ცემენტის მწარმოებლებმა სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია გადადეს

კასპის ცემენტის ქარხანა

ცემენტის მწარმოებლებმა გადადეს 29 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

„ყველაფრის მიუხედავად, დაველოდებით ხელისუფლების კეთილ ნებას“, უთხრა რადიო თავისუფლებას რუსთაველმა გიორგი მაისურაძემ, რომლის საწარმო „ჯეობილდერცემენტი“ ერთ თვეზე მეტია გაჩერებულია, საბაჟო ტერმინალში კომპანიის კუთვნილი კლინკერის დაყოვნების გამო.

ასევე ნახეთ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები საპროტესტო აქციას გამართავენ

რუსთავსა და კასპში მოქმედი 30-მდე საწარმოს მფლობელებმა 27 აგვისტოს გაავრცელეს ანონსი, რომ 29 აგვისტოს, 12 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებას გამართავდნენ, ცემენტის საწარმოებლად აუცილებელი ნედლეულის - კლინკერის - იმპორტის საბაჟოზე შეფერხების გამო.

მე ხელთ მაქვს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩემ მიერ შემოტანილი ნედლეული შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და ხარისხით სჯობია „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ წარმოებულ კლინკერს.
გიორგი მაისურაძე

განცხადებაში წერია, რომ მათ ხელისუფლებასთან „კონსტრუქციული ურთიერთობის“ ყველა გზა სცადეს - მიმართეს პრემიერს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ბიზნესომბუდსმენს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პრობლემა რეალურია. მწარმოებლებმა დაპირებაც მიიღეს, რომ მთავრობა გადაჭრიდა მათ პრობლემებს, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ.

გიორგი მაისურაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საბაჟო ტერმინალში ნედლეულის დაყოვნების მიზეზად მისი ხარისხის კონტროლი და სტანდარტებთან შეუსაბამობა დაასახელეს.

„ჯერ ერთი, კლინკერის ხარისხზე მოქმედი სტანდარტი ხელისუფლებას შემუშავებული არ აქვს; მეორეც, მე ხელთ მაქვს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩემ მიერ შემოტანილი ნედლეული შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და ხარისხით სჯობია „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ წარმოებულ კლინკერს“, თქვა გიორგი მაისურაძემ და დასძინა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესაც აჩვენა.

„ლექვინაძე არაფერს აკეთებს, მან მოგვატყუა“, თქვა მაისურაძემ, „ჯეობილდერცემენტის“ მფლობელმა.

ცემენტის რუსთაველ მწარმოებლებს პრეტენზიები აქვთ „ჰაიდელბერგცემენტთანაც“, რომელიც, მათივე განცხადებით, უარს ამბობს კლინკერის მიყიდვაზე. ნედლეულის დეფიციტის გამო, რუსთავის ცემენტის მწარმოებელი თითქმის ყველა მცირე საწარმო თვეზე მეტია გაჩერებულია ან მუშაობს მინიმალური დატვირთვით