ცომგამოცლილობა

გვიყვარს ხაჭაპური, ყველისა და ცომის მაღალკალორიული კომბინაცია, ენდორფინების შადრევანი, რომელიც პრიზმაში გატარებული სინათლის მსგავსად იშლება სპექტრის იმერულ, მეგრულ და აჭარულ კომპონენტებად. ხაჭაპური, თავისი მშვიდობიანი, უსისხლო ინგრედიენტებითა და თვლემაში გარდამავალი ნეტარებით, ყველაფერთან შეიძლება ასოცირდებოდეს, მაგრამ არა ძალადობასთან. ხაჭაპურის რბილ ცომსა და წელია ყველში ყველაზე მძაფრი და ნეგატიური ემოციებიც კი ეფლობა და ცხრება.

ამიტომ გგონია, რომ სახაჭაპურეც მშვიდობის ერთგვარი ტერიტორია და ძალადობისგან თავისუფალი სივრცეა, სადაც ერთმანეთთან ბრძოლით დაღლილი ადამიანები თავიანთი წილი ბედნიერების დასაღეჭად მიდიან. ერთადერთი, რამაც შეიძლება გუნება გაუფუჭოს სახაჭაპურის სტუმარს, კილოკალორიების რაოდენობაა, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის მოუსვენარმა ხელმა ეს საფიქრალიც მოხსნა ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურის სახით. მართალია, კვლავინდებურად სახეზე თუ თეფშზეა უზომოდ ბევრი კილოკალორია და Junk food-ის ყველა ელემენტი, მაგრამ თავს ასე უფრო იოლად ვიმშვიდებთ, ვიტყუებთ...

ძალიან მოხერხებული რამ აღმოჩნდა ეს ცომგამოცლილობა, ზუსტად მოერგო ჩვენს ხასიათსა და ცხოვრების წესს. ხაჭაპურის გამოგონებაში კიდევ შეიძლება მოგვედავონ სხვა ერები, მაგრამ ცომგამოცლილობის სამშობლო უცილობლად საქართველოა, ცომგამოცლილობა ჩვენი ცხოვრების წესი, modus vivendi-ა.

ბათუმის ის სახაჭაპურეც, რომელიც განთქმული იყო თავისი ცომგამოცლილი ხაჭაპურით და ბოლო დღეები ყურადღება ძალადობის კადრებით მიიქცია, ცომგამოცლილობის ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ.

სახაჭაპურეში არ ელოდები ჩაგვრასა და ძალადობას, გგონია, რომ კეთილდღეობის ამ სივრცეში ურთიერთობები სახაჭაპურე ცომივით რბილი და ელასტიკურია, მაგრამ, თურმე, განსხვავება სხვა ბიზნესებისგან დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ხაჭაპურსა და ცომგამოცლილ ხაჭაპურს შორის.

ასევე ნახეთ "რეტრო" და "რესტრო 2" შრომის ინსპექციამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ცომგამოცლილობა პირველ რიგში თავის მოტყუება, ფორმალურის შინაარსზე ზეიმი და, შეიძლება ითქვას, ილუზიაა, თითქოს, მარტივად, ხელის ერთი მოსმით შეიძლება რაღაცის თვისებრივად შეცვლა.

რაში ჩანს ჩვენი ცომგამოცლილობა?

ცომგამოცლილობაა, როცა ოკუპანტს ისე ექცევი, როგორც ძვირფას სტუმარს ანუ, როცა ფორმით კარგი, ცომგამოცლილი ხაჭაპური ხარ (ვაჟას სტუმარ-მასპინძელს ეფარები), მაგრამ შინაარსით ცომით სავსე კოლაბორაციონისტი გამოდიხარ.

ცომგამოცლილობაა, როცა კლანის წევრსა და რესტორნების სალახანას (ცომიანს) მანტიას ასხამ და მოსამართლედ (ცომგამოცლილად) ასაღებ.

ცომგამოცლილობაა, როცა კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობ (ცომგამოცლილი პოლიტიკოსი), მაგრამ არაფორმალურ მმართველს ემორჩილები (აფუებული მორჩილი უმრავლესობა).

ცომგამოცლილობაა, როცა სწორ განცხადებებს აკეთებ და არასწორად იქცევი; ცომგამოცლილობაა, როცა ფორმალურად გამოხატვის თავისუფლების მომხრე ხარ, მაგრამ სუფთა ფურცლების გამო აკავებ; როცა ოკუპაციას გმობ, მაგრამ ოკუპანტს საჰაერო და ყველა სხვა სახის კარს უხსნი.

ცხადია, სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო ალბათ ევროკავშირთან ურთიერთობისას გამოვლენილი ცომგამოცლილობაა. ბრიუსელის მიერ ჩვენ წინაშე დაყენებული 12 საკითხი სხვა არაფერია, თუ არა არსებითი, შინაარსობრივი ცვლილებების (რეფორმების) გატარების მოთხოვნა, თუმცა, ყველა ნიშანი სახეზეა, რომ ჩვენ კვლავინდებურად ცომის გამოცლით ვცდილობთ გაკეთილშობილებას, თანაც შიგადაშიგ მუქარასავით მივანიშნებთ, რომ აქვე გვყავს რუსეთი, რომელიც ცომიანადაც კარგად მიგვირთმევს.

იტყვით, რომ ეს უკვე ტვინგამოცლილობაა?

გამოდის, ბევრად უარესად ყოფილა საქმე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.