18,3 თვითმკვლელობით.

თუმცა, ბელგიას აქვს მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური კანონი ევთანაზიის შესახებ, რაც, სავარაუდოდ, განსაზღვრავს ამ მაჩვენებელსაც.

მსოფლიოში სუიციდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შემდეგ ქვეყნებშია:

  • ანტიგუა და ბარბუდა - 0,4
  • ბარბადოსი - 0,6
  • გრენადა - 0,7
  • სენტ-ვინსენტი და გრენადინები - 1.0
  • სან-ტომე და პრინსიპი - 1,5
  • იორდანია - 1,6
  • სირია - 2.0
  • ვენესუელა - 2.1
  • ჰონდურასი - 2.1
  • ფილიპინები - 2.2

ამ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელია 9.2 - 100 000 მოსახლეზე (მათ შორის, კაცების წილია - 16, ხოლო ქალებისა - 3); აზერბაიჯანის მაჩვენებელია 4.1, ხოლო სომხეთის - 3.3.

რა პოლიტიკა აქვს საქართველოს?

ჯანდაცვის სამინისტროში მოვიკითხეთ, როგორია საქართველოში სუიციდის პრევენციის პოლიტიკა. არსებობს თუ არა ცხელი ხაზი, სადაც კონკრეტულად ამ პრობლემის მქონე მოზარდები ან მათი მშობლები შეძლებდნენ დახმარების მიღებას - მაგალითად, ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციას.

პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. დავრეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05-ზე. ოპერატორმა შემოგვთავაზა მეურვეობის და მზრუნველობის სააგენტოში გადამისამართება, სადაც, მისი თქმით, „სოცმუშაკს გამოგვიყოფდნენ“.

სუიციდის პრევენციის პოლიტიკა და კანონმდებლობა 2022 წლის გაზაფხულზე შეისწავლა არასამთავრობო ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ და ანგარიშიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ როგორც პოლიტიკის განსაზღვრის, ისე სერვისების შეთავაზების მხრივ, საქართველოს ბევრი გადაუჭრელი პრობლემა აქვს. მაგალითად:

  • განსაზღვრული არ არის სუიციდისა და სუიციდის მცდელობების აღრიცხვისა და რეგისტრაციის სანდო სისტემა.
  • არ არის იდენტიფიცირებული ერთი პასუხისმგებელი უწყება, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების პროცესს.

ამავე კვლევის მიხედვით, 2014 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შემუშავდა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი იყო „სუიციდის პრევენციის პროგრამის შემუშავება“, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყანაში მსგავსი ტიპის დოკუმენტი არ შექმნილა (გამონაკლისია მხოლოდ პენიტენციური სისტემა, რომელმაც დამოუკიდებლად შეიმუშავა ასეთი პროგრამა).

2021 წელს, შეიქმნა 2021-30 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიაც, თუმცა ამ ეტაპზე იქიდან საერთოდ ამოღებულია სახელმწიფო უწყებების ეს ვალდებულება.